უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად კიდევ ერთი ქართველი - ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა.
სოციალურ ქსელში დაღუპული მებრძოლის მეგობარი ქეთა ბაღაშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მის შესახებ წერს:
„ჩემს მეგობარზე მინდა მოგიყვეთ.
ასეთი იყო, როცა გავიცანი. თითქმის 20 წლის წინ.
კლასში რომ შემოდიოდა, მერხები ზანზარებდნენ. ასეთი იყო თავიდანვე, დიდი. ჩვენ მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა. და ასეც იყო სულ. მის უკან ამოფარებულმა გავატარე სკოლის პერიოდი. მერე უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ჩავთვალე, კლასს კი არა, მთელ საქართველოს გადაეფარა. მეხუთე კლასში ვიყავით, რაგბის თამაში რომ დაიწყო და ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე, ვინმეს რომ დაეჯახოს, ის ადამიანი ვეღარ ადგება-მეთქი. უკრაინაში რომ წავიდა, გავაფრთხილე მაგრად დაეჯახე, იცოდე, ყველას და მჯეროდა, რომ ერთი დაჯახებითაც გამუსრავდა რუსებს. და მპირდებოდა, არ დავაკლებო და მეც ვიცოდი, რომ მისთვის უკან ნაბიჯი არ არსებობდა. 27 თებერვალს უკვე კიევში იყო.
გაგანია ომში. ჩვენი ხელისუფლება რომ ვერ მიფრინავდა, ამან ომის დაწყებიდან მეორე დღესვე აისხა თავისი აღჭურვილობა და ყველაზე სასტიკ წერტილში წავიდა. ვფიქრობდი ხოლმე, ნეტა არ ეშინია? რანაირად არ ეშინია? რა გული აქვს ასეთი? და ეგ უზარმაზარი გული გაჩერდა დღეს.
ჯაბას თავისი ბიძის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას სახელი ერქვა. დაგვისვამდა ხოლმე ბავშვებს და გვიყვებოდა ბიძის და მამის გმირობების შესახებ და ვუყურებდი და სულ ვფიქრობდი, როგორ შეეძლო არნახულის ასეთი ემოციით გადმოცემა. მეხუთე კლასელს ძარღვები ასკდებოდა საფეთქელზე, როცა რუსეთის ბოროტებას გვიყვებოდა და თვალები ენთებოდა საქართველოს და გმირი ქართველების სიყვარულზე ლაპარაკისას.
თავის გვერდზე ეწერა : „როგორ აღესრულა ის? სჯობს გიამბო თუ როგორ იცხოვრა მან". არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ მე ვიცი, როგორ იცხოვრა მან. გმირულად და სამშობლოს სიყვარულით. და მინდა, რომ ყველამ იცოდეს ეს.
საუკუნოდ მის დიდებაში გავატარებ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას. მშვიდობით, მეგობარო!“, - წერს ქეთა ბაღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵🎥 „ნიკოს ოჯახს“ - ხვიჩა კვარაცხელიამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მაისური საკუთარი ხელმოწერით გაუგზავნა