გქონიათ განცდა, რომ ურთიერთობაში ის მუხტი (ქიმია) გაქრა, რომელიც თავიდან გქონდათ და ამის გამო შეგშინებიათ?
ბევრს ჰგონია, რომ ურთიერთობაში ემოციების განელება გრძნობის გაქრობას ნიშნავს, თუმცა ფსიქოლოგიურად ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია.
დროთა განმავლობაში სიყვარული გადის ტრანსფორმაციას, რომელსაც კონკრეტული კანონზომიერებები აქვს.
პირველ ეტაპზე (1-3 წელი) ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომლებიც ეიფორიას იწვევს. ეს ენერგოტევადი პროცესია და ტვინს არ შეუძლია ამ რეჟიმში წლობით მუშაობა.
მძაფრი მღელვარება იცვლება უსაფრთხოების განცდით. ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული გაქრა, უბრალოდ ორგანიზმმა “სტრესული“ შეყვარებულობა სტაბილურ მიჯაჭვულობაში გადაიტანა.
დროთა განმავლობაში პარტნიორის „საუკეთესო ვერსია“, რომელსაც დასაწყისში ვხედავდით, ქრება. ჩვენ ვხვდებით რეალურ ადამიანს თავისი ჩვევებით, ხასიათის სირთულეებითა და სუსტი წერტილებით.
ამ დროს წყვილები ხშირად იწყებენ ჩხუბს წვრილმანებზე. სინამდვილეში, ეს არის ეტაპი, როცა ორმა ინდივიდმა ერთმანეთის რეალური საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს.
გრძელვადიან ურთიერთობაში სპონტანურობა კლებულობს, რაც ბუნებრივია.
თუ დასაწყისში ურთიერთობა ინერციით ვითარდება, წლების შემდეგ ის ხდება შეგნებული შრომა. საჭირო ხდება ემოციების, სურვილებისა და უკმაყოფილების პირდაპირი ტექსტით გაჟღერება, რადგან „ისედაც მიხვდება“ პრინციპი აქ აღარ მუშაობს და მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს.
დროთა განმავლობაში ურთიერთობის მთავარი ღირებულება ხდება პროგნოზირებადობა.
როცა ზუსტად იცი, რომ რთულ მომენტში შენ გვერდით ვინმე დგას.
ეს ფსიქოლოგიური კომფორტის ისეთი მაღალი დონეა, რომლის მიღწევაც ახალ ურთიერთობებში შეუძლებელია.
სიყვარული დროსთან ერთად ხდება ნაკლებად „ხმაურიანი“, მაგრამ უფრო მყარი. მთავარი გამოწვევაა, არ აგვერიოს სტაბილურობა გულგრილობაში. ურთიერთობის შენარჩუნება წლების შემდეგ ნიშნავს არა თავდაპირველი ეიფორიის დევნას, არამედ იმ ადამიანის მუდმივ დაფასებას, რომელმაც შენი ყველა ნაკლი იცის და მაინც შენთან ყოფნას ირჩევს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენს ქორწილს ველით ხალხი...“ - სანდრო ჩიჩუას და ანასტასია რუსიას ახალი ფოტოები