Digest Logo

„ბებიას სჯეროდა, რომ ფერცვალობა დღეს ყველაფერი უვარგისი, გლახა და უფერული უკან რჩება, ყორიფელი საჩვენოდ, სასიკეთოდ იცვლის ფერს“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

1755583725
 ზურა შევარდნაძე.

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და სხვადასხვა მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

იგი ამჯერად სოციალურ ქსელში ფერიცვალების დღესასწაულზე წერს და იხსენებს თუ როგორ ატარებდა დროს გურიაშია.

„ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით.

წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა.

19-ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა კაიმაღით, რძით, ტყის მოცვით, კარაქით გვამარაგებდენ თავიანთ ფერადად მორთულ ცოლებს ჩამოიყვანდენ იაილებიდან და ამ დღეს გაგვაცნობდენ. მაშინ აჭარელ ხნიერ ქალებს ჯერ კიდევ ფერადი სიხმები, ჩათაქები ეცვათ. ფერადი დამზიებული, ჯიმფრულაი მძივებით ასხმული მარმაშები ებურათ.

შინდისფერი, ქარვის და ოქროს ბალდუზებიანი მაჟარიები და ქოსტეკიანი თითისიმსხო ძეწკვები ეკეთათ. მუხლებამდე, ფერადი ღაზლის კაკუჩებიან წინდებზე მოხდენილად ამოსხმული ქალამნები ეცვათ. მადლი იყო მათი ცქერა და მოსმენა..

ბუქსიეთის და ვაკიჯვრის ფერდს დოღის დაწყებამდე მიადგებოდა მზე, მაშინ განსაკუთრებით აბჟღვიალდებოდენ და აფერადდებოდენ აჭარლები.

დოღში რატომღაც ყოველთვის ღორჯომელი მხედარი გაიმარჯვებდა და ოიიი ხარობდენ მარა რას ხარობდენ აჭარლები. ხელში აყვანილი მიყავდენ შინ გახვითქული მხედარი. გული კი დაწყდებოდათ დამარცხებულ გურულებს მარა დიდად ამით თავს არ დაიმწუხრებდენ.

დოღის მერე ძეწკვივით აეწყობოდა ქვეშაგების ბარდნებიანი და ფოტებიანი მანქანები, გულმოდგინედ ჩავრაზავდით ჩვენი ყავრით დახურული, ბარჯგებზე შემდგარი პატარა ხის სახლების დარაბებს, კარებებს და შინ, ბარში ვბრუნდებოდით.

მთის წყალი სარეცხს აქათქათებდა, ქალები ღელის პირზე დადგამდენ დიდ ქვაბებს სამფეხებზე, სარეცხს დახარშავდენ და ღარის წყალზე გაავლებდენ, შქერის ბუჩქებზე მიფენდენ და გააშრობდენ, გაურეცხავ სარეცხს ბარში არ წავიღებდით.

როგორც დიდი საუნჯე და სიმდიდრე ისე მიგვქონდა აჭარელ დოსტებთან ნაყიდი კვარის ტროსტები, საგორიალა, სახაჭუნა, ჩოგან-ლაფერა, აჭრელებული აკვნები, ვითომქარვის მძივები და კაკილები, შალის ჭრელი წინდები, უსუპ ბაბუას ყავრისგან გათლილი თხელი, დიდი მრგვალი სახაჭაპურე დაფები, მთის თაფლი და დაშაქრული მოცვის სამლიტრიანი ქილები, თბილისელი ნათესავებისთვის საგანგებოდ ნაყიდი ინგირის ფესვების გამშრალი კონები საწამლოდ და ბევრი კვარი.

გახარებული დაგვხვდებოდა ბებია, ნენაა რაფერ გაზდილხარ, შემოგეროს ბებიაშენის სიცოცლხე, რაფერ აბრიწინებულხარ..

დიდ ჩახანაში მოხარშულს დაგვახვდრებდა ჭყინტ სიმინდს, სიმინდს თავზე სამკუთხედად დაჭრილ ხაპერას ყვითელ ნაჭრებს ჩაამხობდა და თავზე ხაპის დიდვან ფურცლებს დააფარებდა.

ნათესავებიც მოვიდოდნენ მთიდან დაბრუნებულების სანახავად და საღამოს ერად ვივახშმებდით. ბაბუა არ ვიცი საიდან გააჩენდა ღვინისფრად შეთვალულ ადესის და ჭეიშვილის ყურძნის მტევნებს, გადმოტრიალებულ ქუდში ჩაწყობილს შემოიტანდა და დაგვირიგებდა.

- გვახილე ბაბუა, დედმამიანი ხარ!!
ეს "დედამამიანობა" თანამდებობასვით იყო, შევიფერებდით და კუმპალ კუმპალ დავარიგებდით..

- ას წლიწადს ნენა წრომანდელი ნახელავი..

ბებიას სჯეროდა, რომ ფერცვალობა დღეს ყველაფერი უვარგისი, გლახა და უფერული უკან რჩება, ყორიფელი საჩვენოდ, სასიკეთოდ იცლის ფერს და დღემანდელი დღიდან სიკეთით, სიხარულით და ბარაქით გევიმსებით.
ბაბუა გადაგვხედავდა და გაილოცებოდა: "იხარეთ შვილებო, ხვავრიელი ტეხა-კრეფა მოგვცეს, სიკეთეში მოგვახმაროს წრომანდელი მოსავალი. შეგვარგოს და ლხინში მოგვახმაროს მოტეხილიც, მოკრეფილიც. სიკეთით შემობრუნებულიყოს ყველა უშნო და უფერული, -
გვახილეთ დედმამამიანი ხარ.. გვახილეთ..

ასწელიწადს და კიდომ მეტს თქვენი ნახელავი, იხარეთ შვილებო.
დაგვბანდენ, ოდაში ზუკუტურით აგვიყვანდენ, გახამებულ, გამზეურებულ ლოგინებში ჩაგვწვენდენ და სჯეროდათ რომ ბახმაროს ჰაიერ ნასუნთქ, მთის წყალ ნასვამ, მთის კარაქ და თაფლ ნაჭამ ბაღანას აფერი ავადობა აღარ შეგვეყრება და გრძელ ზამთარს გაკაჟებული შევხვდებით, დაგვკოცნიდენ და დაგვაძინებდენ.

ჩვენთვის ფერიცვალობით მთავრდებოდა ფერადი გრძელი ზაფხული. ფერისცვალებას გილოცავთ ქართველებო!!!“, - წერს ზურა შევარდნაძე.

ცნობისთვის, 19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება.

ამ დღეს, მაცხოვრის დი­დე­ბა, ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­მო­ცხად­და.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კარგი იქნება სცადონ, თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ“ - ქეთო თოფურიძე მასზე გავრცელებულ ჭორებზე

⭕„ღამით ტემპერატურა უფრო კომფორტული გახდება, ზღვაზე გარუჯვის ამინდი კვლავ გაგრძელდება“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

⭕4400 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს