ქრისტეს ეკლესიის წმინდანთა ცხოვრების ახლოს გაცნობა ძალზე სასარგებლოა ყოველი ქრისტიანისთვის. მათი ცხოვრებისეული მაგალითებით ხდება ახალი თაობის მორწმუნეთა აღზრდა და განსწავლა. თითოეული წმინდანი განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, რადგან თავისთავადობას ინარჩუნებს. ამიტომ ამ უამრავი წმინდანისგან შემდგარ დასში გარკვეული კატეგორიებიც არსებობს, მათი საერთო ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ცალკეულ კატეგორიებად შეიძლება დავანაწევროთ: წინასწარმეტყველები, მოციქულები, მოწამეები, უვერცხლო მკურნალები, ღირსი მამები და დედები და სხვანი.
აქვე წმინდანთა დასში გვხვდება ერთი კატეგორია, რომელიც თითქოს ცალკე არ დგას, რადგან ღირსთა კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ წმინდა ეკლესია დამატებითი ეპითეტით ამკობს მას - ღვთისთვის სულელთა - სალოსთა კრებული.
სალოსები, სხვა წმინდანთაგან განსხვავებით, მორწმუნეთათვის ერთმნიშვნელოვან მაგალითად ვერ გამოდგებიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი ცხოვრება არა მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ნორმებისგან არის გამიჯნული, არამედ თვით ქრისტიანული ზნეობრივი კანონებისგანაც. მათი ცხოვრების გარეგნულ ნიშან-თვისებებზე საუბარი ადვილია, მაგრამ ძალიან ხშირად შინაგანი მოტივაციის გარკვევა რთულდება უბრალო, მოკვდავი ადამიანისთვის. სალოსთა მსახურება გრძელდება და თანამედროვეობაში არაერთმნიშვნელოვან რეაქციებს იწვევს, ამიტომ აუცილებელია ამ მსახურების არსის მეტად შესწავლა, რათა მეტად შეგვეძლოს ამგვარ ქარიზმის მქონე პიროვნებებზე მართებული დასკვნების გაკეთება.
სალოსობის არსის დადგენაში ისტორიული ანალიზი დაგვეხმარება. ქრისტეს შობის შემდეგ პირველ სამ საუკუნეში ვერ ვხვდებით ამ განსხვავებული მსახურების აშკარა მაგალითებს. ამის მიზეზი, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ირკვევა, ამგვარი მსახურების აუცილებლობის არარსებობა იყო. იმ დროს ეკლესია იდევნებოდა, ამიტომ ყოველი ადამიანი, ვინც, დევნულობის მიუხედავად, ქრისტიანული პრინციპების მიმართ სიმტკიცეს ინარჩუნებდა, უკვე მიუღებელი გახლდათ ამ წუთისოფლის ძლიერთა და ხელმწიფეთათვის, რაზედაც წმინდა პავლე მოციქული პირდაპირ მიგვითითებს: „არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რათა არცხვინოს ძლიერთა. და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოარჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რათა არსნი იგი განაქარნეს“ (1 კორ. 1:27-28). ქრისტიანული ცხოვრება ძალადობასა და აგრესიას იწვევდა ამ უსამართლო ადამიანთა მხრიდან. ამიტომ იმ პერიოდში სალოსთა მსახურების საჭიროება ჯერ არ ჩანდა, ვინაიდან ყველა ღირსეული ქრისტიანი ამ წუთისოფლის სულელად მოიაზრება.
უკვე VI-VII საუკუნეებიდან სალოსობის თვალსაჩინო მაგალითები გვხვდება, რომელთაგანაც მკვეთრად გამორჩეულია ორი პიროვნება: სვიმეონ ემესელი (VIს.) და ანდრია კონსტანტინოპოლელი (IXს.). მათი ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მდაბიო სურვილებისა და ყოველგვარი ვნებისგან განიწმინდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ, ღვთის მოწოდებით, ფართო საზოგადოებაში აქტიური ქარიზმატული მოქმედება დაიწყეს.
ამრიგად, სანამ ქრისტიანობა იდევნებოდა, მანამ ღვთისაგან სალოსობისკენ მოწოდება ნაკლებად შეინიშნებოდა, ხოლო დევნის შეწყვეტის შემდეგ ნელ-ნელა სამოღვაწეო ასპარეზზე ქრისტესთვის სულელნიც გამოჩმნდნენ. ამ მცირე ისტორიული ექსკურსიდან გამომდინარე, შეგვიძლია შემდეგი დასკვნის გაკეთება - სალოსობა თავისი არსით წუთისოფელთან დაპირისპირებაა. მას არსებობისთვის სიმშვიდე სჭირდება, რადგან დევნულობისას ყველა დევნილი უპირისპირდება წუთისოფელს, ხოლო სიმშვიდეში პირდაპირ მხოლოდ სალოსები უპირისპირდებიან მას.
სალოსთა წუთისოფელთან დაპირისპირებას მკვეთრი გარეგნული და არაორდინარული სახე აქვს, რაზედაც სიტყვაც კარგად მიგვანიშნებს - ქრისტესთვის სულელი, გიჟი და გონებადაულაგებელი ადამიანი. ამგვარ მსახურებას საფუძვლად დიდწილად წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებიც უდევს: „უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რათა იყოს ბრძენ" (1 კორ. 3:18), ასევე პირდაპირი სიტყვიერი მითითება: „ჩვენ - სულელ ქრისტესთვის“ (1 კორ. 4:10).
