
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე, სოხუმის დაცემის დღეს იხსენებს. ის 16 სექტემბერს ჩაფრინდა სოხუმში და მიმდინარე მოვლენების მომსწრე გახდა.
როგორც თავად ამბობს, სოხუმის აღების ოპერაცია დაგეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა.
„სოხუმის აღების ოპერაცია დაგეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა და მისი შემადგენელი განუყოფელი ნაწილები იყო, როგორც ე.წ. მშვიდობისმყოფელების მიერ ზარბაზნების სოხუმზე თავდამსხმელთა (ჩეჩნური, რუსული, აფხაზური და სხვა შენაერთების გაერთიანებული ძალები) დასახმარებლად შეტრიალება, ასევე „ქართული მხარის“ დაყოფა და დანაწევრება, ერთმანეთისა და ქვეყნის ღალატი.
რომ არა 16 სექტემბერს განახლებული სოხუმზე შეტევა, ჩაფლავდებოდა და ჩვენ შევძლებდით მის დაცვასაც და ბევრად მეტსაც, ერთიანობის პირობებში, ფსოუმდეც გავიდოდით.
შეტევის პირველივე დღეს 16 სექტემბერს ჩავფრინდი იქ და ბოლომდე ჩემი თვალით წინა ხაზზე ვხედავდი რა და როგორ ხდებოდა.
მინდა დღეს პატივითა და ძმური სიყვარულით გავიხსენო ის თითოეული მებრძოლი და ქვედანაყოფები ვისთან ერთადაც იმ დღეებში სოხუმის დასაცავად მომიწია ბრძოლა.
სადესანტო/სადაზვერვო რაზმი „იუპიტერი“ გუთუ ჯღამაიას ხელმძღვანელობით, მხედრიონის მებრძოლთა რაზმი „დეკა“ თორნიკე ბერიშვილის მეთაურობით და ბატალიონი „თბილისელი“, დათო სართანიას და ცხონებული ირაკლი ბითაძის მეთაურობით.
მინდა ყველა ჩვენი დაღუპული მებრძოლი და სამშობლოსთვის დაღუპული ძმა მოვიგონო და ვინც ცოცხლები დავრჩით, ყველა იმ ვაჟკაცთან ერთად, ისევ მათი სულების წინაშე ვთქვათ, რომ ჩვენ არ დაგივიწყებთ და
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“,- წერს სოციალურ ქსელში ბარამიძე.
ინფორმაციისთვის, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღვოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის.