მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს რომ ჩვენი სხეული იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ნებისმიერი კალორიების მთვლელი აპლიკაცია.
„ალბათ, შეგიმჩნევიათ ის მომენტი, გემრიელად რომ მიირთმევთ, უკან გადაწვებით, ამოისუნთქავთ და უცებ ხვდებით, რომ ცხვირი „ისე აღარ სუნთქავს". ხან ცალი ნესტო იჭედება, ხან ორივე ერთად მძიმდება, ხან კი პირიქით - ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ფილტვებში ორმაგი ჟანგბადი ჩადის.
ეს შემთხვევითობა არ არის და არც გაციებასთან აქვს რამე საერთო. უბრალოდ ჩვენი ორგანიზმის შინაგანი ლაბორატორიის პირდაპირი რეპორტია იმაზე, თუ რა ხდება ამ წუთას ჩვენს კუჭში.
უძველეს მედიცინაში, აიურვედაში, ამას "პრანას", ანუ სასიცოცხლო ენერგიის მოძრაობას ეძახიან. თანამედროვე მეცნიერება კი უფრო მარტივად ხსნის - ეს ჟანგბადის, სისხლის მიმოქცევისა და ნერვული იმპულსების თამაშია. ჩვენი ცხვირი არ არის უბრალოდ ორი მილი, საიდანაც ჰაერი შედის და გამოდის. ის ჩვენი ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისტანციური პულტია.
მარჯვენა ნესტო სხეულის „გაზის პედალია" - აიურვედაში მას მზის არხს უწოდებენ, მედიცინაში კი სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია სითბოზე, აქტივაციასა და მეტაბოლიზმის აჩქარებაზე.
მარცხენა ნესტო კი "მუხრუჭია" - მთვარის არხი, ანუ პარასიმპათიკური სისტემა, რომელიც ორგანიზმს ამშვიდებს, აგრილებს და აღადგენს. მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს "ცხვირის ციკლის" არსებობა - ყოველ 90-120 წუთში ჩვენი ნესტოები მორიგეობას ცვლიან. ერთი ისვენებს და ოდნავ სივდება, მეორე კი აქტიურად მუშაობს.
ნუ ოკ მაგრამ რა შუაშია საჭმელი... აი, როგორც კი ლუკმას ვყლაპავთ, ორგანიზმში სერიოზული გადაადგილებები იწყება. სისხლის უდიდესი ნაწილი მუცლის ღრუსკენ მიექანება, რათა საჭმლის მონელება უზრუნველყოს. აიურვედაში ამ პროცესს „აგნის", ანუ მონელების ცეცხლის დანთებას ეძახიან. რეალურად, ეს კუჭის მჟავის (მარილმჟავას), ფერმენტების და თერმოგენეზის (სითბოს გამოყოფის) გააქტიურებაა. ვინაიდან სისხლი ქვემოთ მიდის, ცხვირის ლორწოვანი გარსი, რომელიც სისხლძარღვებითაა სავსე, ამ ცვლილებაზე რეაგირებს. ამას ემატება ნერვული გადართვაც - ორგანიზმი "ბრძოლის" რეჟიმიდან "მონელების" რეჟიმზე გადადის, რაც ხშირად იწვევს ე.წ. გემოვნებით რინიტს. ანუ, ცხვირი მსუბუქად შუპდება. ეს სრულიად ნორმალურია. მთავარია, დავაკვირდეთ, რომელი ნესტო როგორ იქცევა, რადგან ეს პირდაპირ გვეუბნება, თუ რამდენად მოეწონა სხეულს ჩვენი მენიუ.
დავიწყოთ პირველი, "ქარიანი" ტიპით, რასაც აიურვედაში "ვატას" უწოდებენ. ეს ის შემთხვევაა, როცა საჭმლის მერე ცხვირი უცნაურად გიჭედავთ. აი ისე, ცხვირს რომ იხოცავთ და არაფერი გამოდის - ლორწო უბრალოდ არ არის. ნესტოები ხან ერთ მხარეს იკეტება, ხან მეორე მხარეს ინაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ნერვული სისტემა დასტრესილია და კუჭში სპაზმები დაიწყო. წესით, ჭამის მერე მარჯვენა ნესტო (გაზის პედალი) ოდნავ უფრო აქტიური უნდა იყოს, რომ მეტაბოლიზმი ამუშავდეს, მაგრამ თუ ცხვირი მშრალად გაგეყინათ და თან მუცლის შებერილობა ან გაზები გაწუხებთ, ე.ი. საჭმელი ზედმეტად მშრალი ან მსუბუქი იყო და თქვენს სხეულს მისი გადამუშავება უჭირს. ასეთ დროს ორგანიზმს სითბო და დამიწება სჭირდება.
