ზუგდიდში არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს. მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს ცივი იარაღით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა. საბა მამფორიას ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
„ამათ ცალ-ცალკე ყოფნას რა ჰქვია, ღმერთო. არავის დედას არ უნდა მოუკვდეს შვილი...“, - წერს მელანო ხურცილავა.
„ვზივარ და ვერაფერზე ვფიქრობ... იქ რაც ამ ბავშვის ოჯახში ხდება დედამიწაზე ჯოჯოხეთია... ვტიროდი როცა იქიდან მოვბრუნდი და ჩემს 10 და 8წლის ბიჭებს ვერ ავუხსენი რატომ ან რაზე ვტიროდი..
არ მინდა იცოდნენ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რატო კლავენ, რატო ჩაგრავენ ან რატომაა ამდენი ძალადობა ირგვლივ.. მე მეშინია ხვალინდელი დღის, იმიტომ რომ ირგვლივ ასეთები ხდება.. მე ორი ბიჭის დედა ვარ და ვფიქრობ რანაირად ავარიდო ჩემი შვილები ამ ყველაფერს...“,- წერს მელანო ხურცილავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც. არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე...“ - რას წერს ვანო ნადირაძე
🔵5 გეომაგნიტური დღე და 2 მნიშვნელოვანი მოვლენა - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს