პოდკასტ „თაიასთან“ სტუმარი იყო ეკა ყუშიტაშვილი, ქალი, რომლის სახელიც საზოგადოების ნაწილისთვის სილამაზის ინდუსტრიასთან ასოცირდება, ნაწილისთვის კი - წლების წინანდელ ხმაურიან სკანდალებთან. ინტერვიუში ეკა ღიად საუბრობს ბავშვობის ტრავმებზე, მარტოხელა დედობის სირთულეებზე, წარსულის შეცდომებსა და იმ გზაზე, რამაც იგი დღევანდელ წარმატებამდე მიიყვანა.
- ეკა, დღეს იშვიათად ჩანხარ ტელესივრცეში. რამ განაპირობა შენი ასეთი ჩაკეტილობა?
ეკა ყურშიტაშვილი: მირჩევნია, იშვიათად გამოვჩნდე, მაგრამ ვიყო გულწრფელი. გარდა ამისა, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ, ხან ფიზიკურად, ხან გონებრივად. გავიზარდე, ბევრად საინტერესო საქმით ვარ დაკავებული და გავხდი სრულიად თვითკმარი როგორც პროფესიულად, ისე როგორც ქალი, მშობელი და მეგობარი.
- როგორი იყო შენი ბავშვობა და რამ დაგიტოვა ყველაზე დიდი იარა?
ეკა ყურშიტაშვილი: თელავში დავიბადე, თუმცა 6 წლიდან უკრაინაში, ბებიასთან ვიზრდებოდი. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ორივემ ახალი ოჯახი შექმნა და მე ბებიამ გამზარდა 16 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ცოცხლები იყვნენ, სულ ობლობის შეგრძნება მქონდა. დღემდე მომყვება დედისა და მამის სითბოს დანაკლისი. ყველაზე მეტად გულს ის მიტეხს, რომ მშობლებმა ელემენტარული განათლებაც კი არ მომცეს - თვეში 10 ლარიც არ გაიმეტეს ჩემთვის ინგლისურის ასათვისებლად, მაშინ როცა ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ. ამის გამო მათზე წყენა დღემდე მახრჩობს, თუმცა ჩემი შვილისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რომ საუკეთესო განათლება ჰქონდეს.
- ადრეულ ასაკში დაოჯახდი და მალევე დარჩი მარტოხელა დედა... როგორ გადაიტანე ეს პერიოდი?
ეკა ყურშიტაშვილი: 18 წლის ასაკში, ოჯახიდან და აღზრდის მკაცრი რეჟიმიდან თავის დაღწევის მიზნით, გავთხოვდი. თუმცა ეს სიყვარული არ ყოფილა. 19 წლის ვიყავი, როდესაც 1 თვის ორსული ქმარს დავშორდი. ოჯახმაც ზურგი შემაქცია. მქონდა პერიოდი, როდესაც ძალიან მიჭირდა - 2 წელი ბავშვს ძუძუს ვაჭმევდი, დამატებითი საჭმლის ყიდვის საშუალებაც კი არ მქონდა. ბავშვი კალთაში მეჯდა და ისე ვაკეთებდი ფრჩხილებს, მერე „ქარვასლაში“ ვმუშაობდი... უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და ჩემს თავს ვუთხარი, რომ არ უნდა დავნებებულიყავი, ღირსეულად უნდა მეშრომა.
- 23 წლის ასაკში მთელმა საქართველომ გაგიცნო საპატრულო პოლიციასთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეოებით. რას ფიქრობ იმ პერიოდზე დღევანდელი გადმოსახედიდან?
ეკა ყურშიტაშვილი: მაშინ 23 წლის ვიყავი. დღევანდელი გადმოსახედიდან, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, რასაც დღეს არ ვაკეთებ - უბრალოდ დღეს პატრული აღარ მეჩხუბება, მცნობენ (იცინის). იმ პერიოდში მთელი „დაქალები“ და მეგობრები დავკარგე, ყველას რცხვენოდა ჩემი არსებობის, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ჩამომაშორა ის ხალხი. მაშინ ჩემზე ყველა მხრიდან იერიში მიდიოდა. პირველად ვამბობ: იმ ინტერვიუებში ჩემით არაფერი მიდიოდა, იყო ადამიანი, რომელიც მკარნახობდა, რა უნდა მეთქვა. შეშინებული ვიყავი და გარკვეული პერიოდი დაცვითაც კი დავდიოდი.
- დღეს სილამაზის ინდუსტრიაში წარმატებული ბიზნესი გაქვს. როგორ დაიწყო შენი კარიერა?
ეკა ყურშიტაშვილი: თავდაპირველად ფრჩხილების სპეციალისტი ვიყავი, თუმცა ალერგია დამეწყო. 2018-2019 წლებში ინგლისსა და ლონდონში გავიარე ონლაინ ტრენინგები და შევქმენი ჩემი ბრენდი Lashdolls Academy. ამიერკავკასიაში პირველმა დავიწყე ამ მიმართულებით ჯგუფური სწავლება. დღეს 19-ზე მეტ ქვეყანას ვამარაგებ პროდუქციით და 5 000-ზე მეტი მოსწავლე მყავს აღზრდილი. რეკლამაში 1 ლარიც არ დამიხარჯავს - ყველაფერს საკუთარი შრომითა და ხერხემალით მივაღწიე.
- რით ამაყობ ყველაზე მეტად დღეს?
ეკა ყურშიტაშვილი: ჩემი შვილით, ცესიკუნათი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩემთვის ის არის ყველაფერი და მისთვის საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც კი ყველაფერს გავაკეთებ. ასევე ვამაყობ საკუთარი თავითა და იმ ხერხემალით, რომელმაც ამდენ სირთულეს გაუძლო.