მეორე ვარიანტია „ცეცხლოვანი" რეაქცია, იგივე "პიტა". ჭამეთ და გრძნობთ, რომ ცხვირიდან ფაქტობრივად ცხელი ჰაერი გამოდის. მარჯვენა ნესტო სრულად დომინირებს, ცხვირის ფრთები ოდნავ გიწითლდებათ და შიგნით სიმშრალეს და წვას გრძნობთ. აგნი, ანუ იგივე კუჭის მჟავიანობა, პიკს აღწევს. თუ ეს სითბოს შეგრძნება სასიამოვნოა, ე.ი. კუჭი იდეალურად მუშაობს, მაგრამ თუ ცხვირი გეწვით და ისე გაიჭედა, რომ სუნთქვა გიჭირთ, ე.ი. გადააჭარბეთ. საჭმელი ზედმეტად ცხარე, მჟავე ან ცხიმიანი იყო. თქვენმა ქიმიურმა ლაბორატორიამ იმაზე მეტი მჟავა გამოყო, ვიდრე საჭიროა და მალე, დიდი ალბათობით, გულძმარვაც შეგახსენებთ თავს.
და ბოლოს, მესამე, ყველასთვის კარგად ნაცნობი "მიწის" ტიპი - "კაფა". ეს ის მდგომარეობაა, ბებიის გაკეთებულ უგემრიელეს საჭმელებს რომ შეჭამ, ზედ ტკბილეულს დააყოლებ და გრძნობ, როგორ გეთიშება ტვინი. ამ დროს ორგანიზმში სისხლში შაქრის დონე (ინსულინი) მკვეთრად ხტება ზევით. მარცხენა ნესტო (მუხრუჭი) სრულად იღებს საკუთარ თავზე მართვას. ცხვირი გიჭედავთ, ოღონდ ამჯერად მშრალად კი არა, რეალურად გივსებათ ლორწოთი. თავს იჩენს სერიოზული სიმძიმე და ძილიანობა. თუ ჭამის მერე 2-3 საათი ცხვირიდან ლორწო არ იწმინდება და თავში "ნისლი" გაქვთ, ეს პირდაპირი სიგნალია, რომ მიღებული საკვები ზედმეტად მძიმე, ცივი ან ტკბილი იყო. მეტაბოლიზმი შენელდა და სხეულმა ყველაფერი მარაგებში გადაისროლა.
კარგი, გავიგეთ, რა რატომ ხდება, მაგრამ რა ვქნათ, თუ ცხვირი უკვე "გაიჭედა"...
გამოსავალი საკმაოდ მარტივი და ბუნებრივია, ყოველგვარი წვეთების გარეშე. პირველი შველა სუნთქვაშია - სცადეთ 3-5-ჯერ ნელა და ღრმად ჩაისუნთქოთ ისე, რომ ყელში ოდნავ დაძაბულობა იგრძნოთ (თითქოს მინას ორთქლავთ). ეს ნერვულ სისტემას არესტარტებს. ასევე მაგრად მუშაობს მორიგეობითი სუნთქვა - დახურეთ ცალი ნესტო, ჩაისუნთქეთ მეორიდან, მერე შეცვალეთ. ეს ტვინს ატყუებს და ბალანსს აღადგენს.
თუ მაინც არ გიშვებთ, ჩართეთ მძიმე არტილერია - ინჰალაცია. ნახევარი ჩაის კოვზი ძირა (ან აჯვანი) ჩაყარეთ მდუღარე წყალში და 3-5 წუთი ისუნთქეთ. მასში შემავალი ეთერზეთები (მაგალითად, თიმოლი, რომელსაც თანამედროვე აფთიაქის საწუწნ აბებშიც იყენებენ) მომენტალურად ხსნის სპაზმს და შლის ლორწოს. და კიდევ ერთი სუპერ-ხრიკი: თითო წვეთი თბილი ერბო (Ghee) ნესტოებში. ცხიმი ატენიანებს ლორწოვანს, ამშვიდებს ნერვულ დაბოლოებებს და ჰაერის ნაკადს გზას უხსნის.
ჩვენი სხეული იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ნებისმიერი კალორიების მთვლელი აპლიკაცია. ცხვირი არასოდეს იტყუება, ის ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ლაკმუსის ქაღალდია. შემდეგში, როცა შეჭამთ, უბრალოდ დააკვირდით 15-30 წუთში როგორ სუნთქავთ. ჰაერი თავისუფლად მიედინება? - გილოცავთ, საკვები იდეალური იყო. ცხვირი რაღაცას "უჭედავს"? - გადახედეთ რას ჭამთ და როგორ. სხვათა შორის, ეს ცოდნა 6000-წლის წინ უკვე არსებობდა, მეცნიერებამ კი დღეს აღიარა. ნუ არ გამოდის ფაქტების უარყოფა... არა, ხშირად გამოდის...“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.