Digest Logo

7 ფრაზა, რომელიც ბავშვთან კონფლიქტს მშვიდობიან შეთანხმებად აქცევს, 7 ინტერაქციულ თამაშთან ერთად

1792607969
ბავშვთან კონფლიქტი

კონფლიქტი ბავშვსა და მშობელს შორის ოჯახური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, თუმცა ხშირად ავტომატური რეაქციებით („დამშვიდდი“, „შენ რა, ვერ ხვდები?“) უნებლიეთ ვაძლიერებთ ბავშვის შფოთვას და პროტესტს.

ფსიქოთერაპიული პრაქტიკა და ნეირობიოლოგია გვიჩვენებს, რომ როდესაც ბავშვი ემოციურ აფექტშია, მისი ტვინის „მოაზროვნე“ ნაწილი ითიშება და ირთვება „გადარჩენის რეჟიმი“. ამ დროს ბრძანებები და საყვედურები საფრთხედ აღიქმება.

გთავაზობთ შვიდ ტრანსფორმაციულ ფრაზას, რომელიც დაგეხმარებათ ემოციურად დაძაბული პროცესების დარეგულირებაში და მასთან ერთად შვიდ პრაქტიკულ თამაშს, რაც, რთულ სიტუაციებს და ემოციებს ხალისიან გამოცდილებად აქცევს.

1. „ვხედავ, რომ ახლა ძალიან გიჭირს / ბრაზობ“ - ნაცვლად ფრაზისა „შეწყვიტე ყვირილი” „დამშვიდდი“ ეს არის სარკისებრი არეკვლის და ემოციის ვალიდაციის პრინციპი. ბავშვი გრძნობს, რომ მისი შინაგანი მდგომარეობა დაინახეს და არ უარყვეს. როდესაც ემოციას სახელს ვართმევთ, ტვინის ნერვული სისტემა იწყებს დამშვიდებას. თქვენ არ ეთანხმებით ქცევას, თუმცა აღიარებთ გრძნობას - ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამ არის.

თამაში - ემოციური დეტექტივი

როგორ ვეთამაშოთ:

როცა მშვიდ გარემოში ხართ, შესთავაზეთ ბავშვს, გახდეთ დეტექტივები. სარკის წინ დადექით და რიგრიგობით „გამოიძიეთ“ სახის გამომეტყველებები: „აბა, გამოიცანი, ეს ბრაზის სახეა თუ სინანულის?“, „როგორი სახე აქვს ადამიანს, როცა…?“

რაში ეხმარება ბავშვს ეს თამაში:

ავითარებს ემოციურ ინტელექტს და ეხმარება ბავშვს, საკუთარ სხეულში ამოიცნოს და დაასახელოს ემოცია, სანამ ის მართვას დაკარგავს.

2. „მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ“ ნაცვლად - „მილიონჯერ გითხარი“, „შენ რა, ვერ ხვდები?“.

რა ხდება შინაგანი სამყაროს დონეზე: ეს მიდგომა ეფუძნება ზრდის მენტალიტეტს. „მილიონჯერ გითხარი“ - ბავშვში თრგუნავს სწავლის სურვილს და იწვევს ტოქსიკურ სირცხვილს. ხელახალი მცდელობის შეთავაზება შეცდომის დესტიგმატიზაციას ახდენს - ბავშვი ხვდება, რომ შეცდომა კატასტროფა კი არა, გამოცდილებაა.

თამაში - დროის უკან გადახვევის პულტი:

როგორ ვეთამაშოთ:
წარმოიდგინეთ, რომ ხელში გიჭირავთ ჯადოსნური პულტი. როცა რაღაც არასწორად წავა მაგალითად, წყალი გადაყირავდა, ყვირილი დაიწყო, თქვით: „პიპ-პიპ დროს უკან ვახვევთ“ შემდეგ სცენა გაითამაშეთ თავიდან, სწორი ფორმით.

რაში ეხმარება:

სირცხვილის განცდას ცვლის იუმორით და აძლევს ბავშვს ნეიროპლასტიურ შანსს - პრაქტიკაში გამოსცადოს ალტერნატიული ქცევა.