ისინი ადამიანთა მზერისა და ყურადღებისათვის გამომწვევად მოქმედებენ, რათა უფრო ნათლად და მკაფიოდ აისახოს თითოეული ქმედება. ეს მათი დღის რეჟიმია, ხოლო ღამე ფარული ღვაწლია - მყუდროება, მდუმარება და ღმერთთან განუწყვეტელი ლოცვითი კავშირი. დღის გარეგნული მსახურების ზოგადი სურათია: მარხვის დარღვევა, მაღალი საზოგადოებისა და ფარისევლების მხილება, ზოგჯერ სიშიშვლე ან გლახაკად ჩაცმულობა, უპოვარება, მათხოვრობა, დამცირებისა და შეურაცხყოფის ძიება და წინასწარმეტყველება.
როგორც არ უნდა განვიხილოთ და ჩამოვაყალიბოთ მათი გარეგნული ქცევები, უმთავრესი მაინც შინაგანი გამოძახილია, ის, რაც მათ გარეგნულ ქმედებას წარმართავს. ამ ქმედებათა განმაპირობებელი ერთი მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, წუთისოფელთან ჭიდილია. თუმცა პირველი და უმთავრესი მიზეზი მოყვასის სარგებელზე ფიქრია, რადგან პიროვნება, რომელიც სულიერად განწმენდილი, დამდაბლებული და უპოვარია, სხვა ადამიანთა შეწევნას აღარ საჭიროებს. ამიტომ მათი ხალხში ყოფნა ადამიანთა კეთილდღეობას გულისხმობს.
კიდევ ერთი მიზეზი ამგვარი მსახურებისა სხვათათვის სარგებლობასთან ერთად საკუთარი თავის დაცვის მცდელობაა, რათა გარეგნული და გიჟური საქციელით ხალხისგან პატივისცემა და სიყვარული არ გამოიწვიონ.
აღნიშნულ მიზეზთა მიხედვით კარგად ჩანს, რომ სალოსები ნორმებს, კანონებს და დამკვიდრებულ მორალს ებრძვიან. ამით მიგვანიშნებენ, რომ ღმერთი და სულიერი ცხოვრება კანონზე მაღლა დგას და რომ კანონი სულიერების მიღწევის საშუალებაა და არა მიზანი. ამიტომ კანონს კი არ უარყოფენ, არამედ მის არასრულფასოვნებაზე მიანიშნებენ. ამ კანონებში ის გარეგნული ტრადიციები და წესები იგულისხმება, რომელთა გარეშეც ქრისტიანებს ცხოვრება ვერც კი წარმოგვიდგენია.
ეს ყოველივე საკმაოდ რთულად აღსაქმელია. ამიტომ ბიზანტიურმა ეკლესიამ ამგვარი მსახურება ფაქტობრივად უარყო კიდეც, რათა სიცრუისა და ჭეშმარიტების აღრევა, ეკლესიის კანონთა, წეს-ჩვეულებათა და საეკლესიო სამართლის დაკნინება და საბოლოოდ ეკლესიის საფუძვლის მოშლა არ მომხდარიყო. რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის ეკლესიაზე, სადაც ქრისტესთვის სულელნი მრავლად გამოჩნდნენ.
მთავარი ჩვენთვის ის უნდა გახდეს, რომ სალოსებთან მიმართებით არ შეგვექმნას ცრუ წარმოდგენები. ცრუ მსახურება ჭეშმარიტებად არ მივიჩნიოთ და ამით თავად ჭეშმარიტება არ დაკნინდეს.
სალოსობა და მამა გაბრიელი
მამა გაბრიელი დიდი სასულიერო მოღვაწე გახლდათ, რომელიც ღრმად დაფარული, წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა. მთავარეპისკოპოსი თადეოზი იგონებს: როდესაც მამა გაბრიელი მონასტრიდან გამოდიოდა, ყველას ლოთი და სულელი ეგონაო. ასეთ დროს მას ყველა ერიდებოდა და გაურბოდა, უმეტესად კი, დაცინვისა და აბუჩად აგდების საგანი ხდებოდა. სამთავროს მონასტერთან ახლოს ღვინის სმა, კუბოში წოლა და იქიდან ყვირილი მისგან ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ დროს ყველა ერიდებოდა მასთან შეხვედრას. თუმცა, არსებობდა მისი მოღვაწეობის მეორე მხარე, როცა ის თავისი სენაკიდან და მონასტრიდანაც იშვიათად გადიოდა, ხატებს ქმნიდა და საკვებს თითქმის არ იღებდა. ეს პერიოდი დაახლოებით სამი-ოთხი, ზოგჯერ კი ხუთი თვის მანძილზეც გრძელდებოდა. მამა გაბრიელი მუდამ დაგლეჯილი და დაფლეთილი ტანსაცმლით დადიოდა, ბერობაში 40 წელი გაატარა და აქედან 25 წელი სხვადასხვა სასაფლაოზე ათევდა ღამეს, ხოლო 15 წლის განმავლობაში მათხოვრობდა. გაბრიელ ბერის სისხლის უხრწნელობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სასულიერო პირი და მით უმეტეს, ჩვეულებრივი ადამიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: