Digest Logo

„ბავშვი მთელი თამაში იმეორებდა: დამატებითი დრო, პენალტები, მამარდა მოგვაგებინებსო“ - რა პოსტს აქვეყნებს ფეხბურთის ქომაგი და ჟურნალისტი თეო კენჭიაშვილი

1711619189
თეო კენჭიაშვილი

საქართველოს ნაკრების გუნდმა 26 მარტს ისტორია დაწერა. საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერია გადამწყვეტი აღმოჩნდა და ნიკა კვეკვესკირმა გამარჯვების გოლი გაიტანა. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გულშემატკივრები მალევე გამოვიდნენ მოედანზე და გმირებთან ერთად აღნიშნეს გამარჯვება და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ.

ფეხბურთის ერთ-ერთი გულმხურვალე ქომაგი ჟურნალისტი თეო კენჭიაშვილი გახლავთ, რომელმაც სოციალურ ქსელში ფეხბურთისადმი სიყვარულზე ემოციური, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და თამაშის დროს მოედანზე არსებული ვითარება დეტალურად გაიხსენა.

„11 წლის ვიყავი, როცა ჩემი ძმა მეგობრებთან ერთად „ჩემპიონთა ლიგას“ უყურებდა. მაშინ გადავწყვიტე ვარსკვლავური „რეალის“ ფანობა და ფეხბურთით „მოვიწამლე“. საქართველოს ნაკრები არც მაშინ და არც შემდეგ არ ბრწყინავდა, მაგრამ მაინც ყველა თამაშს ვუყურებდი.

იყო პატარ-პატარა გაელვებები, გვყავდა კარგი ფეხბურთელებიც, მაგრამ ვერა და ვერ მივედით დიდ გამარჯვებამდე. მე მაინც მჯეროდა!

მჯეროდა მაშინაც კი, როცა ხალხი საქართველოში ფეხბურთის გაუქმებას ითხოვდა და დინამოზე ხილ-ბოსტნეულის დათესვაზე „ღადაობდნენ“.  

2018 წელს, პირველად წავედი ნაკრების თამაშზე, ყაზახეთის წინააღმდეგ. ჩემი ძმები და ბიძაშვილები ავიყოლიე და წავედით თამაშზე - 4 ბიჭი და 1 გოგო მაშინ ჩაკვეტაძემ გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

მახსოვს ის ემოცია, სიხარული და იმედის ნაპერწკალი, რომ ევროპაზე გასვლას ვუახლოვდებით.

რაც შეეხება ამ დღეს.

ნახევარფინალზევე მოგების მუხტით წავედი და მოვიგეთ. მჯეროდა, ფინალსაც მოვიგებდით. სამწუხაროდ, ისევე როგორც ბევრ ადამიანს, არც მე მერგო ბილეთი.

რიგში 6-საათიანი დგომის შემდეგ, მაინც ვერ ვიყიდე. გული ჩამწყდა. მჯეროდა მოვიგებდით და მინდოდა ეს ემოცია ზუსტად სტადიონზე განმეცადა. შევეგუე უბილეთობას, თუმცა ერთმა ძალიან კეთილმა ადამიანმა საკუთარი ბილეთი დამითმო და თავად სახლში უყურა, შენ უფრო გჭირდება იქ ყოფნაო.

აი, აქედან დაიწყო ჩემი კეთილი ზღაპარი. ასე სასწაულებრივად მოვხვდი ამ თამაშზე.

მარტო წასვლა მომიწია, საყვარელი ადამიანების და სიხარულის გამზიარებლების გარეშე.

ამან ცოტა დამთრგუნა. ჩემს გვერდით სკამზე აღმოჩნდა 13 წლის გიორგი. დედამისი იჯდა ცოტა მოშორებით, სხვა რიგში. თავიდანვე გამოველაპარაკე და პროგნოზიც ვკითხე.

პენალტები იქნება და მამარდა მოგვაგებინებსო. მეც მგონია ფრე იქნება, მაგრამ პენალტები არ გვინდა, სანერვიულოათქო.

არადა ბავშვი მთელი თამაში იმეორებდა: დამატებითი დრო, პენალტები, მამარდა..

მე დღეს წავედი მოგების განწყობით და იმდენად დარწმუნებული ვიყავი და მჯეროდა, რომ ახლა მგონია, ეს ყველაფერი სიზმარში ვნახე. სრულიად მამაკაცების რიგებში მოვხვდი, წინ და უკან გინება ისმოდა. მე კი, ყოველ ჯერზე როცა ბურთით ბერძნები იყვნენ ჩვენს კართან, ჩემთვის ვამბობდი: არა, გოლს ვერ გაიტანთ, გამორიცხულია. დღეს ჩვენ ვიგებთ. ასეთი რწმენით ვიჯექი-უფრო ვიდექი სტადიონზე

თან გიორგის ვამხნევებდი, დღეს ვიგებთ, აუცილებლად ვიგებთ!

ოთხმა ტაიმმა ხომ მანერვიულა. აი, პენალტების სერიის დროს ბევრი რამე არ მახსოვს ორნაბიჯიან ბოლთას ვცემდი, ფიზიკურად მეტი ადგილი არ იყო.

ჩემს წინაც ბავშვები ისხდნენ. ერთმა მათგანმა, დაახლოებით 8 წლისამ პენალტების დროს დაიწყო ტირილი, ვერ წყნარდებოდა, ზურგით შეტრიალდა, რომ არ ეყურებინა. აქეთ ამ ბავშვს ვაწყნარებდი, ნუ ნერვიულობ, მოვიგებთ-თქო. ბოლო დარტყმის დროს, ხის ჯვარი ამოიწია , თვალები დახუჭა და ლოცვა დაიწყო. და ჩვენ მოვიგეთ!

ბავშვმა ბოლო ხმაზე ყვირილი დაიწყო. ცალკე ემოციებში იყო პატარა გიორგი, რომელიც ჯერ მე ჩამეხუტა და მერე დედიკოს რიგისკენ გაიქცა. საერთოდ ყველა ვტიროდით ამ მომენტში და ვიდეოში, მეც ცრემლიანი ვარ  
რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს. ისედაც ბევრი დაიწერება და ისედაც ყველამ ვიცით, რომ რაღაც გამორჩეული თაობა გვყავს, იმედის მომცემები.

ზოგმა ევროპას უკვე გააცნო საქართველო, მაგრამ ჩვენი წილი ევროპა გვქონდა „მოსაპოვებელი“ და მოვიპოვეთ ეს ისტორიული გამარჯვება.

დღეს, მე მოვიგე ფინალი, დღეს პატარა გიორგიმ მოიგო ფინალი, დღეს ხის ჯვრიანმა ბიჭმა მოიგო ფინალი, დღეს ჩემმა შიომ მოიგო ფინალი, რომელსაც ძალიან უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფინალს ვერ დაესწრო.

დღეს თქვენ სათითაოდ ყველამ მოიგეთ ფინალი, ხალხნო.

ვინ, სად და როგორ უყურეთ, თუ საერთოდ არ უყურეთ, მაინც მოიგეთ! იმიტომ, რომ ეს გამარჯვება ყველასია.

იმიტომ, რომ დღეს ნერვიულობით, ემოციებით და ხმის ჩახლეჩვამდე გულშემატკივრობით დაინგრა სტადიონი.

დღეს, ჩვენც ვთამაშობდით მათთან ერთად. დღეს, ყველამ მოვიგეთ და ქუჩებში ზეიმია, მთელ ქვეყანაში ზეიმია, ქვეყნის გარეთაც ზეიმია  

მადლობა ჩვენს ბიჭებს, თითქმის 130-წუთიანი თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. ფეხბურთის ფანებს არ გვიყვარს დამატებითი დრო და პენლები, რადგან ამ პროცესს „ნერვების ომს“ უწოდებენ.

ევროპის და მსოფლიოს რამდენიმეგზის ჩემპიონებიც კი მარცხდებიან პენალტების სერიაში, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ „ნერვების ომი“ მოვიგეთ!

ფეხბურთი არის ცხოვრება. ყველას შეიძლება არ უყვარდეს, მაგრამ არის მომენტები, როცა ყველას აერთიანებს!

ასეთი დღეა 26 მარტი! საქართველოს ნაკრებმა, ჩვენთან ერთად დაწერა ისტორია! წინ დიდი გამარჯვებებია, ზღაპრის ბოლო კი მართლა კეთილია! 

და როგორც ამ სიმღერაშია: „ჩვენ მოვედით, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ!“,- წერს თეო კენჭიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.