ვარლამ წიკლაური უკვე ახალციხის მერია. მრავალწლიანი ჟურნალისტური კარიერის შემდეგ, ვარლამის ცხოვრებაში ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა.
ვარლამ წიკლაური: ახალციხეში თავს სახლში ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წელი აქ არ მიცხოვრია, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არსად წავსულვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძველი დრო დაბრუნდა ახალი ამპლუით. ახალი სტატუსით ჩემს ქალაქზე მეტი ფიქრი და ზრუნვაა საჭირო და ასეც მოვიქცევი. ცოტა ნოსტალგიური მომენტიცაა. მთელი ბავშვობა ახალციხეში მაქვს გატარებული და ყველაფერი მახსენდება. ამ პერიოდში ჩემი ბავშვობის მეგობრებს რომ ვხვდებოდი, ძალიან ბევრ ისტორიას ვიხსენებდით. არ არსებობს უბანი და ქუჩა, რომელთანაც მოგონებები არ გვაკავშირებს.
წინასაარჩევნოდ აქ რომ ჩამოვედი, მანქანა დავაყენე და ფეხით დავიწყე გადაადგილება. ეს პიარისთვის არ გამიკეთებია. ჩემი დიდი სურვილი იყო ყველა ქუჩა და კენჭი შემეგრძნო, ყველა მოგონება გამეცოცხლებინა. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ მერის სამუშაო გარემო მხოლოდ კაბინეტით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მერს აქტიური კავშირი უნდა ჰქონდეს ხალხთან და როცა ფეხით დადიხარ და გზაზე ადამიანებს ხვდები, ბევრი პრობლემის შესახებ უშუალოდ მათგან იგებ, ბევრსაც თვითონ აწყდები. საკუთარ თავზე უნდა გამოცადო აბსოლუტურად ყველა პრობლემა და შესაბამისად, გამოსწორებაზე ზრუნვა უკეთ გამოვა. თავიდან ცოტა უკვირდათ, რატომ დადიხართ ფეხითო, მეც ვუხსნიდი, რომ ეს თან ჯანსაღი ცხოვრების წესია, თან სასიამოვნო პროცესი და თან ასე უკეთ შევიგრძნობ პრობლემებს.
– როგორ მიიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში ჩართვის შესახებ?
– პირდაპირ გეტყვი, დაუფიქრებლად დავთანხმდი – არ მივდიოდი უცხო ადგილზე, ამ ნაბიჯით ჩემს სახლში დავბრუნდი. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ახალციხე ყოველთვის ჩემთან იყო. ყოველთვის მინდოდა, ჩვენი ქალაქი განსაკუთრებული ყოფილიყო, ისეთი, როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა. როდესაც ამ თემაზე დაიწყო საუბარი, არც კი დავფიქრებულვარ. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში მუშაობა ჩემი ოცნება იყო – ყოველთვის მესიზმრებოდა როგორ ვაღებდი კარს, როგორ შევდიოდი ტელევიზიაში, ეს ნაბიჯი თამამად გადავდგი, რადგან განცდა, რომ ჩემს ქალაქში დავბრუნდებოდი, ყოველთვის მქონდა. აქაურობასთან ბევრი რამ მაკავშირებს, აქ გატარებული წლები, ბებია, ბიძები, დეიდები, მამის საფლავი – ეს კავშირი ძალიან ღრმაა, მაგრამ ამ სტატუსით თუ დავბრუნდებოდი, ამას ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი.
– პოლიტიკა საკმაოდ რთული სფეროა. შენს გადაწყვეტილებას ბევრი ნეგატივი ახლავს, ბევრი კრიტიკული კომენტარი მოჰყვა... როგორ რეაგირებ ამ ყველაფერზე?
