Digest Logo

„2011-ში მახსოვს სტიქია იყო ორთაჭალაში, ბავშვების ცხედრები ჩემს ფეხებთან დაალაგეს. არ მავიწყდება... შოვში კი 6 ოჯახი ელოდება დნმ პასუხს, ცხედრების ამოცნობა ჭირს, ზოგი მხოლოდ ფრაგმენტია“ - ჟურნალისტ სალომე ბოკუჩავას უმძიმესი პოსტი

1692283851
სალომე ბოკუჩავა

„შოვში კი 6 ოჯახი ელოდება დნმ პასუხს, ცხედრების ამოცნობა ჭირს, ზოგი მხოლოდ ფრაგმენტია. სტატისტიკის უკან ადამიანების სახელები და გვარებია, მგლოვიარე ოჯახები და დატრიალებული ტრაგედიაა. რამდენიმე საათის წინ დავტოვე რაჭა, ძალიან ლამაზი და ძალიან დამძიმებული. ვიზიარებ რაჭის, ონის, გლოლას ტკივილს. ეს ჩვენი ტკივილიც არის, ეს ეროვნული გლოვაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს და მის პრაქტიკაში მომხდარ სხვადასხვა ტრაგედიას ეხმაურება, რომლის გასაშუქებლად წასვლა მოუწია.

2011-ში მახსოვს სტიქია იყო ორთაჭალაში, ბავშვების ცხედრები ჩემს ფეხებთან დაალაგეს. ხევში დაიხრჩო ოჯახი. არ მავიწყდება.

.. ან, 13 ივნისს რა დამავიწყებს?!
…ყაზბეგის სტიქიას?
…ვერტმფრენის ჩამოვარდნა?
…ბათუმის სახლის ჩამონგრევას და მგლოვიარე მამებს?

ეს ტრაგედიები ტვინიდან არ იშლება, გულშიც სამუდამოდ რჩება.

დიდია სია, სამწუხაროდ დიდია.

ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, სტიქიიდან სტიქიამდე ვცხოვრობთ… სულ გლოვაში… შოშში… სულ შიშში…

10 დღის მერე რაჭას ვტოვებთ.

ამ დღეებში გაუბედურებულ ადამიანს ვუყურეთ, სახლში დაბრუნებულები ჩვენც ჩუმად ვტიროდით, მაგრამ ეთერებიდან ვცდილობდით მშვიდად მოგიყვეთ ამბავი, მეტი დრამატიზების გარეშე. მაგრამ გვიჭირდა. რთული იყო ველზე მუშაობა. ძალიან რთული. სინქრონების წერის დროს ბექას ეტირებოდა, მეც. შევიმშრალებდით და მუშაობას ვაგრძელებდით. ხანდახან ერთმანეთსაც არ ვუტყუდებოდით რომ გვეტირებოდა.

ჭირისუფალს, თანასოფლელებს, რაჭველებს სულ ჩახუტებით ვემშვიდობებოდით. არ ვიცოდი როგორ მეთქვა ბოდიში ან მადლობა სხვანაირად. როგორ გამოეხატა თანადგომა.

ზრუნვით დატირების ხმა ისმის გლოლაში-გლოვაა. დატირება ერთი წელი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს უფრო დიდხანს გასტანს. ბევრი მგლოვიარეა,ზოგი ცხედრის გარეშეც, ზოგიც ცოცხლებს ელოდება სახლში, იმედიანად, მაგრამ მაინც დარდით, ტირილით. საშინელება ხდება ონში, ყველგან გლოვაა.

ულამაზესი შოვი მიწაშია, ამ ტალახში ადამიანების პირადი ნივთებია არეული. ბავშვების სათამაშოები ყრია. ყველაფერი ზედაპირზეა, იმ 7 ის გარდა ვისაც ახლა ეძებენ.

დღეს ფოლკლორისტ გენადი სულთანისვილს დამეშვიდობა რაჭა. მასზე ისტორიები ულევია, ყველა იცნობს და ყველას ეტირება.

მზარეულიც იყო, მშიერს უფასოდ აპურებდა, ყველა ღიმილით და თან, ცრემლით იხსენებდა. მუსიკას სკოლაში ასწავლიდა, მაგრამ სექტემბრამდე ვეღარ მიაღწია. მოკლა სტიქიამ. დღეს სოფო ბაკურაძესთან ერთად გაასვენეს გლოლადან სოფლის სასაფლაოსკენ.

სოფო, ულამაზესი, 24 წლის, მარტოხელა დედა იყო. იმავე სკოლა დაამთავრა სადაც გენადი მუსიკას ასწავლიდა. სოფო ზაფხულობით გელა გუტაშვილის აგარაკებზე დამლაგებლად მუშაობა, ისევე როგორც გენადი მზარეულად.

