Digest Logo

„ჩვენს სიყვარულზე გურიაში ლეგენდები დადის...“ - ქეთი ჩხაიძე ბებიასთან გატარებულ ბავშვობაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1781687504
ქეთი ჩხაიძე

მომღერალი ქეთი ჩხაიძე სოციალურ ქსელში საოცრად თბილ და ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის უსაყვარლეს ბებიას, როზა გოგუაძესა და სუფსაში გატარებულ დაუვიწყარ ბავშვობას ეძღვნება. მომღერალი იხსენებს იმ განსაკუთრებულ, უხილავ კავშირს, რომელიც მასსა და მამამისის დედას შორის თავიდანვე გაჩნდა და რომელსაც გარშემომყოფები ყოველთვის ამჩნევდნენ.

როგორც ქეთი წერს, მისი ბავშვობა სუფსაში, ბებიასთან და ბაბუასთან გატარებულ ზაფხულებთან ასოცირდება, სადაც სამი თვის განმავლობაში ბებიის გვერდით ეძინა, მათი ღამის საუბრები კი მისი ბავშვობის მთავარ მელოდიად იქცა. ბებია მას ხშირად უყვებოდა თავის ბავშვობაზე, ჩაის კრეფის პერიოდსა და თავის უსაყვარლეს სოფელზე - ჭანჭათზე.

„ეს, ჩემი ბებიაა, როზა გოგუაძე 
(მამაჩემის დედა), რომელსაც ძალიან მამსგავსებენ 
მეორე ფოტოზე კი, მე ვარ.

დიდხანს და ჯანმრთელად მყავდეს. ჩვენს სიყვარულზე, გურიაში, ლეგენდები დადის. ჩემი ბავშვობა, სუფსაში, ბებიასთან და ბაბუასთან გატარებული ზაფხულებია. 

თავიდანვე განსაკუთრებით გვიყვარდა ერთმანეთი, და ამას ყველა გრძნობდა.

ბებია, სულ მიყვებოდა თავის ბავშვობაზე, ჩაის კრეფის და თავისი უსაყვარლესი სოფლის, ჭანჭათის ამბებს  სამი თვე, მთელი არდადეგები, ბებოს გვერდით მეძინა და ჩვენი საუბრები, ჩემი ბავშვობის მთავარი მელოდიაა 
როცა არდადეგები მიიწურებოდა და თბილისში წამოსვლის დრო ახლოვდებოდა, მე და ბებიას, ერთი კვირით ადრე გვეწყებოდა დეპრესია, ვტიროდით და ყველა ჩვენ გვამშვიდებდა.  

სუფსიდან წამოსვლის დღეს, დილით ადრე ვდგებოდი, რომ მომესწრო ბებოსთან და იმ გარემოში ყოფნა, სადაც მე, მე ვიყავი.

ვაგროვებდი კენჭებს, ყვავილებს, ბალახს, იქაურ მიწას და მომქონდა თბილისში…. მათი დანახვისას, ჩემს სუფსასთან და ბებიასთან სიახლოვე და მათი სუნი რომ მეგრძნო.

შემოდგომიდან-ზაფხულამდე, თბილისში ყოფნის მთელი პერიოდი, ჩემთვის „მოთმენა“ იყო… კალენდარზე, დღეების გადახაზვით ვპოულობდი შვებას, რადგან ყოველი გადახაზული დღე, უფრო მაახლოვებდა ზაფხულთან და ბებიასთან.

თბილისში, ბებოს კაბა მომქონდა და მთელი წელი, მასთან ერთად ჩახუტებულს მეძინა  მე და ბებო, ერთმანეთს წერილებსაც ვწერდით…

ასე იწყებოდა ხოლმე, ჩემი წერილი:

„როზა ბებო, როგორ ხარ? ძალიან მენატრები, მაგრამ არ ინერვიულო, მალე ჩამოვალ და ჩაგეხუტები… ბებო, ალუჩის ხე აყვავილდა? კვირტები გამოიღო? ბებო, ჩვენმა ძროხამ ხბო მოიგო? საქათმის ამბებიც მომწერე ბებო, ჩვენი შარიკა (ძაღლი) როგორ არის? მომიკითხე მეზობლები…( ჩამოვთვლიდი ხოლმე სახელებს) “.

და, როცა გურიაში წასვლის დღე დგებოდა, წინა ღამით, სიხარულისგან და ძლიერი ემოციებისგან, ძილი არ მეკარებოდა.

კარგად რომ წარმოიდგინოთ, ჩვენ ზუსტად ისეთი ბებია-შვილიშვილობა გვქონდა, როგორც ფილმში „მანანა“, ჰქონდათ მანანას და თავის ბებიას.

მე რომ ბებიას გვერდით არ გამეტარებინა ჩემი ბავშვობის დღეები, რაღა დამრჩებოდა ლამაზი მოსაგონებელი, არ ვიცი...

ბებო, ახლაც ისეთივე სიხარულით მეგებება, როცა მასთან ჩავდივარ. ბებია-ბაბუას სახლი, ის ადგილია, სადაც ჩემი ბავშვობა ცოცხლობს“,- წერს ქეთი ჩხაიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დროს არ შეუძლია გაჩერდეს, შენ შეგიძლია გაჩერდე დროში, რომელიც მიდის, რათა დაინახო დინება“ - რას წერს გია მურღულია

🎥 რა მოხდა ორთაბრძოლის შემდეგ - გეიჯისა და თოფურიას კადრი, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

⭕როგორ გავააქტიუროთ 17 ივნისის ენერგიები - „დღეს ვირჩევთ სიმსუბუქეს, სიწმინდეს და სწორ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში“