Digest Logo

„ჩამომივლიდა და შემეხვეწებოდა - „გული არ დააკლო ნენა, ჩუუმატე ყვავილი, ჩუუმატე..“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

1751890143
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს გვიზიარებს, სადაც ბებიაზე საუბრობს:

„პირველი სამგლოვიარო გვირგვინი, რომ გავაკეთე ათი შეიძლება თორმეტი წლის ვიქნებოდი.

ოსტატურად ვაგორგოლავებდი ხავსის გუნდას, პალმის, მაგნოლიის, კამელიის ფოთლებს და კრიფტომერიის წიწვებს ვიყენებდი. თხილის წვრილი წკნელით მოვწნავდი კალათას და კოჭის ძაფით ვახვევდი მოხრილ რკალზე ნაძვის ტოტებს. ყვავილს სეზონის მიხედვით ვურჩევდი და ვამაგრებდი წვრილად დახეჩილ ფიჭვის ტკეჩებზე ალუმინის სინით.

მალე გამივარდა სახელი და არ იქნებოდა ტირილი გურიაში ჩემი გაკეთებული „ვენოკი" არ წაეღოთ. ქალაქიდან მოსულები ოზურგეთელი ანგელინა თოიძის საყვავილეში ნაყიდი კალათებით მოდიოდნენ, ჩემს თანასოფლელებს კი ყველას მე ვუკეთებდი.

„ჯერ რომ არ გაგიკეთებია იმფერი უნდა ქნა ნენა, ნამეტანი გულმოკლული და მგლოვიარე ვარ..“.

„შენ იცი ჩემო ზურიკო, ქე იცი ბათუმში მიმაქ და არ მევიჯაყო..“.

„დიდი გამიკეთე ნენა, კაი მინდა იყოს ბრიალა, მეისპო მაგის მომგონი..“ და მისთანები ბევრი.

ზოგჯერ დამეზარებოდა, მარა უარის თქმას ბებია არ მანებებდა. „არ უთხრა ბებია ვარი, თუ რამე შეგიძლია დამწუხრებულ ადამიანს გუუკეთო, უნდა გუუკეთო ..“.

„მაი ცოცხალიზა კეთდება ბებია თვარა იი გაჭივრებული მაგას ვეღარ დეინახავს..“.

ნალიის ქვეშ მქონდა სახელოსნო გამართული, კეთების დროს ჩამომივლიდა და შემეხვეწებოდა: „გული არ დააკლო ნენა, ჩუუმატე ყვავილი, ჩუუმატე..“. გურული წესების მიხედვით, ამფერ საქმეში გასამრჯელოს აღებაც არ ვარგოდა და ვიყავი ასე.

ამ „ხელობას" ვუმადლი, რომ მთელი სტუდენტობა არ მომშივებია. ვაკის პარკთან, ყვავილების რკინის ჯიხურში ვმუშაობდი, ქალაქში ვინმე, რომ გარდაიცვლებოდა ზუსტად ან დაახლოებით მაინც ვიცოდით რა დაკვეთები იქნებოდა და ვისგან, სათანადოდ ვიმარაგებდით მასალას და ყავილს. სამგლოვირო თაიგულის ან გვირგვინის კეთება ბევრად უფრო ძნელია ვინემ საზეიმო მორთულობის. თავშეკავებული უნდა იყოს "ვენოკი" მასწავლიდა ყველა ჩემი მასწავლებელი.

გერმანიაში უკვე ფლორისტულ, სამებაღეო სკოლაში ჩემი ნაკეთები ყველას ნაკეთბისგან გამოირჩეოდა, ჩვენი პედაგოგი, ტილდა ბაუმანი აღნიშნავდა რომ საბჭოთა იერი დაკრავს ზურაბის ნახელავს, არაზომიერიაო და ძალიან მიქებდა ნაკეთობას. მიწუნებდა მხოლოდ იმას რომ არაეკონომიურად იცი მასალის გამოყენებაო ზომიერება, ზომიერება, ზომიერებაო, დამზუოდა)). მე კი ხმა ჩამესმოდა სულ "გული არ დააკლო ნენა, ჩუუმატე ყვავილი, ჩუუმატე..".

30 წელი გავიდა მას მერე, ახლაც იგმავეს ვაკეთებ, უფრო მეტს ლხილისთვის რასაკვირველია. გვირგვინის მოხვევას რომ ვიწყებ და ხავსის ბურთს ვაგორგოლავებ ისევ იგივე გრძნობა მეუფლება და ყურში ისევ იგივე ხმა ჩამესმის „გული არ დააკლო ნენა, ჩუუმატე ყვავილი, ჩუუმატე..“.

რამდენი პატივსაცემი მასწავლებელი მყავდა, ყველაზე უკეთესი მაინც ჩემი უსწავლელი ბებია გამოდგა. ყოველთვის ამართლებს: „გული არ დააკლო ნენა, ჩუუმატე....“, - წერს ზურა შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?“ - ანი ჯავახის შვილის პასუხი შეკითხვაზე

🎥 „მტკივა ის სიცარიელე, რომელიც შენმა წასვლამ დატოვა... ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიარეთ ცხოვრების რთულ და ლამაზ გზებზე“ - რას წერს გონიოში ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„აქ ტოლები ვართ“ - ნანიკო ხაზარაძე ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს