განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„წინა გაკვეთილზე „მთიებში“ ჩემს მეთორმეტეკლასელებს ტონინო გუერას მოთხრობა წავუკითხე - „ზეცაში ასასვლელი კიბე“ ჰქვია (საგანმანათლებლო პროგრამისთვის "მცირე პროზა" ჩემმა მეგობარმა ვახო სალიამ თარგმნა ქართულად).
ბერძენი ვაჭარი უკაცრიელ სოფელში მოხუც ქალს გადაეყრება, რომელსაც ვერცხლის შესანიშნავი სამაჯური აღმოაჩნდება.
ვაჭარს ამ ნივთის ხელში ჩაგდება სურს და ქალს რას აღარ სთავაზობს, მაგრამ ის არ თმობს - სამაჯური მას თავის გარდასულ სიყვარულს აგონებს და ვერაფრით ეთხოვება.
ვაჭარი სოფელში რჩება და აგრე განმარტოებული და ყოფითობას განრიდებული სულის უჩვეულო სიმსუბუქეს გრძნობს - „მხოლოდ ცოცხლობს და მორჩა“.
ბავშვობის სილაღეში დაბრუნებულს თითქოს სამაჯურიც ავიწყდება და მთელი წინა ცხოვრებაც.
ბოლოს ქალი თვითონ მოდის ვაჭართან და სამკაულის გაცვლას სთხოვს, მაგრამ რაში?
მიწაზე ტოტით რაღაცას უხაზავს, მაგრამ ვაჭარი ვერაფრით ხვდება, რა სურს მასთან მისულს.
ქალი მიდის.
სარგებელს კვლავ გამოდევნებული ვაჭარი მას მუსლიმთა სასაფლაოზე იპოვის და სევდიან სურათს ხედავს:
უკაცრიელი სოფლის უკანასკნელი ბინადარი თავის საფლავს ითხრის ვაჭარი შეამჩნევს, რომ ყველა სამარეში კიბეა ჩადგმული.
ამ კიბით გარდაცვლილს ჩაასვენებდნენ და მერე იქვე ჩადგმულს ტოვებდნენ - ადგილობრივთა წარმოდგენითა და რწმენით ამ კიბით მიცვალებულის სული ზეცაში ადვილად ავიდოდა.
ვაჭარი ახლა მიხვდა, რომ მოხუცი ქალი თავის ძვირფას სამაჯურს კიბეში უცვლიდა - აკი გამოუწოდა კიდეც.
მან მოხუცს კიბე გაუკეთა და გათხრილ საფლავში ჩაუდგა.
ქალი ბედნიერია, რომ მის სულს ახლა ზეცაში ასვლა აღარ გაუჭირდება.
ვაჭარი სოფელს მეორე დღეს ტოვებს.
მასაც სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებს - სამაჯური ხომ ქალს გუშინვე დაუბრუნა.
ასეა - ვერცხლი ყველაფერს ვერ ყიდულობს.
მოეწონათ და ვისაუბრეთ ამ მოთხრობაზე.
კვლავ გავიხსენეთ, როგორ აღემატება სიყვარული ოქროს (ამ კონტექსტში რუსთველიც გავიხსენეთ), როგორ აჭარბებს სული მატერიას.
ხანდახან ადამიანები სხვაგვარადაც იქცევიან, მაგრამ როცა საკუთარ ბუნებაზე დააფიქრებ - ღმერთმა რომ უბოძა ხატობითა და მსგავსებით - სიკეთის, სიმართლისა და მშვენიერების მხარეს დგებიან.
ასე შეიძლება იქცეს პატარა მოთხრობა ერთი დღის კი არა, მთელი ცხოვრების მასწავლებლად.
რა გონიერები და ლამაზები იყვნენ წეღან ჩემი ბავშვები - ერთი გენახათ“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი გული...“ - ზურიკო დავითაშვილის მეუღლე უთბილეს კადრებს გვიზიარებს
🎥 „მერაბის ჩხუბი და გამარჯვების ზეიმი...“ - სოსო ნებიერიძის ვლოგი ლოს-ანჯელესიდან