სოფოს ცხედარი ლაფში იპოვეს. მის 4 წლის შვილს ლუსის დედა ისევ მაღაზიაში ჰგონია, წესით მალე უნდა დაბრუნდეს, ტკბილეულით ხელში.

სოფო და გენადიმდე, მეგო და გიგი დაკრძალეს. ისინი გელა გუტაშვილის შვილები არიან. მათთან ერთად კოტეჯებში იყო, დედის და შორენა ბიჭაშვილი, მისი ორი შვილი მარიამი და კოტიკო, ასევე ბიძაშვილი 3 შვილით. მაშველები ეძებენ კოტიკოს და ნატო ჭელიძის შვილს-ანასტასიას. ტასოს მამა თოჯინით ხელში ელის მას. დანარჩენი ყველა ამოიცნეს, სამუდამოდ დარჩნენ საყვარელ შოვში.

ქალის ხმა სტიქიის პირველ დღეს გახსოვთ? ვერტფრენიდან ტირილით გადმოვიდა, დედა დავკარგეო,დედა სახლში იყოო, სამზარეულოშიო. ხო, და ეს დედაც დაიღუპა, ქეთევან ლობჟანიძის ცხედარს წინა კვირას მიაკვლიეს.

დღეს სიღნაღში დაკრძალეს ულამაზესი და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები. მაშინაც კი როცა იმედები გადაიწურა, მათი დედა სტიქიის ზონასთან მისულებს ბავშვების ფოტოს აჩვენებდა, იქნებ ვინმეს ეცნო… მათი მეგობარიც დაიღუპა… დაიღუპნენ ოჯახები, 10 წუთში მთელი ცხოვრება მიწისქვეშ აღმოჩნდა.

მალევე იპოვეს ზაზა მესხის ცოლი, ჩემი კოლეგა, უკრაინის მოქალაქე. ამ დრომდე ეძებენ მის და ზაზა შვილებს, ზაზასაც… ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მჟავე წყლებთან იპოვეს, მანქანა გლოლის ხიდთან 3-4 კილომეტრის მოშორებით სტიქიიდან.

გიორგი გოგონაშვილი ის წვერებიანი შვაგვრემანი ბიჭია, პირველი ვისი ფოტოც გავრცელდა. გახსოვთ?! გადარჩენილები ამბობდნენ ბიჭმა გოგო ხეზე შემოსვა და სხვის გადასარჩენად წავიდაო.

მერე ის ხეც წაიღო მეწყერმა, გოგოც და ბიჭიც. ის ბიჭი გიორგი იყო, სხვის დახმარებაში თავად დაღუპა ბუნებამ.

დაღუპულებს შორის არის ნინი კენჭაძე, სალომე ხეთაგურის და გვანცა ბუბაშვილის ნათესავი. ერთად მივიდნენ გოგოები მჟავე წყლებთან. სანათესავოს ბავშვები გლოლაში თამაშობდნენ, ეზოში, მაგრამ ეს სამი გამოაკლდა და წავიდნენ. ბავშვებმა უთხრეს მოვრჩებით თამაშს და მოვალთო. არ გამოვიდა ასე. იპოვეს გვანცას მანქანა, უკან აწერია “შევხვდებით რაჭაში”. ოჯახი დარწმუნებულია, რომ სასწაულები არსებობს და შვილებს შეხვდებიან რაჭაში ცოცხლებს.

მანანა ხორბალაძე მაშველებმა მალევე ნახეს, ორი დღის წინ მისი შვილი მანანა ჯაჭვაძეც. ისინი სამირა ისაევასთან ერთად შოვში ისვენებდნენ.

ახლა მაშველები მანანა ჯაჭვაძის შვილს პატარა გიოს ეძებენ.

6 ოჯახი ელოდება დნმ პასუხს, ცხედრების ამოცნობა ჭირს, ზოგი მხოლოდ ფრაგმენტია. 7 ადამიანს ეძებენ, დაკარგულებს შორის 5 ბავშვია.

სტატისტიკის უკან ადამიანების სახელები და გვარებია, მგლოვიარე ოჯახები და დატრიალებული ტრაგედიაა.

რამდენიმე საათის წინ დავტოვე რაჭა, ძალიან ლამაზი და ძალიან დამძიმებული.

ვიზიარებ რაჭის, ონის, გლოლას ტკივილს. ეს ჩვენი ტკივილიც არის, ეს ეროვნული გლოვაა“,- წერს ჟურნალისტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია - NAEC

🔵„სანამდისაც ყველა ბავშვი არ გაჭაღარავდება... როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები ფესვებს გაიდგამენ“... - ბესიკ ხარანაულის ახალი ლექსი შოვის ტრაგედიაზე