ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ის, რაც იყო, მახსოვს, მაგრამ აღარ არის - ის ჩემშია.
რაც ახლა ხდება, არის, თუმცა აღარ იქნება - ისიც ჩემშია.
რაც შემდეგ მოხდება, ჯერ არ არის, იქნება, მაგრამ გაქრება - ჩემშია ისიც.
ჩემს სულში იბადება და კვდება ყველაფერი, რაც კი ქვეყნად მინახავს ან ვნახავ.
იყო დრო, როცა არ ვიყავი და მაშინ ჩემთვის არაფერი არსებობდა. ახლა ვცოცხლობ და რაც კი ხდება, ჩემს სულსა და გონებაში გამოივლის. როცა აღარ ვიქნები, ღმერთის ერთ ცნობიერებაში ყველაფერი ისევ შეწყვეტს არსებობას.
მე ვარ ყველაფრის დროებით არსებობა არაფერში.
ეს „არაფერი" ცოცხლობს, სუნთქავს, ფიქრობს, ოცნებობს, შრომობს, გარდაქმნის, იმახსოვრებს და ქრება.
რაც არასდროს დაიბადება, არის "არაფერი არაფრისთვის".
რასაც უცოცხლია, არის "ყველაფერი არაფრისთვის".
თუმცა ამ მეორეს სხვები იმახსოვრებენ და იხსენებენ, რათა არაფერმა თავი ყველაფრად იგრძნოს.
არაფერს აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც ქმნის საზრისს.
განა სამყაროც არაფრისგან არ წარმოიშვა?
თუმცა, სანამ საზრისად იქცეოდა, სიტყვა შეეზიარა.
და შეეწირა კიდეც.
სიტყვაა ნამდვილი სიცოცხლე.
ის არის არაფრის გამაყველაფრებელი.
ის სუნთქავს, ის ფიქრობს, ის ოცნებობს, ის შრომობს, ის გარდაქმნის და ის ... არ ქრება არასდროს.
მას არ შეუძლია, არ იყოს.
ის არ კვდება - მხოლოდ ფერს იცვლის.
ამ ცვლილებაშიც მხოლოდ თავის თავად გარდაისახება.
ეკლესიაში რომ შეხვალ, სწორედ მას უნთებ სანთელს, რომელიც შენვე გჭირდება, რათა არ დაივიწყო მარადიული სინათლე. მას ხანდახან „არაფერს" უწოდებენ. თუმცა მხოლოდ მან იცის, როგორ დაიბადოს და იცოცხლოს შენში ყველაფრად.
ეს ყველაფერი, რასაც ახლა კითხულობ, სწორედ მან გაიფიქრა და დაწერა.
რატომ? - სიცოცხლეს რომ ჩაუქრობელი სანთელი ენთოს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: