მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდატეხის ასაკში ბევრი რამ გააცნობიერა.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, პატარა ასაკში საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა:
ზურა ხაჩიძე:
„დაოჯახების შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება ძალიან რთულია. მანამდეც ვიცოდი, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, მოტივირებული, მიზნისკენ სწრაფული, ცხოვრების სირთულეზე არ ფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი გარდატეხის მომენტი იყო. 15 წლის ასაკში მივხვდი, რომ სწორად და წესიერად უნდა მეცხოვრა და ქუჩას გავეშვი, თავი გავანებე. 12 წლამდე ბებია-ბაბუასთან, ლოგინში, შუაში მეძინა. გაჭირვების წლები იყო, ქუჩური ცხოვრების გავლენის ქვეშ ვექცეოდით, ავყევი ქუჩას, პატარა ვიყავი და საბრალდებო სკამზე აღმოვჩნდი. პირველი გარდატეხა მაშინ მოხდა, მაშინ მივედი ეკლესიაში, მეუფე სერაფიმემ მომკიდა ხელი, პირველი აღსარებაც ჩამაბარებინა და მას შემდეგ სწორედ ეკლესიაში დავდე ფიცი, რომ სხვის ნივთს, სხვის ქონებას ხელს აღარასოდეს მოვკიდებდი. მოკლედ, ეს იყო პირველი გარდამტეხი მომენტი ჩემთვის, როცა ჩვეულებრივი ქუჩის, კანფეტების მომპარავი ბიჭი, მეუფე სერაფიმეს წყალობით გადავრჩი და დავადექი სწორ გზას. ზოგადად, ბავშვობიდან არ მიყვარდა ოჯახის წევრებისთვის თანხის თხოვნა და 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ, რაც საბრალდებო სკამიდან დამიხსნეს.
ვმუშაობდი საქართველოს ბავშვთა ფედერაციაში – „ბორჯომის ბასტიბუბუ ერქვა“, იქ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთინო ნოზაძემ წამიყვანა ქორეოგრაფად და ბავშვებს, სამ ასაკობრივ ჯგუფს, ცეკვას ვასწავლიდი. არ ვიცი, საიდან ვიცოდი, მაგრამ ვასწავლიდი და საკმაოდ კარგ მუსიკალურ ნომრებს ვდგამდი (იცინის). ხელფასი ცოტა იყო, ფაქტობრივად, პურის ფულს მაძლევდნენ, მაგრამ იყო კონცერტები სოფლებში, სადაც ფულს ვერ იხდიდნენ და მოჰქონდათ კარტოფილი... ასე ვთქვათ, 15 წლიდან ოჯახში ჩემი შრომით მიმქონდა საკვები. ბორჯომში შაქრის, პურის ფქვილისა და კანფეტის ქურდობაზე რომ დამაკავეს 15 წლის ბავშვი და ის, რომ გზას არ ავცდი, ციხეს გადავურჩი და ოთხი წელი არ დავყავი საკანში, იმ მოსამართლეს უნდა ვუმადლოდე და დიდი მადლობა ვუთხრა იმ ბავშვების მშობლებს, ვისაც ცეკვას ვასწავლიდი, ასევე, ქეთი ნოზაძეს, რომელიც მოვიდა სასამართლოზე და თქვა: ზურა აღარ არის ის ბიჭი, ვინც ოთხი წლით არასრულწლოვანთა კოლონიაში უნდა გამოკეტოთ. ზურა არის მასწავლებელი და პატიოსანი ბიჭიო.
მოკლედ, სანამ ძიებაში მიდიოდა საქმე, მასთან ვმუშაობდი, მშობლებიც დამიდგნენ თავდებში და მოსამართლემაც სარისკო გადაწყვეტილება მიიღო – გამათავისუფლა. და, ამ დროს მოვხვდი ეკლესიაში მეუფე სერაფიმესთან, ჩავაბარე პირველი აღსარება და დავიწყე საკუთარი თავის განვითარება. ახლა რომ ვუკვირდები, ჩემი განვლილი ცხოვრება კინოს სიუჟეტს ჰგავს“, - ამბობს ზურა ხაჩიძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „საოცარ ფორმაში ხარ“ - თამო ვაშალომიძის ახალი კადრები დახვეწილ ლუქში
⭕„რაღაც ცუდი უნდა მოხდეს! — ყვირის ქვეცნობიერი და იწყებს თვითსაბოტაჟს...“ - რამაზ გიგაური
წყარო: tbiliselebi.ge