სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილის შვილი ნინი სოციალურ ქსელში წარსულში გადატანილ უბედურ შემთხვევას იხსენებს. 25 წლის წინ მას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი დაეჯახა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
„1997 წლის 8 მაისს, 25 წლის წინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მანქანით დამეჯახა. 1% იყო ჩემი გადარჩენის, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა და ამ დღეს მეორედ დავიბადე. ვერც კი წარმოვიდგენ, ჩემს მშობლებს რისი გადატანა მოუწიათ.
უპასუხისმგებლო მძღოლის დამსახურებით ბავშვობაში ბევრჯერ გული მწყდებოდა, რომ ავარიის შედეგად დატოვებული შრამების გამო ვერ ვიცვამდი იმას, რაც ძალიან მინდოდა. მეზიზღებოდა ზაფხული. მიწევდა ადამიანების ჩურჩულის მოსმენა, რომ ცოდო ვარ, ვაიმე რა მჭირს, შეშფოთებული და ხანგრძლივი მზერა…მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს გავიკეთებდი ოპერაციას და შეიცვლებოდა ყველაფერი, მაგრამ როცა მამამ წამიყვანა ქირურგთან, რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა.
მახსოვს როგორ ვტიროდი და როგორ მამშვიდებდა მამა და მეუბნებოდა: - არაუშავს, მა, შენ მაგაზე არ ინერვიულო. მე შენ ყველა სურვილს შეგისრულებ. სწავლის გაგრძელება ხო გინდა გერმანიაში? აუცილებლად ისწავლი. ერთად ვიმოგზაურებთ ყველგან. მა შენ ძალიან ლამაზი ხარ, ხო იცი.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ღმერთმა მასწავლა საკუთარი თავის სიყვარული და ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ცხოვრების გაგრძელება. გავაცნობიერე, რომ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მივიღე რეალობა ისეთი, როგორიც არის. ვისაც იგივე პრობლემასთან შეჯახება მოგიწიათ ან უფრო რთული გზის გავლა გიწევთ, შეიყვარეთ საკუთარი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ. არ ინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ და რაც უკვე მოხდა, მიიღეთ ამისგან გამოცდილება. თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი და ლამაზი ადამიანები“, - წერს ნინი გოგაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ქალღმერთი, ქალი კაშკაშა“ - ეკა კახიანის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა
🎥 „პანდემიის დროს მე ავშენდი, გადავიხადე 15 წლის წინანდელი ვალები...“ - ზურა შევარდნაძე