Digest Logo

„ახალგაზრდები მარტო ვერ გაიკვლევენ გზას სინათლისაკენ - ძალიან მინდა ეს წერილი წაიკითხოთ და ნახოთ, როგორ მეგობრობდა ანტონი სუროჟელი ჰიპებთან“ - მამა პეტრე

1678785465
პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუკის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ მოაქცია ჰიპები ანტონი სუროჟელმა. ამავე სტატუსში სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობას მეგობრობა და სწორი ორიენტაცია სჭირდებათ, რადგან მათ დამოუკიდებლად ღვთის გზაზე დადგომა გაუჭირდებათ:

🔵„იოსელიანის თაობა რომელ რუსეთს ებრძოდა ჯიხაშკარის ტყეში, ხომ ვერ მეტყვით?! არ გაბედოთ უმცროსი თაობის ლანძღვა“ - მამა პეტრე კვარაცხელია

„ადამიანი, მით უფრო მოზარდი შეიძლება სულიერ კრიზისს განიცდიდეს. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ამდენი გამოწვევების წინაშე იმყოფება მომავალი თაობა.

ისინი მარტო ვერ გაიკვლევენ გზას სინათლისაკენ.

სჭირდებათ სწორი და ჯანსაღი ორიენტირი…

თუ თავად არ გაუჩნდათ სურვილი ურთიერთობის, პირველი ნაბიჯი ჩვენ უნდა გადავდგათ, ჩვენ შევეხიდოთ… სიყვარული, მეგობრობა, გულწრფელი ღიმილი დავანახოთ…

დანარჩენს ღმერთი იმოქმედებს…

ძალიან მინდა ქვემოთ მოყვანილი წერილი წაიკითხოთ და ნახოთ, როგორ მეგობრობდა ანტონი სუროჟელი ჰიპებთან და ისინიც თავის მხრივ ცდილობდნენ ეხილათ სინათლე!..

1967-68 წლებში, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვქადაგებდი ოქსფორდის ქუჩებში. ვჩერდებოდი რომელიმე ადგილას, იკრიბებოდა რამდენიმე ადამიანი, მე კი რამდენიმე საათის განმავლობაში ვქადაგებდი სახარებას. შემდგომ ნახევარი საათის განმავლობაში პასუხს ვცემდი მათ მიერ დასმულ კითხვებს. ერთ დღეს ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა - გაბურძგნული, გრძელი თმით, ჩაცმული თავისზე დიდი ზომის ტანსაცმელში და მეუბნება:

- „რატომ არ დადიხართ თქვენ ჩვენს შეკრებებზე?“

- „და რა შეკრებებზე?“ - ვკითხე მე.

- „აქ ჩვენ მთელი ჯგუფი ვართ ჰიპების. თქვენ რატომ არ ხართ ჰიპი? ჩაცმული თითქოს არც არავინ იყოთ, უცნაურად კი გამოიყურებით, კისრის გარშემო ჯაჭვი გკიდიათ, ასეა ჰიპებშიც, ოღონდ ბებრებში“.

- „მაშ, თუ ასეა, აუცილებლად მოვალ თქვენს შეკრებაზე. როდის გაქვთ შემდეგი?“

- „დღეს საღამოს, მობრძანდით“.

საღამოს მე მართლაც მივედი მათ შეკრებაზე. დიდი ოთახი, ძირს მოფენილი ლეიბები, კედლებზე ანთებული სანთლები (განათებისთვის და სიგარეტისთვის). ცენტრში დგას ერთი ახალგაზრდა და კითხულობს თავის ლექსებს. მე გადავედი ერთ-ერთ კუთხეში, მოვკალათდი ლეიბზე და მოსმენა დავიწყე. პირველად რამაც გამაკვირვა იყო ის, გარშემომყოფნი თუ როგორ უსმენდნენ ცენტრში მდგომ ახალგაზრდას, რომელიც თავის ლექსს კითხულობდა. იქ იმყოფებოდა ორმოცდაათამდე ადამიანი, უსმენდნენ მოწიწებით, ასე უსმენენ ადამიანს, რომელიც რაღაც ძვირფასს ამბობსს, უნდა მოუსმინო ყურადღებით და გულისყურით, რადგან თავის გულსა და სულს გიხსნის. რაღაც მომენტში დაამთავრა და თქვა: "მგონი სულ ეს იყო". წავიდა და დაჯდა თავის ლეიბზე. შემდეგ კიდევ ვიღაც გამოვიდა, კიდევ ვიღაც. მე გავიფიქრე: "მე რატომ არ ვსაუბრობ? რატომ არ ვამბობ არაფერს?" წამოვდექი, გავედი ოთახის ცენტრში და აღმოვთქვი: „მე რაღაცის თქმა მინდა, მე მინდა გითხრათ თქვენ, როგორ და რატომ გავხდი მორწმუნე“. შემდგომ მე მათ მოვუყევი ემიგრაციის პირველ წლებზე, იმაზე თუ როგორ ვცხოვრობდით. რათა მათ გააცნობიერონ რომ ცხოვრება, რომლითაც მიცხოვრია იყო გაცილებით მძიმე, ვიდრე მათი დღევანდელი ცხოვრებაა. შემდეგ მოვუყევი რატომ გავხდი მორწმუნე. როდესაც საუბარს მოვრჩი, ჩამოვარდა წუთიერი დუმილი, დაიწყო დრამატული პაუზა; მე გავიფიქრე: „უხ, როგორი მოწიწება იგრძნობა!“ მოწიწება მალევე დასრულდა, უცებ იღება კარი, ვიღაც თავხედი შემოიჭრა ოთახში, პირდაპირ მე ჩამაფრინდა, დამეძგერა სიფათში და უცებ გაიქცა. ამით, რა თქმა უნდა, დასრულდა მისტიური ატმოსფერო, დრამატული ეფექტი განადგურებული იყო. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ დიდხანს ვისხედით, განვიხილავდით სხვადასხვა თემებს. ერთ-ერთი მათგანი ჩემთან მოვიდა და მეუბნება:

