Digest Logo

„აგვისტოს ყოველთვის ორი უზარმაზარი ნაკლი ჰქონდა - პირველი - აუტანლად ცხელოდა და მეორე და უფრო უარესი - ზაფხულის ბოლო თვე იყო“ - თეა გვასალია

1690631640
მთარგმნელი და ესპანური ენის პედაგოგი

ჟურნალისტი თეა გვასალია ზაფხულზე, არდადეგებსა და ზღვაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მისი ბავშვობის მოგონებას უკავშირდება. 

„აგვისტოს ყოველთვის ორი უზარმაზარი ნაკლი ჰქონდა. პირველი ის, რომ აუტანლად ცხელოდა, მეორე და უფრო უარესი - ზაფხულის ბოლო თვე იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაუნდობლად ახლოვდებოდა სკოლაში დაბრუნების გარდაუვალი ჟამი და მომდევნო ცხრა თვე, ნანატრ 25 მაისამდე ისევე გაიწელებოდა, როგორც ბევრი წლის შემდეგ ორივე ფეხმძიმობა, არაფრით რომ არ ადგება საშველი იმ 38 თუ 39 კვირის გასვლას, ბავშვით ხელში სამშობიაროდან სახლში რომ გიშვებენ და ბედნიერი, მაგრამ უფრო შეშინებული აცნობიერებ, რომ ეს სამკილოგრამიანი ცომის გუნდა შენ უნდა აქციო ადამიანად.

სამაგიეროდ, აგვისტო მშობლების შვებულების, ანუ ზღვაზე წასვლის თვე იყო. იქ არ გვეზარებოდა ადრე ადგომა, მარწყვის სუნიანი საპნით ხელ-პირის დაბანა, მენთოლის გემონარევი ფხვნილით კბილების გახეხვა და ფინური კოტეჯის აივანზე ცმუკვა, სანამ დედაჩვენი დიდ ჩანთაში არ ჩაალაგებდა ქვიშაზე დასაფენ ჭილოფს, პირსახოცებს, მზის ქუდებს და პლაჟისკენ არ გაგვიძღვებოდა. ახლა არც სამთვიანი არდადეგები მაქვს, არც სიცხე მიყვარს და არც ზღვა. რამდენიმე წლის წინ ურეკში მოვხვდი გავლით და ამაოდ შევეცადე მაშინდელი „მაგნეტიტის“ მოძებნას. მის ნაცვლად დამხვდა უსისტემოდ და ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე ჩადგმული პატარა და მოზრდილი სასტუმროები, საზაფხულო კაფეები, რამდენიმე რესტორანი, ბევრზე ბევრი ხალხი, ხმაური და ანტისანიტარია.

ბოლოს ვიღაც ადგილობრივმა უხუცესმა მიმასწავლა გზა და გული შემიქანდა, სასწაულად გადარჩენილ, ერთადერთ, ფერდმოქცეულ, ნახევარი საუკუნის წინ შეღებილ კოტეჯს რომ მივადექი. მოზრდილი აივანი, სადაც უამინდობის დროს ვიჯექით და წიგნებს ვკითხულობდით, ახლა პატარა მომეჩვენა, ცისფრად შეღებილი, ნათელი ოთახების ნაცვლად, გახუნებული, უფერული კედლები და ისეთი ჭრაჭუნა იატაკი დამხვდა, ნაბიჯის გადადგმისას მეშინოდა ფეხქვეშ არ გამომცლოდა. სამაგიეროდ რკინის საწოლები, რომლის ბადეებზეც დაძინებამდე ქანცის გაცლამდე დავხტოდით, ისევ მყარად იდგა ფანჯარასთან, საიდანაც ფიჭვებისა და სუბტროპიკული, დიდი წითელი ყვავილებით გარშემორტყმული, პიონერის თაბაშირის ქანდაკების ნაცვლად, მეზობელი რესპუბლიკიდან მრავალრიცხოვანი ოჯახებით ჩამოსული სტუმრებით სავსე კაფე ჩანდა, ფრუნზიკ მკრტიჩიანი რომ უკვეთდა მოსკოვის სასტუმროს რესტორანში, ის მუსიკა ჟღერდა და სვაროვსკის თვლებით გაწყობილ ქოშებში ფეხებწაყოფილი ქალები ჩემთვის გაუგებარ ენაზე ტუქსავდნენ შვილებს.

მას შემდეგ ურეკისკენ არც გამიხედავს, სამაგიეროდ, აქ, წყნეთში, ფიჭვნარში რომ გამყავს ბავშვები, ცოტა ხნით მაინც რომ ავაწიწკნო კომპიუტერებს და წიწვების სუნით დამძიმებულ შუადღის ხვატს ხანდახან ნიავი შეარხევს, მეჩვენება რომ საიდანღაც, იმ შორეული ზღვის სუნიც მოაქვს, ახლა რომ ძალიან არ მიყვარს, ბავშვობაში კი უმისოდ ზაფხული ვერ წარმომედგინა“, - წერს თეა გვასალია.