ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს მონასტრის ეზოში დაკრძალული სქემმონოზონ აბრაამის (ჩხეტიანი) ცხოვრებისა და განვლილი გზის შესახებ წერს.
პუბლიკაციაში დეტალურადაა მოთხრობილი იმ უცნობი ისტორიების, სასწაულებისა და სულიერი ღვაწლის შესახებ, რომელიც 113 წლის ასაკში აღსრულებულ ბერს უკავშირდება:
„მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს მონასტერი, ბევრ უცნობ ისტორიებს ინახავს, სადაც წმინდა ბერი გაბრიელია დასვენებული.
ეს მონასტერი ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ დედამიწაზე.
ამ ტაძრის ეზო, ასევე დიდი დატვირთვისაა და უეცრად მეტად დიდი და ბუმბერაზი ბერის ამბავს გადავაწყდი.
ეზოში ერთი საფლავია, სადაც, ხშირად ჩერდებიან ხოლმე მომსვლელები. ეს საფლავი სქემმონოზონ აბრაამს (ჩხეტიანი) ეკუთვნის, რომელსაც 100 წელზე მეტხანს უცოცხლია.
სავარაუდოა, რომ 1856 წელს ქვემო ცაგერში დაიბადა ხუთშვილიან ოჯახში. მღვდლებს მამა აბრაამი ძალიან უყვარდათ და ახალ-ახალ ტანსაცმელსაც ჩუქნიდნენ, მაგრამ ეს ტანსაცმელი სადღაც უკვალოდ ქრებოდა. რა თქმა უნდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა.
საქართველოს ისტორიის ეკლესიის მკვლევარი ლუარსაბ ტოგონიძე გვამცნობს: ახალგაზრდობაში მის სოფელს ტიფი მოსდებია. მამა აბრაამის გარდა ოჯახის ყველა წევრი დასნეულებულა. მაშინ ამდგარა იგი და 14 დღის განმავლობაში მხოლოდ წყალი მიუღია. გულმხურვალედ ილოცა და უთქვამს უფლისთვის: ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და თავს შემოგწირავო.
მართლაც, უფალმა ისმინა მისი ლოცვა. ყველა განიკურნა. მამა აბრაამმაც (დიდ სქემაში აღყვანამდე - ალექსი) აღასრულა დანაპირები.
მან სიცოცხლის 40 წელი სვეტიცხოველში გაატარა. ერთხელ ქუთაისიდან მომლოცველები ჩამოსულან. მასაც თავის სენაკში მიუწვევია ჯგუფი. მალე აღმოაჩინა, რომ ვიღაცას მისი ღვთისმშობლის უბრალო ქაღალდის ხატი წაეღო. აღელდა, ვაი თუ ვინმე უპატიოდ მოექცესო. ისე ძლიერ ულოცია, რომ მალე ხატის წამღები ქალი ტირილით მიბრუნებულა უკან და უთქვამს: მამა აბრაამ, ეშმაკმა მაცდუნა, მაპატიეო.
მამა აბრაამა კი მიუგო: არ ვიცოდი ხატი ასეთ კარგ ადამიანს თუ მიჰქონდა, აიღე შენიაო. შეშინებული ქალი დაამშვიდა და ღვთისმშობლის ხატით დაასაჩუქრა კიდეც.
უჩუმრად, ყველას ეხმარებოდა. თურმე, მცხეთელებს მისი კეთილი საქმეები დღემდე ახსოვთ. მისი ლოცვით უიმედო ავადმყოფებიც განკურნებულან.
წირვაზე მდგომი ხშირად ტიროდა და გულში იცემდა მჯიღს. ჰკითხეს ერთხელ, მამა აბრაამ ასე რა გატირებსო? რა და ანგელოზებს ვხედავ მე უღირსიო, უპასუხა მამაომ.
ბერად 23 წლის აღიკვეცა. სიცოცხლის ბოლო დღეებში სამთავროს დედათა მონასტრის შენობაში მოთავსებულ ლაზარეთში იწვა და გარს ბერები ეხვივნენ. საოცრად ნათელი, წმინდა სახე ჰქონდა. სული რომ ამოუვიდა, ბერებისგან გასაკვირი ძახილი ისმოდა და როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა იხილეს, შემდეგ კი მუხლებზე დამხობილებმა განაგრძეს ლოცვა. წესი პატრიარქმა ეფრემმა აუგო.
გარდაიცვალა 113 წლის ასაკში.
ვინ იცის, კიდევ რამდენ უცნობ ისტორიას ინახავს თითოეული წმინდა ტაძარი და ის სიწმინდე, რითაც ვარსებობთ.
შეგვეწიოს მამა აბრაამი და მისი სული მთელ საქართველოს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვი შუადღის ძილზე უარს ამბობს? - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს
⭕„5 თვის გახდა ჩვენი იესე, პატარა სასწაული“ - დუეტი „ლეონი“ შვილზე