– კი, იყო ბევრი ნეგატივი, მაგრამ მედიის წარმომადგენლები მიჩვეულები ვართ კრიტიკას. მათ შორის მეც. როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატად დამასახელეს, იქიდან დაიწყო ზღვა ნეგატივი ჩემ მიმართ. რადგან ამ საკითხებზე არ ვრეაგირებ, ხანდახან მგონია, რომ ნერვები საერთოდ არ მაქვს. ჩემი ქალაქისგან ისეთ სიყვარულს, ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი და ვგრძნობ, რომ ამას ვერანაირი ნეგატივი ვერ მოერეოდა. ჩემს რეგიონში ნული ნეგატივი იყო, ჩემმა ქალაქმა სულ სხვა მუხტი მომცა. მე რომ იმ ნეგატივზე ვიფიქრო, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მოდიოდა, მაშინ საქმეს საერთოდ ვერ გავაკეთებ. ამ გადაწყვეტილებას რომ ვიღებდი, ზუსტად ვიცოდი რა იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის გამორიცხულია ასეთ ყალბ ნეგატივზე დროის დაკარგვა. სხვათა შორის, ოჯახის წევრებიც მიეჩვივნენ ამას. ჩემი ხატია მიჩვეულია, საერთოდ არ აინტერესებს და ნული რეაქცია აქვს ამაზე.
ერთადერთი, თავიდან დედას არ სიამოვნებდა ასეთი კომენტარების კითხვა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან მოყოლებული იცოდა, რომ ამისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია და მით უმეტეს, ახლა. მე საერთოდ გავთიშე რეაქცია. ზოგადად, მსგავს საკითხებში ძალიან მშვიდი ვარ და ვიცი, რომ ნერვიულობას აზრი არ აქვს. მე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და სხვა საფიქრალი მაქვს, ამიტომ ამაზე დროს ვერ დავკარგავ. ასე რომ, მინდა, ყველას, ვისაც სხვანაირად ჰგონია, ვუთხრა – ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს და ნეგატივი ჩემზე ნამდვილად არ მოქმედებს.
თუმცა იმასაც ვიტყვი, რაც ამ მომენტში ძალიან მაკლია და ეს ჩემი ბებოა. ბებო, რომელთანაც გავიზარდე. ახლა მეორე ბებოსთან ვცხოვრობ და სულ მაქვს მოლოდინი, რომ სადაც დავიბადე და გავიზარდე, იმ სახლში ბებო მელოდება. სამწუხაროდ, გარდაცვლილია, ის სახლიც გავყიდეთ. არადა, სულ მგონია, რომ იქ უნდა მივიდე, ახალციხე იმ სახლთან და ბებოსთან ასოცირდებოდა. თან, მინდა, ამ ყველაფერს ხედავდეს, ალბათ, გაგიჟდებოდა სიხარულისგან. ახლა დედაჩემის დედასთან ვცხოვრობ. რადგან დედისერთა ვარ, ორივე ბებო გადაყოლილია ჩემზე. უნდა ნახოთ, ყოველ დილით როგორ მომყვება ბებო კარამდე: ხან პიჯაკს მისწორებს, ხან თმას. ვეუბნები ხოლმე, აღარ გინდა გამოყოლა-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს (იცინის). ისიც ძალიან ბედნიერი და ამაყია. ვეუბნები ხოლმე, იცოდე, ღონისძიებებზე ერთად უნდა ვიაროთ-მეთქი. კაი, რაღა დროის ჩემი სიარულიაო, მპასუხობს, მაგრამ თან უხარია. მართლა ასე ვაპირებ. ბებიასთვის შვილიშვილის ბედნიერებაზე და წარმატებაზე სასიხარულო არაფერია, მით უმეტეს, ჩემმა ბებიებმა ჩემს აღზრდაში ყველაფერი ჩადეს და ფიქრობს, რომ ახლა უფასდება. მისი ძალიან მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ იმის გამოც, რომ დღემდე ჩემ გვერდითაა. მეორე ბებიაზე ამბობს ხოლმე, ნეტა ცოცხალი იყოს, რომ ეს ყველაფერი ენახა და გაეხარაო...
საბოლოო ჯამში, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო და მაქსიმალურად ვეცდები, ყველა მოლოდინი გავამართლო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რაფაელოს პალტოს და კაბის განწყობა...“ - ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები
წყარო: tbiliselebi.ge