ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს და ბავშვობიდან იხსენებს მოგონებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„უფროსი მეგობარი, მსწავლებელი მყავდა კამარი კამკამიძე, უსაყვარლესი, უთბილესი, ინტელიგენტი ქალბატონი. ლეჩხუმში ჰქონდა საგვარეულო სახლ-კარი, დიდი მიწა-წყალი. თითონ რისი მომვლელი იყო, იქაური მეზობლებისთვის, ნათესავებისთვის ჰქონდა მიბარებული. ზაფხულში ჩადიოდა ხოლმე მონაგარით, მეგობრებით დასასვენებლად. ეზოში უზარმაზარი კაკლის ხეები იდგა, მარტო ის ხეები და მათი ჩრდილი ღირდა ერთ რამედ. კვერცხისხელა რამდენიმე კაკალს ჩამოგვიტანდა საჩუქრად ყველას, დღესაც მაქვს შენახული სახსოვრად, შთამბეჭდავია, ლამის მუჭისოდენაა.
გვიყვებოდა იქაურ ამბებს, მეზობლებმა ნათესავებმა მითხრესო: „წინოულ, კამარი ააფერი არ იყო“. შეწუხებული ჰყვებოდა რა ეშველებათ მეტი იმათ ხომ არაფერი აბადიათ რითი უნდა იცხოვრონო, წელსაც არ ყოფილა არაფრის მოსავალიო. მომავალ წელს ისევ იგივე, დაგვირიგებდა კვერცხისხელა კაკლებს და ისევ მოგვიყვებოდა ასე მითხრესო: „წინოულ, კამარი ააააააააფერი არ იყო“.
ისევ დარდობდა. მეღიმებოდა, მე ხომ ცოტა მეტად უფრო გამეგებოდა სოფლის და სოფლელების ამბავი, არაფერს კი არ ვეტყოდი. მიყვარდა კამარი“, - წერს ზურა შევარდნაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რომში, შუა საუკუნეების კოშკი „ტორე დეი კონტი“ რესტავრაციისას ნაწილობრივ ჩამოინგრა
⭕პარიზის პროკურატურის განცხადებით, ლუვრი არაპროფესიონალებმა გაძარცვეს
⭕„მომაკვდავ ბუხრის ნაფაზივით ამოგვდის სული...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე