Digest Logo

„არჩევანის წინაშე დადგა - უნდა დაეწყო დიალიზის პროცედურა ან თირკმელი გადაენერგა... დონორი მისი 27 წლის ძმა გახდა“ - 33 წლის ხატია ვარდიაშვილის ისტორია

1667563367
ხატია ვარდიაშვილია

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში 33 წლის ხატია ვარდიაშვილის შესახებ წერს, რომელსაც თირკმლის ქრონიკული უკმარისობა 5 წლის ასაკში გამოუვლინდა და პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მისი მეორე თირკმელიც დაზიანდა, რამაც ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია.

თირკმლის გადანერგვის დროს დონორი მისი 27 წლის ძმა აღმოჩნდა.

„ეს ჩვენი ბენეფიციარი, 33 წლის ხატია ვარდიაშვილია. გაუხარდა, როდესაც შეიტყო, რომ მის ამბავს სოციალურ ქსელში გავაზიარებდით - მინდა, ჩემი გამარჯვების ისტორია სხვებისთვის მაგალითი იყოსო.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა მას 5 წლის ასაკში გამოუვლინდა. 17 წლისამ ბავშვი გააჩინა, მშობიარობამ მეორე თირკმელიც დაუზიანა... ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, ხატია აქტიური ცხოვრების წესს მისდევდა და ბორტგამცილებლად მუშაობდა. 2022 წლის მაისში, მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა - ის ცუდად გახდა და ფრენა ვეღარ შეძლო. ხატია არჩევანის წინაშე დადგა - უნდა დაეწყო დიალიზის პროცედურა ან თირკმელი გადაენერგა. ექიმთან კონსულტაციით, ოპერაცია გადაწყდა. თირკმლის დონორი მისი 27 წლის ძმა გახდა. ვატო მთელი ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავდა, რადგან იცოდა, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, დას მისი დახმარება დასჭირვებოდა...

ხატია დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამაში ჩაერთო. შედეგად, თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, ასევე, თანამდევი 2 ქირურგიული ჩარევა, სახელმწიფომ სრულად დაუფინანსა.
დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მართავს. დღეს, სააგენტოს დირექტორი თენგიზ გენძეხაძე ხატიას შინ ესტუმრა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. ბენეფიციარის განმარტებით, ის თავს კარგად გრძნობს და უკვე საკუთარი ბიზნესიც კი წამოიწყო. აღფრთოვანებით საუბრობს ექიმებზე, რომლებიც მისი სიცოცხლისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სახელმწიფოს დაფინანსებით, ხატია სპეციალური მედიკამენტის (იმუნოსუპრესორის) მიღებას აგრძელებს, რომელიც ადრე, დღეში 12 აბი სჭირდებოდა, დღეს კი ექიმმა უკვე 4-მდე შეუმცირა.

2022 წელს, დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის სახელმწიფომ 51 მილიონამდე ლარი გამოყო.

პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს“, - წერს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ნანუკა გულუას დაბადების დღე აქვს - ნახეთ, როგორ ულოცავენ მსახიობს იუბილეს (ფოტო)

🔵„ამ მარაზმზე გული მარტო მე მერევა? უკრაინელი წყვილი ჩაუტენიათ და სავარაუდოდ, მაგათ გაამარჯვებინებენ“ - რას წერს ნინო ლაბარტყავა

🔵„კიდევ ერთი კარგი ქუთაისელი დაგვაკლდა ნაადრევად“ - ხელბურთის კლუბ „ქუთაისი 2015“-ის მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა