საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ მედიას „სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე ინტერვიუ მისცა.
poteaux-carres-თან საუბრისას სანიოლმა ზურიკოს დადებითი მხარეები გამოარჩია.
ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ზურიკოს ყველა თვისება აქვს, რომ „მწვანეებს“ თავი შეაყვაროს.
- ვილი, რას გვეტყვით ახალგაზრდა ზურიკო დავითაშვილზე?
- მე ვიტყოდი, რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელი აღარ არის. 23 წლისაა, აღარ არის ძალიან ახალგაზრდა. თუმცა, მისი პოტენციალისა და ხასიათიდან გამომდინარე „სენტ ეტიენს“ ძალიან კარგად შეესაბამება. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს იძლევა, რომელიც ყველაფერს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, ინტენსივობის და თავგანწირვის თვალსაზრისით „სენტ ეტიენის“ ფანებს ძალიან მოეწონებათ.
- რა არის მისი მთავარი ძლიერი მხარე?
- მომწონს მისი ვერტიკალური მანერა. როდესაც ბურთი აქვს, ყოველთვის ცდილობს რაღაც შექმნას, ვერტიკალურად ითამაშოს და სწრაფად შეუტიოს.
- რომელ სისტემაში იყენებ, რა არის მისთვის სასურველი პოზიცია?
- ორი სხვადასხვა სისტემაში ვიყენებდი. ან მეორე თავდამსხმელად, ან ნახევარმცველად. მაინც ვფიქრობ, რომ რაც უფრო შეტევაში თამაშობს, უფრო კომფორტულია მისთვის, რადგან ინსტინქტური ფეხბურთელია. რაც უფრო იქნება შეტევასთან ახლოს, მით უფრო უკეთ იგრძნობს თავს.
- დავითაშვილი „ბორდოში“ ფლანგზე თამაშობდა, არა? ის გარემარბი არ არის?
- დიახ, მას ასევე შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში, მაგრამ როდესაც ვამბობ მეორე თავდამსხმელს, ეს იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებში გარემარბის გარეშე ვთამაშობთ. ვფიქრობ, მისი საუკეთესო პოზიცია მარცხენა გარემარბია.
- ორივე ფეხით ერთნაირად კარგია?
- მოუხერხებელი არ არის მარცხენა ფეხით, მაგრამ მარჯვენა ფეხით მაინც უკეთ თამაშობს. დარწმუნებული ვარ, ლიგა 1-ში ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა ექნება.
- რაში აქვს ყველაზე მეტად მოსამატებელი?
- სიტუაციების ანალიზში უნდა მოუმატოს. მეტად უნდა იგრძნოს, როცა საჭიროა სწრაფად შეტევა და როდის ჯობია, ცოტა მოიცადოს. ზურიკოს ყოველთვის სწრაფად მიაღწიოს საჯარიმოს, რის გამოც ხარვეზები აქვს, მაგრამ ამ ტიპის მოთამაშისგან ხარვეზებიც უნდა მიიღო. ვფიქრობ, ოლივიე არის მწვრთნელი, რომელიც მას წინსვლაში დაეხმარება.
- ოლივიე დალ’ოლიოს იცნობთ?
- დიახ, თუმცა კარგად არა. ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს. ნამდვილად კარგი ადამიანია და ფეხბურთში ეს საჭიროა. მას აქვს მწვრთნელის თვისებები. ეხმარები თავის ფეხბურთელებს ინდივიდუალურ წინსვლაში, ჩემთვის ეს არის მწვრთნელის შეფასების პირველი კრიტერიუმი. ფეხბურთელების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მიხარია, რომ ჩემი ფეხბურთელი „სენტ ეტიენში“ მიდის. ვფიქრობ, ის ძალიან კარგ ხელში აღმოჩნდება და პროგრესს განაგრძობს. გარდა ამისა, გარკვეულწილად ოჯახურ გარემოში ჩამოვა, რადგან კლუბი ასეთია. ქართველები ძალიან არიან მიჯაჭვული ოჯახურ ცნებას. ძალიან მიხარია, რომ ზურიკო „სენტ ეტიენში“ გადავა.
- რას გვეტყვი მის ხასიათზე? უფრო ინტროვერტია თუ ექსტროვერტი?
- საქართველოს ნაკრებში ძალიან ბედნიერი და ენთუზიაზმით სავსე ბიჭია. ზურიკო ხშირად იცინის. არ ვიცი, როგორია საფრანგეთში, რადგან არსებობს ენის ბარიერი, რომელიც შეიძლება შემაფერხებელი იყოს. თუმცა, ზურიკო ვიცი, რომ ბევრად უფრო ექსტროვერტია, ვიდრე ინტროვერტი.
- რა ენაზე ესაუბრები მას? ორი წელია საფრანგეთში ცხოვრობს, ცოტა ფრანგულად ხომ არ საუბრობს?
- ცოტა ფრანგული იცის, მაგრამ ჩვენ ინგლისურად ვსაუბრობთ. ჯერ კიდევ ცოტათი იცის ჩვენი ენა, განსაკუთრებით საფეხბურთო ტერმინები. ვახერხებთ კომუნიკაციას და ერთმანეთის გაგებას, პრობლემა არაა.
- ზურიკო და „სენტ ეტიენი“ ერთმანეთს შეეწყობიან?
- თეორიულად კი. ნებისმიერ შემთხვევაში მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც „სენტ ეტიენში“ უნდა უყვარდეთ. აქვს შრომისმოყვარეობის უნარი, რათა ყველაფერი გაიღოს. ეს ცნება მისთვის აბსტრაქტული არ აირს, პირიქით, ეს მისი ყოველდღიური ცხოვრებაა.
- იგი აპირებს შეუერთდეს დიდ კლუბს, რომელსაც კარგად იცნობ და რომელიც ელიტაში დაბრუნდა...
- დავიბადე სენტ ეტიენში, 11 წლიდან 20 წლამდე იქ ვთამაშობდი, ცხადია, ეს ჩემი სახლია და ბევრი ადამიანი გაახარა, რომ ელიტაში დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „სენტ ეტიენს“ ლიგა 1-ში ვიხილავ, რადგან მისი ადგილი იქაა. თუმცა, ვფიქრობ, რთული სეზონი იქნება, არ არის საჭირო ერთმანეთის მოტყუება, ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს შორის ჯერ კიდევ დიდი უფსკრულია. იმედი მაქვს, რომ „მწვანეები“ სეზონს კარგად დაიწყებენ, რაც მათ თავდაჯერებას შემატებას და წნეხს მოუხსნის, რომელიც საჭირო არაა.
- „სენტ ეტიენი“ დიდი ალბათობით, 9 ნომერს ეძებს, ზურიკოს ევროპის ჩემპიონატზე 9 ნომრიანი მაისური ეცვა, მაგრამ ის არ არის ცენტრფორვარდი. როგორ ფიქრობთ, „სენტ ეტიენში“ ეცდებიან გიორგი მიქაუტაძის დამატებას?
- სამწუხაროდ, ჟორჟი არ მგონია „სენტ ეტიენის“ ფინანსებს შეესაბამებოდეს. მან ევროზე კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია უფრო მაღალ დონეზე თამაში. სწორედ ამას ვუსურვებ მას, რადგან ისიც ძალიან კარგი ბიჭია. ვიმედოვნებ, რომ ყოველ კვირას შეძლებენ მაღალ დონის მატჩების ჩატარებას. როგორც ჩანს, „მონაკო“ ძალიან დაინტერესებულია, „ლანსიც“, ვნახოთ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო „ბორდო“ 6 მილიონ ევროს მიიღებს. ვილი სანიოლი სწორედ სენტ ეტიენშია დაბადებული და კარიერაც ამ კლუბში დაიწყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ისტორიის გარეშე არ არსებობს სამყარო, რომელიც სიტყვით არის შექმნილი“ - გია მურღულია
⭕ეკა ხოფერიას დაბადების დღე აქვს - ტელეწამყვანი 52 წლის გახდა
წყარო: newshub.ge