Digest Logo

„ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური, პირადი და პროფესიული როლების არცოდნა“ - ნათია ფანჯიკიძე

1688883124
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

„როლების არცოდნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა თავის თავის შესახებ რაიმე ღრმა და ქვეცნობიერი, ან რაიმე ღირებულებითი კი არა, რაც ხელისგულზეა, ისიც არ იცის. ამიტომ არ იცის მომავლისგან რა უნდა, არც ის იცის, რომელი პროფესიის ადამიანსიგან რა მოითხოვოს, მთავრობას რა სთხოვოს და საკუთარ თავს რა დაავალოს“,  - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

„ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური, პირადი და პროფესიული როლების არცოდნა.
ესეც სსრკ-მ მოიტანა, მთელი თავისი სიმახინჯით და ადამიანების დეინდივიდუაციით, ერთმანეთში ღორის სალაფავივით გადაზელვით, სადაც, მაგალითად, ქურდი, გრუს აგენტი, ყველაფრის სპეციალისტი და პროფესორი ერთდროულად შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმე.

ამიტომაა, რომ პოლიციელების თვალწინ დამრბევი ბანდა სხვის ქონებას ინაწილებს, პოლიციელი კი ამ "ნადავლის სიხარულის" მონაწილეა. მღვდელი ნაქურდალს აკურთხებს, ხალხის ნაწილი კი ამაში უცნაურსაც ვერაფერს ხედავს.
როლების არცოდნის გამოა, რომ პროფესორი და ხულიგანი, პოლიტიკოსი და ქუჩის ბიჭი, ერთნაირად მეტყველებს და ერთნაირ აგრესიას ავლენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მისგან ოდნავ განსხვავებულად ფიქრობს ან გამოხატავს აზრს და ღმერთმა დაიფაროს, მით უმეტეს თუ მას არ ჰგავს.

ამ როლების არცოდნის და გინდაც არარსებობის გამოა ერთმანეთის მიმართ წაყენებული არასწორი მოლოდინებიც.
ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ეს ერთნაირობა ერმანეთის გაგებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ პირიქით, კომუნიკაციის სრულ მოშლას, რადგან ადამიანს თუ ადამიანურს, ანუ კულტურით, დასწავლით შეძენილს გადააცლი, მისგან ველური ინსტინქტებიღა რჩება.

როლების არცოდნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა თავის თავის შესახებ რაიმე ღრმა და ქვეცნობიერი, ან რაიმე ღირებულებითი კი არა, რაც ხელისგულზეა, ისიც არ იცის. ამიტომ არ იცის მომავლისგან რა უნდა, არც ის იცის, რომელი პროფესიის ადამიანსიგან რა მოითხოვოს, მთავრობას რა სთხოვოს და საკუთარ თავს რა დაავალოს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც იმედიანად ვარ. მოთმინებით ველი, გონიერება როგორ გაიკვალავს გზას ადრე თუ გვიან და მაქსიმალურად ყველა ადამიანი თავის ადგილს აზრიანად დაიკავებს, უკეთესზე იოცნებებს და რაც მთავარია, იმას გაარჩევს, რა არის უკეთესი“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ნუცა სკანდალის შემდეგ, სატელევიზიო ეთერში პირველად გამოჩნდა - „დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი, სადაც არ უნდა გააკეთოს ჩემმა ახლობელმა, მე იქ ყოველთვის ჩავალ“

🔵🎥 შავი ფერის ტორტი, დრესკოდი, ცნობილი სტუმრები და ამღერებული ქართველი მომღერლები - ბიჭოლას გრანდიოზული დაბადების დღე

🎥 ბარგი დავკარგეთ და ეტლის დამტენიც... მაგრამ რას არ მოიფიქრებს ჩემი პატარა მსუქნიკო, რომ დედას დაეხმაროს - დათი ქოქრაშვილის დედა