თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„უმძიმესია ამ ტრაგედიის შედეგად ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ეს დანაკარგი მტკივნეულია. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ყველას, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო“, - წერს უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ კარალიოკის სამკურნალო თვისებები - „სასარგებლოა, როგორც ნაყოფი, ისე მისი ფოთლები და ყუნწები“