3. „მე პაუზა მჭირდება. 5 წუთში დავუბრუნდეთ საუბრის თემას” - ნაცვლად: ყვირილის და კამათის გაგრძელებისა.

რა ხდება შინაგანი სამყაროს დონეზე: ეს არის თანა-რეგულაციის და სენსორული განტვირთვის მოდელირება. როდესაც ორივე მხარე აფექტშია, კონსტრუქციული საუბარი შეუძლებელია. პაუზის აღებით თქვენ აჩვენებთ ჯანსაღ მაგალითს, თუ როგორ უნდა მართოს მან საკუთარი ინტენსიური ემოციები ისე, რომ არ დააზიანოს ურთიერთობა.

თამაში - დრაკონის სუნთქვა და ყინულის ქანდაკება
როგორ ვეთამაშოთ: შეთანხმდით საიდუმლო სიტყვაზე, მაგალითად „ყინული“. როცა მეტად ემოციურები ხდებით, ვინმე ამბობს ამ სიტყვას და ორივე იყინებით ქანდაკებასავით 10 წამით. შემდეგ აკეთებთ „დრაკონის სუნთქვას“ - ცხვირით ღრმად ჩასუნთქვა და პირით ამოსუნთქვა.
რაში ეხმარება:
ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, ამცირებს გულისცემას და ფიზიკურად გამოჰყავს სხეული საბრძოლო მდგომარეობიდან.

4. „მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ასეთ ქცევას ვერ დავუშვებ“ - ნაცვლად: - „ცუდი ბავშვი ხარ, როგორ არ გარცხვენია“

რა ხდება შინაგანი სამყაროს დონეზე: აქ ხდება ეგოს დიფერენციაცია - ბავშვის პიროვნების და მისი დროებითი ქცევის ერთმანეთისგან განცალკევება. ბავშვი ინარჩუნებს უპირობო მიღების განცდას. როცა მან იცის, რომ მისი არსი უყვართ, კრიტიკას ბევრად უფრო კონსტრუქციულად იღებს და ქცევასაც სწრაფად ცვლის.

თამაში: „საყვარელი ადამიანი vs ცუდი ჩვევა

როგორ ვეთამაშოთ: დახატეთ პერსონაჟი, მაგალითად, „ყვირილის მონსტრი“ ან ჯიუტი ჯუჯა” აუხსენით ბავშვს, რომ ის თქვენი საყვარელი შვილია, მაგრამ ეს ჯიუტი ჯუჯა ახლა თქვენთან შემოიპარა და გინდათ, რომ ის ერთად გააგდოთ.

რაში ეხმარება: ახდენს პრობლემის გარეგნულ პროეცირებას, ბავშვი თავს აღარ გრძნობს ცუდად და იწყებს მშობელთან თანამშრომლობას პრობლემის წინააღმდეგ.

5. „სინამდვილეში რა გინდოდა / რა გჭირდებოდა ამ დროს?“ ნაცვლად: „ეს რატომ გააკეთე? “ (ბრალმდებლური ტონით)

რა ხდება შინაგანი სამყაროს დონეზე: ნებისმიერი დესტრუქციული ქცევის უკან დგას დაუკმაყოფილებელი საბაზისო საჭიროება: ყურადღების დეფიციტი, გადაღლილობა, შიში, საზღვრების შემოწმება. კითხვა „რატომ?“ ბავშვში რთავს თავდაცვით მექანიზმებს. საჭიროების ძიება კი ბავშვს ინტროსპექციას ასწავლის და მშობელს მოკავშირედ აქცევს.

თამაში: „საჭიროებების თარჯიმანი“

როგორ ვეთამაშოთ:

ითამაშეთ უხმო თამაში - პანტომიმა. ბავშვმა ჟესტებით უნდა გაჩვენოს, რა სჭირდება, მაგალითად: ჩახუტება, დასვენება, წყალი, თამაში, თქვენ კი უნდა „გადათარგმნოთ“. შემდეგ გაცვალეთ როლები.
რაში ეხმარება: ასწავლის ბავშვს, რომ აგრესიისა თუ ისტერიკის ნაცვლად, საკუთარი საჭიროება პირდაპირი, ვერბალური გზით გამოხატოს

6. „მეც ვბრაზდები ხოლმე. ბრაზი სრულიად ნორმალურია“ - ნაცვლად - „დედაზე გაბრაზება არ შეიძლება, კარგი ბავშვები ასე არ იქცევიან“

რა ხდება შინაგანი სამყაროს დონეზე: ეს არის რთული ემოციების ნორმალიზაცია. ემოციის აკრძალვა იწვევს მის დათრგუნვას, რაც მოგვიანებით სომატიზაციაში (მუცლის, თავის ტკივილში ან ფარულ აგრესიაში გადადის. ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ გრძნობა თავისთავად უსაფრთხოა - პრობლემა მხოლოდ გამოხატვის მავნე ფორმაშია.

თამაში - ბრაზის ბალიში

როგორ ვეთამაშოთ: გამოყავით სპეციალური „ბრაზის ბალიში“, რომელსაც გაბრაზებისას ბავშვს ან მშობელს შეუძლია ჩაეხუტოს ან დაარტყას. ან დადეთ დიდი ფურცელი და შავი ფანქრებით ჯღაბნეთ ბავშვთან ერთად მუსიკის ფონზე, სანამ ენერგია არ გამოგელევათ.
რაში ეხმარება: უზრუნველყოფს ემოციის უსაფრთხო სუბლიმაციას და აგრესიას განმუხტვას სხვისი დაზიანების გარეშე.

7. „მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“- ნაცვლად - „გააკეთე ისე, როგორც გითხარი, იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი“

რა ხდება შინაგანი სამყაროს დონეზე: ეს ეფუძნება თანამშრომლობითი პრობლემის გადაჭრის მოდელს. ავტორიტარული დიქტატი თრგუნავს ბავშვის ავტონომიას. როცა ბავშვი პრობლემის მოგვარების თანაავტორი ხდება, იზრდება მისი შინაგანი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა

თამაში - იდეების ჯადოსნური ყუთი

როგორ ვეთამაშოთ: წამოჭრილი პრობლემისას, მაგალითად სათამაშოების დალაგება, ძილის წინ მომზადება, აიღეთ ფურცელი და კალამი. ჩამოწერეთ ყველა, მათ შორის ყველაზე სასაცილო და გიჟური იდეაც (მაგ. „სათამაშოები ლოკომოტივმა აკრიფოს“). შემდეგ ერთად აირჩიეთ ის იდეა, რომელიც ორივეს გინდათ/ მოგწონთ.
რაში ეხმარება: ავითარებს კრიტიკულ და ალტერნატიულ აზროვნებას, ასწავლის მოლაპარაკებასა და კომპრომისს.

ოქროს წესი მშობლებისთვის:

ეს ფრაზები და თამაშები საოცრად ეფექტურია, თუმცა ეს არ არის ჯადოსნური ჯოხი. მათ შესასრულებლად მთავარი თქვენი შინაგანი მდგომარეობაა. თუ თქვენი „ემოციური ჭურჭელი“ ცარიელია, თუ გადაღლილი და გამოფიტული ხართ, ყველაზე სწორი სიტყვებიც კი ხელოვნურად იჟღერებს. იზრუნეთ საკუთარ რესურსზე - ჯერ საკუთარ თავს გაუკეთეთ „ჟანგბადის ნიღაბი“, რომ შემდეგ შეძლოთ ბავშვის ემოციური საყრდენი გახდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გვიბიძგებს, ჩავუღრმავდეთ საკუთარ ემოციებს, გადავაფასოთ არსებული...“ - 23 ოქტომბერს მზე მორიელის ნიშანში გადავა

⭕როგორ ვესაუბროთ ბავშვს ADHD-ით და შევცვალოთ ყოველდღიური ქაოსი? - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

⭕„მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ აღარ მიფიქრია მეორედ გათხოვება“ - რას ჰყვება კრისტი ყიფშიძე

✕