Digest Logo

„დაანახვე სამყაროს, რომ მეგობრობის ღირსი ხარ!...“ - რას წერს გია მურღულია

1740575158
გია მურღულია ფილოლოგი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: 

„რუსთველი ავთანდილის სიტყვებით (შერმადინს ეუბნება) მეგობრობას ასე განმარტავს:

„სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:

პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა“.

მაშ, რა ყოფილა მეგობრობა?

1. თუ შენი მეგობარია, მუდმივად უნდა გენატრებოდეს, მის ახლოს ყოფნა გინდოდეს და განშორებას ვერაფრით ეგუებოდე;

2. თუ შენი მეგობარია, მისთვის არაფერი არ უნდა გენანებოდეს - ყველაფერი უნდა გაიღო (მატერიალურიც და სულიერიც), თუნდაც საშენოდ ძალიანაც გეძვირფასებოდეს. რამე დაგენანა? იფიქრე, ამას ჩემთვის დავიტოვებ და მისთვის ვერ გავიმეტებო? - მაშინ ის შენი ნამდვილი მეგობარი არ ყოფილა.

3. უმისოდ ერთი დღეც ვერ ძლებ და არც არაფერი გენანება? ესეც არაფერია, თუ მაშინ არ დაეხმარე, როცა ძალიან სჭირდებოდა. პირველი (ერთად ყოფნის დაუოკებელი სურვილი) განწყობაა, მეორე (გაცემის, მეგობრისთვის არდანანების სურვილი) - გულუხვობა, რომელიც მეგობრობაში ეგოიზმს ამარცხებს, მესამე კი მოქმედებაა, რომელიც სიყვარულს საქმედ აქცევს. რა აზრი აქვს გვერდით ყოფნას ან სრულ უშურველობას, მეგობარს თუ გასაჭირში მიატოვებ?

ავთანდილი შერმადინს ეუბნება:

„ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი,
შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”.

ნახეთ, რა წერია:

შენგან შენი თავის საჩემოდ გამოჩენა.
მეგობრობა სულის გასხვისება კი არა (ძვირფას ადამიანში კი არ იკარგები, საკუთარ თავს ხელახლა აღმოაჩენ - კი არ კარგავ, პოულობ) მისი გაზიარებაა.
როგორც ბერძენ დიოგენეს უთქვამს: „მეგობრობა - ეს ერთი სულია ორ სხეულში“.

ჩვენი გიორგი მერჩულე კი ასე ამბობს ტაო-კლარჯეთში სულიერი მისიით წასულ გრიგოლ ხანძთელსა და მის სამ მეგობარზე:

„ესე ოთხნი შეანაწევრნა სარწმუნოებამან და საღმრთომან სიყუარულმან შეამტკიცნა ერთ ზრახვად შეკრებულნი, ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული“.

ახალი დღე გაგვითენდა ყველას - მადლობა ღმერთს ამისთვის.
არც ერთი დღე ტყუილად არ თენდება.
დრო საჩუქარია და არა შემთხვევითობა.
გაიხსენეთ თქვენი მეგობრები.
იყავით მათთან ერთად, არ დაგენანოთ მათთვის არაფერი და იქ დაუდექით გვერდით, სადაც დასჭირდებათ.
მხოლოდ ასე ეძლევა აზრი ცხოვრებას.
თანაზიარი სულების ერთობაა მეგობრობა.
იგივეა სამშობლოც - ის მხოლოდ მიწა, წყალი და დამკვიდრებული წესი კი არა, ახლობელი ადამიანის შეგრძნებაცაა.

დღესაც დაანახვე სამყაროს, რომ მეგობრობის ღირსი ხარ!

ღმერთს ასეთები უყვარს და სწორედ მათ ანდობს მთავარ ღირებულებათა შენახვას და გამოხატვასაც“, - წერს გია მურღულია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე ვერაგ მდგომარეობად ითვლება... ერთადერთია, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უნდა ენდო...“ - რას ჰყვება მამა საბა ჭიკაიძე?

🎥 „ჯერ მოიწესრიგეთ ნერვული სისტემა და ბავშვები მერე გააჩინეთ...“ - რა თემაზე ისაუბრებენ 26 თებერვალს „პრაიმშოუში“?

🎥 „ჩვენ ოჯახში ძაღლიც კი მღერის...“ - რას ჰყვება მუსიკოსი, ზურა დათიკაშვილი?