Digest Logo

„დიდი ქარტეხილების და გამოწვევების წინაშე ვართ, მაგრამ გავუძლებთ ყველაფერს! არ დააკლოთ ერთმანეთს ნუგეში, მიწაზე ყველაფერი დროებითია“ - გიორგი ლობჯანიძე

1734094353
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მიწაზე განსხეულებული ადამიანი ორჯერ იბადება. პირველი დაბადება ესაა სხეულებრივი, რომელსაც თან ახლავს სული და სამშვინველი, ხოლო მეორე დაბადება ესაა გაცნობიერება, განათლება, ანუ ტრანსფორმაციის შედეგად გაღვიძება, რასაც ფერისცვალებას ვეძახით.

საინტერესოა, როგორ ხდება სულიერი გამოღვიძება, ანუ სიცოცხლეშივე ხელახალი დაბადება? ასეთ დროს მახსენდება ხოლმე ერთი დიდი ბერი, რომელმაც განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია რომ ანგელოზებსაც ხედავდა. ამ ბერმა კი ერთხელ მოიხსენია ისეთი ადამიანი, რომელიც იმ წუთს არ უნდა მოეხსენიებინა. უთხრა ერთხელ მსახურმა, მას ახლა ნუ იხსენიებო, მან კი არ მოუსმინა და კვლავ მოიხსენია, ისევ უთხრა მსახურმა ახლა ნუ ახსენებო, ბოლოს კი ბერი მოუტრიალდა ანგელოზს და უთხრა: თუ არ უნდა მოვიხსენიო ეს ადამიანი, შენ რატომ არ მანიშნებო? ანგელოზმა კი ასეთი პასუხი გასცა: ღმერთი ადამიანს - ადამიანის ენით ესაუბრებაო.

კი, მეგობრებო, ხან და ხან, სულიერი გამოღვიძების პროცესში, უშუალოდ, პიროვნებები ვმონაწილეობთ ერთმანეთის ცხოვრებაში. მეტსაც ვიტყვი, ჩვენ ერთმანეთის მასწავლებლები ვართ. მაგალითები ვართ - როგორები უნდა ვიყოთ ან უბრალოდ არ უნდა ვიყოთ! როცა, ვინმესგან რაღაც გვწყინს და გვტკივა, ამ დროს ხდება შინაგანი გაცნობიერება, როგორ უნდა მოექცე ან არ უნდა მოექცე სხვას! ყველა ერთმანეთს რაღაცას ასწავლის და ამ ჟესტებით გვესაუბრებიან!

თუ არსებობს მიღმიურ სამყაროში წასვლის ორი გზა და ფორმა, გარდაცვალება ან სიკვდილი, რა თქმა უნდა, მაშინ მიწაზე დაბადებაც ორჯერ ხდება, მაგრამ რამდენად ხელახლა დაიბადება ინდივიდი, ეს მის ნებისყოფაზეცაა დამოკიდებული.

კარდინალური მოვლენები ცვლის ადამიანის ბუნებას. თუ ჩვენ, ისევ და ისევ, კარდინალური, ანუ გარდამავალი ფაქტის წინაშე არ დავდექით, ვერ გავიღვიძებთ, ამიტომაცაა, რომ დღეს კაცობრიობის გარკვეული ნაწილი ნახევრად ცოცხალია. ანუ, ფიზიკურად ცოცხალი, მაგრამ სულით მკვდარი.

სულიერი გამოღვიძებისთვის არ კმარა წიგნიერება, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი: წიგნიერებასა და განათლებას შორის უდიდესი სხვაობაა. შეიძლება იყო ნაკითხი, მაგრამ გაუნათლებელი. თუმცა, შეიძლება იყო განათლებული, მაგრამ წიგნში მოიკოჭლებდე. პარადოქსია, არა? თუმცა, ასეა!

დღეს კი, რაც ხდება დედამიწაზე, ეს ჰგავს მშობიარე მანდილოსნის ტკივილებს, რომელიც დიდი სიხარულით გვირგვინდება. რა არის ეს ტკივილი და რა ბოლო ფაზებში ვართ გასული, ვფიქრობ ამაზე ცალკე სხვა ფორმატში და ეთერებში ან სტატიებში მომიწევს საუბარი.

დიდი ქარტეხილების და გამოწვევების წინაშე ვართ, მაგრამ გავუძლებთ ყველაფერს! არ დააკლოთ ერთმანეთს ნუგეში. მიწაზე დროებითია ყველაფერი, ციკლურ სამყაროს მარადიულობა არ აქვს და ზუსტად დრო, ანუ ციკლი - ჩარჩო მთავრდება, რაც დიდი სულიერი გამოღვიძებით - გარდაქმნით უნდა წავიდეს, ოღონდ იქამდე კიდევ მოგვიწევს ეტაპების გავლა.

ზუსტად ასეთ დროს და მიმდინარე სიტუაციაში ვჭირდებით ადამიანები ერთმანეთს, მაგრამ ჩვენივე უთავბოლობით, აქაც პირიქით ხდება, ვკარგავთ და ვცილდებით, რაც ისევ ღვარძლს აძლიერებს, რომელიც მხოლოდ დესტრუქციის და ცხოველური, მხეცის ინსტინქტებზე დასმის ტოლფასია, რაც მიუღებელია და დიდი პრობლემაა. აი, ასეთ დროებითობაში ვეჭიდებით - ხან რას და ხანაც - ჩვენც არ ვიცით რას. თუმცა გასავლელს, მაინც გავივლით, რაც მისაღებია ის მოგვეცემა!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რას ნიშნავს სალოსობა და ვინ არიან ქრისტესთვის სულელნი?

⭕„არასდროს სთხოვო ქრისტეს რაიმე მიწიერი, რადგან მან უკეთ იცის, რაც გვჭირდება...“ - წმინდა მამის წინასწარმეტყველება

⭕13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა