მოდელი კრისტი ყიფშიძე 49 წლის არის.
იგი „თბილისელებთან“ ამბობს რომ, არ უყვარს წარსულში ყურება და მიიჩნევს, რომ რაც მისი ცხოვრების განვლილ გზაზე მოხდა, ის უნდა მომხდარიყო და არაფერს ნანობს.
კრისტი ყიფშიძე: არ მიყვარს წარსულში დაბრუნება, რაღაცების გახსენება. ისეთი ხასიათი მაქვს, უკან არასდროს ვიყურები. მაგრამ თუ კითხვას დამისვამთ, უკან გავიხედო, გეტყვით, რომ არაფერს ვნანობ, მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს განვლილ 49 წლის ცხოვრებას. ბევრი ეტაპი გავიარე, მათ შორის აღმართ-დაღმართი და ის განვლილი ცხოვრება რომ არა, დღეს ასე არ ვისაუბრებდი. მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც იყო და არის ჩემს ცხოვრებაში, მათ შორის საქმიან სფეროში, იმ ურთიერთობების, რაც იყო და არის, ამან თავისი კვალი დატოვა, მომცა უდიდესი გამოცდილება. ზოგადად, ცხოვრება ხომ გამოცდილებაა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო მელის. ოცი წლის წინ ვიყავი ადამიანი, ვისაც აინტერესებდა, რა იქნება მომავალში, ახლა კი არ მაინტერესებს, ვინაიდან ვცხოვრობ დღეს და ახლა. რასაც დღეს ვაკეთებ, ამით მინდა, ვისიამოვნო, ვიცხოვრო დღევანდელი დღით, რადგან ზუსტად ვიცი, როგორც დღეს ვიცხოვრებ, ეს ჩემს მომავალზე აისახება. მთავარია, ჩემს თავთან ვიყო მართალი. ყველას ვურჩევ, გაითავისოს, რომ თავის თავთან იყოს მართალი. ხომ არის ისეთი ურთიერთობები – მეგობრობ ადამიანთან, ძალიან ახლოს ხარ, არც გიკამათია, არც გიჩხუბია, არც წყენა ყოფილა, მაგრამ რაღაცნაირად არ ეკონტაქტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ შორის ცუდი მოხდა. თითქოს, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ამოიწურება დრო და ურთიერთობაც სრულდება. საქმეშიც ასეა, არის გარკვეული ეტაპები. მაგალითად, ჩემს საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარს, ისეთი აქტიური აღარ ვარ, როგორც ოცი წლის წინ, როცა ყოველდღე ჩვენებები იყო. ახლაც ჩართული ვარ ამ საქმეში და თავად საქმეც არ მიშვებს, დიდი სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ – არც მე მივდივარ და არც ის მეუბნება წადიო (იცინის). ისე წელი არ ჩაივლის, რომ ერთ ჩვენებაზე მაინც არ გამოვიდე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება, ძალიან ვაფასებ. დღეს ვინც ვარ, იმ ყველაფრის დამსახურებაა, მათ შორის, კარგი და ცუდი ამბების, ყველანაირი გრძნობების, გამოცდილებების, მოგზაურობის, რაც თავისთავად აისახება ხასიათზე, სახესა და გამომეტყველებაზე.
– უამრავი თაყვანისმცემელი გყავდა, ვიცი ცოლობაზეც გქონდა შემოთავაზება და არა ერთი. რის გამო თქვი უარი მეორედ გათხოვებაზე და ოჯახის შექმნაზე?
– მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მეორედ გათხოვება აღარ მიფიქრია. წლები რომ გემატება, უფრო მეტად ფიქრობ, რამდენად გიღირს, გაჰყვე ცოლად კონკრეტულ ადამიანს ან არ გაჰყვე. იყო ურთიერთობები, მაგრამ საქმე ბეჭდამდე არ მიდიოდა. არ მინდა, ეგოისტურად გამომივიდეს, მაგრამ მე ჩემი სამყარო მაქვს, სადაც თავს მშვენივრად ვგრძნობ და იქ მეორე ადამიანი ვერ წარმომიდგენია. ასე რომ, არც იმას ვნანობ, რომ გავთხოვდი, არც იმას, რომ დავშორდი და არც იმას, მეორედ რომ არ შევქმენი ოჯახი. სიტყვა „ვნანობ“ ჩემთვის არ არსებობს, დიდი ხანია, ჩემი ლექსიკიდან ამოღებულია. არასდროს არაფერს ვნანობ, ყველა ეტაპზე საინტერესო ცხოვრება მქონდა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო წელი მელის.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მშვიდობით, კაპიტანო... მიყვარხარ და მომენატრები“ - ცნობილი სახეები გიორგი ნემსაძეს ემშვიდობებიან
⭕როგორ დავიცვათ თავი ტოქსიკური ადამიანისაგან?
წყარო: tbiliselebi.ge