ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახის სიწმინდის დღეზე საუბრობს.
„დაიჯესტი“ ნათია ბერიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ოჯახი მარტო ცოლი და ქმარი რომ არ არის,ალბათ ეს იმ ადამიანებმა არც კი იციან , ვინც გუშინდელ შეკრებებს მთელი საქართველოს მასშტაბით დასცინოდა, ან სიმწრის სიცილი ჰქონდა. პოსტები პოსტებზე იწერებოდა, ცოლებს ღალატობენ, სცემენ, დედებს და დებს ემიგრაციაში უშვებენ,მერე გადიან და ვითომ ოჯახის სიწმინდის დღეს იქ დგანანო.
ოჯახი სინამდვილეში ბევრად ფართო ცნებაა, ამიტომ დააწესა პატრიარქმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.
ათი მცნება რომელიც წესით,ყველას პატარა ასაკიდან იმ ოჯახებში უნდა გესწავლათ ახლა რომ დასცინით, გვასწავლის „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა”.
ამიტომ არის ჩვენთვის ეს დღე შეუცვლელად მნიშვნელოვანი.
დიახ, ოჯახი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცოლი და ქმარი, ოჯახი ადგილია , რომელიც იმედის, სიმყუდროვის, საიმედოობის განცდას გიქმნის დაბადებიდან, ოჯახი ის ადამიანები არიან, ვინც შენ გარშემო შენი ჩამოყალიბებისა და ადამიანად ქცევის პროცესში იღებენ მონაწილეობას, ოჯახი იმ ადამიანების ერთობაა ,რომლებიც გიყვარს, გეიმედება და გვერდით გყავს. არიან ადამიანები ვისაც არც ცოლი მოუყვანია, არც გათხოვილა, ან სიკვდილმა წაართვა საყვარელი ადამიანი, შვილები არ ჰყავს, არიან ადამიანები , ვისაც მშობლებიც არ ჰყავთ და ამ ლოგიკით ოჯახი მათთვის არ არსებობს?! ცდებით, ოჯახი ქართველისთვის ტაძარია, ღმერთია ოჯახი ჩვენთვის.
ჩემთვის ოჯახი ჩემი მშობლების მეგობრები არიან, მთელი ჩემი ცხოვრება რომ ადამიანობის, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითს მაძლევენ, ჩემს მშობლებზე ნაკლებად რომ არ მგულშემატკივრობენ და ახარებთ ჩემი ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი და თუ მეტკინება , ზუსტად რომ ვიცი მათაც ჩემსავით ეტკინებათ. რომ მასწავლეს როგორ უნდა მიყვარდეს მეგობარი, როგორ უნდა ვიყო ადამიანი.
მაგალითს, რომ მაძლევენ მთელი ცხოვრება, პატიოსნების, მხარდამხარ სიარულის. აი , ის მამაჩემის ძმაკაცები და დედაჩემის დაქალები არიან ჩემი ოჯახი, თვალდახუჭული რომ ერთმანეთს ენდობიან, ბავშვობიდან რომ მაჩვენეს ერთმანეთის ოჯახებში როგორი მოკრძალებითა და წრფელი გულით შედიან.
ყოველთვის მაგალითები იყვნენ ისინი და დღემდე არიან ჩემთვის. შვილებისგან რომ ერთმანეთის შვილები არ განუსხვავებიათ, პოლიტიკის თუ სხვა სისულელის გამო ერთმანეთი არ დაუკარგავთ და მოუმდურებიათ.
ჩემი მეგობრები არიან , სულ რომ მეიმედებიან.ტაძარში წახვალ თუ უბრალოდ გულში ილოცებ მათი სახელებიც რომ გონებაში გიტრიალებს და ღმერთს მათ ბედნიერებასაც შენი ოჯახის ბედნიერებასთან ერთად სთხოვ.
ჩემი ოჯახი ჩემი მშობლები არიან, 35 წლის ასაკშიც რომ არცერთი მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო ნაბიჯი არ გადამიდგამს მათ გარეშე, სახლიდან გასვლას რომ ვაპირებ , აუცილებლად უნდა ვკითხო აზრი, როგორ და რა უკეთესია.
მშობლებს რომ პატივს არ სცემ, ოჯახი რომ ცოლი ან ქმარი გგონია მარტო და წარმოდგენა არ გაქვს სიწმინდეზე, რა თქმა უნდა, გაგეცინება გუშინდელ შეკრებაზე, მესმის, თქვენ რომ მშობლებს, უფროს თაობას, ღირსებასა და სიწმინდეს პატივს სცემდეთ, გუშინ თქვენც ჩვენ გვერდით იდგებოდით და აუცილებლად გულწრფელი სიყვარულით მიგიღებდით თითოეულ თქვენგანს.
მესმის, რომ შეიძლება რთული ცხოვრება გაქვთ, ვხედავთ როგორ სცემთ ერთმანეთიც ცოლებს, დედებს პატივს, ვისი დედა ვის მოგყავთ ცოლად და ვისი ცოლს რომელი თხოულობთ , ვხედავთ . მაგრამ ყველა თქვენნაირი ნუ გგონიათ, ჩვენ ისეთ ოჯახებში გავიზარდეთ, კაცი რომ სახლში შეგიშვებს , თვალები უნდა დახარო , რომ შემთხვევით მისი ცოლის ან შვილისკენ არ გაგეხედოსო, ამას თქვენ ხომ ვერასოდეს გაიგებთ.
ჩვენ „ხევისბერ გოჩაზე “ და „სტუმარ-მასპინძელზე” გავიზარდეთ, თქვენ გიული ალასანიას ისტორიაზე, ჩვენთვის წმინდა ჩვენი შვილების სიყვარულია , თქვენთვის უჩა აბაშიძის მორალი, ჩვენთვის ღმერთია სიყვარული, თქვენთვის აკერმანი, ჩვენთვის მშობლებია წმინდა, თქვენთვის ფერადი დროშა. ამიტომ ნუ გგონიათ , რომ თქვენი ისტერია გვიკვირს, პირიქით, გვესმის და თანაგიგრძნობთ, რომ არასოდეს გყოლიათ ღირსეული ოჯახები, არასოდეს იცოდით მშობლების და ერთმანეთის სიყვარული.
რასაც ვეღარ გამოასწორებთ, იმაზე ფიქრს ახლა აზრი არ აქვს, თუმცა , გისურვებთ, ოდესმე მაინც გცენ თქვენმა შვილებმა პატივი, შეგიყვარონ და გასწავლონ ის , რაც თქვენ უნდა გესწავლებინათ მათთვის, რა არის ოჯახი, სიწმინდე და სიყვარული“, - წერს ნათია ბერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„17-დღიანი დუმილის შემდეგ, პირველად დამიძახა მამა“ - თორნიკე ყაჯრიშვილი