
ბოლო 20-25 წელია საქართველოდან მიგრაციის ბუმია. მოქალაქეებს, მშობლიური სახლ-კარის, საყვარელი ადამიანებისა და სამშობლოსგან შორს ყოფნა, ელემენტარული საარსებო წყაროს შოვნის მიზნით მოუწიათ.
გაურკვეველი ვადით სამუშაოდ წასული ადამიანები კარგავენ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, არცთუ ისე იშვიათად, ისინი ცოცხლებსაც ვერ უსწრებენ მათ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ემიგრანტები სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს საყვარელი ადამიანებისგან შორს ატარებენ...
როგორც საქართველოში დარჩენილებს, რა თქმა უნდა, ემიგრანტებსაც აბსოლუტური უფლება აქვთ, თავისუფლად აირჩიონ მათთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურა, მოსწონდეთ, მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და ღიად უჭერდნენ მათ მხარს.
ადამინებს შორის ურთიერთობაში სხვა პრობლემებთან ერთად სხვისი აზრის პატივისცემის კულტურის დეფიციტი წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება ხოლმე. ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის მხარდაჭერას, მეორე მოქალაქე პირად შეურაცყოფად იღებს და მზადაა, ამის გამო მას ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდეს. მსგავსი პათოსით არც საჯარო პირები არიან გამონაკლისნი.
რეჟისორმა ქეთი დოლიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად საბერძნეთში, ქალაქ ათენში შეკრებილ ასობით ქართველს „ავადმყოფები“ უწოდა და დაწყევლა.
აი, ზუსტად ასე:
„ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს“, - წერს ის.
საპასუხო კომენტარი - ბოდიში ან წუხილი - რეჟისორს ჯერჯერობით, არ გამოუთქვამს.