- „კარგია, რომ თქვენ მოხვედით.“

- „და რატომ?“

- „თქვენ კეთილი თვალები გაქვთ...“

- „ამით რა...?“

 - „იცით... თქვენ ჩვენ გვიყურებთ და არ გძულვართ“.
ასეთი რეაქცია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, დიახ, მათი მიღება ძლიერ უჭირდათ - გრძელთმიანების, ფაფრიანების, ბანჯგვლიანების.

ეს იყო პირველი შეხვედრა. შემდეგ ჰიპებმა ჩემთან ეკლესიაში დაიწყეს სიარული. ჩვენი მოხუცები, მე ვიტყოდი, არ იყვნენ მთლად აღფრთოვანებულნი. იფიქრეთ თქვენ ადგილობრივებზე (მრევლზე), როდესაც ჰიპებმა დაიწყეს გამოჩენა: "მამა ანტონ, მართალია, რომ ისინი მალე მთელს ეკლესიას გაავსებენ?" ისინი კი მხოლოდ ორმოცი თუ ორმოცდათნი არიან და ტაძარში ძალიან მშვიდად დგანან…

ერთ-ერთი ღვთისმსახურების შემდეგ ჰიპები დავლოცე და დავპატიჟე ჩემთან. ამის შემდგომ ერთი წელი თვეში ერთხელ მოდიოდნენ ჩემთან ჩაის დასალევად და სასაუბროდ. ბოლოს კი ესწრებოდნენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ლექციებსაც. შემდეგ, რომელიღაც დღეს, ისინი მოვიდნენ ჩემთან და მეუბნებიან: "იცით... ჩვენ გვინდა ვილოცოთ. არ გსურთ ჩვენთან ერთად ღამე გაათენოთ და გვასწავლოთ?" და ჩვენ ათი საათი ვლოცულობდით. ეს არც ისე ცუდია, როცა სამოცამდე ახალგაზრდის ჯგუფი შენთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში ლოცულობს. – ეს აჩვენებს, რომ მათ ნამდვილად სურდათ ლოცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვისრულებია მართლმადიდებელური ღვთისმსახურება, ეს იქნებოდა სრული უაზრობა - აღასრულო ღვთისმსახურება ხალხისათვის, რომლებმაც არც კი იციან სად და რატომ დგანან. მაგრამ ჩვენ ასე გავაკეთეთ; ჩვენ ვიყავით სამნი (მღვდელმსახურები), დროც სამი საათის ინტერვალებად გავყავით. ინტერვალებში, პერიოდებს შორის, ვუმასპინძლდებოდით ჩაითა და ნამცხვრით. ასე გავაგრძელეთ: თითოეული ჩვენგანი (იყო კიდევ ორი ინგლისელი) გამოდიოდა რაღაც თემებზე სასაუბროდ. შემდეგ იყო ნახევარსაათიანი პერიოდი, სადაც ეს თემა ნაწილდებოდა პატარ-პატარა წინადადებებად, ამ წინადადებაზე თითოეულ იქ მყოფს უნდა ეფიქრა რამდენიმე წუთი და შემდეგ ამით ვქმნიდით მოკლე ლოცვის ფორმას. ასე ვლოცულობდით ჩვენ ათი საათი.

შემდეგ მათ მე მიმიწვიეს და აირჩიეს თემა წმინდანებზე. ჩვენ კი სამი დღე გავატარეთ ერთად. ვლოცულობდით, ვიჯექით ერთად, მე ვსაუბრობდი მათთან, სვამდნენ მრავალ საინტერესო კითხვას. შემდეგ, ვისაც უნდოდა მოდიოდა ჩემთან პირადი შეკითხვებითა და თხოვნით. დღეს კი დიდი ნაწილი ჰიპების ამ ჯგუფისა მოდის მართლმადიდებელ ეკლესიაში. მე მათ ვეკითხები: რატომ? ისინი კი მპასუხობენ: იმიტომ, რომ მართლმადიდებლებმა იციან რისი სწამთ“, - წერს მამა პეტრე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია, ჩემმა ევროპამ ჩემს სამ კლასელს ახალი სიცოცხლე აჩუქა“ - ლალი მოროშკინა

🔵რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი?

🔵„დღეს მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას“ - ცაგარელი