Digest Logo

„ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი, წიგნი უნდა წამეკითხა“ - გიორგი კეკელიძე

1749185875
გიორგი კეკელიძე

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მამა გახდა. წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა. გიორგი სოციალურ ქსელში მამობრივი სტატუსების პარალელურად მის საქმიანობასაც არ ივიწყებს და ამჯერად წიგნიდან „წერილები ჩემი ბავშვობიდან“ მორიგი ამონარიდი გაავრცელა:

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. ეს არ ყოფილა უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე ყოფილა. არც მწუხარება ყოფილა და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება.

სადღაც შუაში ვიყავით გაჩხერილები მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში – ნაკლეიკებით და რუმინეთიდან ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ კევს ვღეჭავდით და ვბერავდით. მაგრამ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულებოდა იმ დროს – საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იმავე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები და იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში – ძალიან იგივე.

მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებით და თავგადასავლებით სავსე არდადეგებზე.

სიახლეებით და გაკვირვებით სავსე არდადეგებზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან უფრო ზუსტად, ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მოხდებოდა.

ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელთბილი ბავშვობა დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით – საზაფხულო არდადეგებით.

კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი. წიგნი უნდა წამეკითხა. ცაზე ღრუბლების მეზობლების ცხვირებისთვის მიმსგავსება მალე გბეზრდება. წიგნის ყდაზე ჭიანჭველების წვალებაც. ხანდახან თვითმფრინავის გუგუნი ისმის. თითქოს ღრუბლებს თავი სტკივათ. ამ დროს ეგ არის, რომ ხმა სხვა მხრიდან მოდის, თვითმფრინავი კი სხვაგანაა. თვალს ძნელად მოჰკრავ. გამოცვივდებიან მეზობლები: „ტრანტალიოტი, ტრანტალიოტი!“ – და რა გასაკვირია, რომ ვერც ისინი ხედავენ.

მე ეს ხმა მგონია ყველაზე მისტიკური აქამდე ყურმოკრულთაგან. მინიშნებების ძნელად მჯერა, თორემ ვიტყოდი: რაღაცის კარნახი, ამოუცნობის. წუხელ შუაღამემდე ფანჯარასთან ვიჯექი და ამ ხმაზე ვფიქრობდი. აქ არასდროს გამიგონია, ეტყობა სხვა ხმები ფარავს“,- წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თავს უბედნიერეს და იღბლიან ადამიანად ვთვლი ყველა ასპექტში, რომ თქვენთან შემახვედრა“ - ვაჩე ღვინიაშვილის მილოცვა ლანა ქუთათელაძეს

🎥 თაკო მელიქიშვილი ივნისის ორ მნიშვნელოვან თარიღს ასახელებს, როცა სახლიდან ძველი ნივთები უნდა მოვიშოროთ

როგორ გაარჩიოთ წინასწარმეტყველური სიზმარი რიგითი სიზმრისგან