„არასდროს სთხოვო ქრისტეს რაიმე მიწიერი, რადგან მან უკეთ იცის, რაც გვჭირდება. ილოცეთ ასე: „უფალო, შენს წმინდა ნებას მივანდობ ჩემს შვილებს, ჩემს ნათესავებს და ჩემი ოჯახის წევრებს“, - ეს სიტყვები წმინდა სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. მამა სერაფიმე წინასწარმეტყველების ნიჭს ფლობდა.
წმინდა ბერის წინასწარმეტყველების ნაწილი ასეთია:
„მოვა დრო, როდესაც არა დევნა, არამედ ფული და ამა სოფლის სიამენი დააშორებენ ადამიანებს ღმერთს და დაიღუპება ბევრად მეტი სული, ვიდრე ღია ღვთისმებრძოლობისას.
ერთის მხრივ აღმართავენ ჯვრებს, მოაოქროვებენ გუმბათებს, ხოლო მეორეს მხრივ - დადგება სიცრუისა და ბოროტების მეუფება. გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გლოვითა და ავადმყოფობებით.
საშიში იქნება ამ დროში ცხოვრება.
ახალგაზრდობა ცოდვათა სიღრმეთა ზღვარს ჩასწვდება. ისინი, დაინახავენ რა თავიანთ დაუსჯელობას, ჩათვლიან, რომ მათთვის ყველაფერია ნებადართული თავიანთ ახირებათა და სიბილწეთა დასაკმაყოფილებლად...
მაგრამ დადგება დრო, როდესაც მათ გულებში ღვთის ხმა დაიგრუხუნებს! როდესაც მიხვდებიან, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და სხვადასხვა გზებით მივლენ რწმენამდე. მათში მოსაგრეობის ძალა გაიღვიძებს და ტაძრები გაივსება მლოცველებით. ბევრი მათგანი ბერ-მონაზვნობის გზას შეუდგება. ტაძრებში და მონასტრებში უმრავლესობა ახალგაზრდები იქნებიან.
როგორ მხურვალედაც სცოდავენ ახლა, ასევე მხურვალე სინანული ექნებათ.
სანთელი ჩაქრობის წინ წამიერად ნათლად გაკაშკაშდება და შემდეგ ქრება. ასევე იქნება ქვეყნის აღსასრულისა და მეორედ მოსვლის წინ. არნახული რწმენა იფეთქებს. საოცარი დრო იქნება.
იფხიზლეთ, ჟამი ახლოსაა.
აუცილებლად ილოცე მტრებისთვისაც! თუ შენ მათთვის არ ლოცულობ, ამით ცეცხლზე ნავთს ასხამ და ეს ცეცხლიც უფრო და უფრო დიდი ხდება!
მუდამ ყველაფრისთვის, სიხარულისთვისაც და მწუხარებისთვისაც მადლობდე ჩვენს ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს.
გახსოვდეს, რომ ყოვლისშემძლე ცოცხალი ღმერთი მართავს ამ სამყაროს და ყველაფერი, რაც მასში ხდება ან მისი წყალობით ან მისი დაშვებითაა. მისი გზები კი ჩვენთვის შეუცნობელი და მიუწვდომელია. მხოლოდ ასეთ ხედვას შემოაქვს ჩვენს გულში სიმშვიდე და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინთქათ უკიდურეს მწუხარებაში. ეს მდგომარეობა ჩვენს გონებას მარადიული სიცოცხლისკენ მიაპყრობს და ტკივილებში მოთმინებას გვანიჭებს. ამ დროს, ეს მწუხარებებიც ძალიან ხანმოკლე, წვრილმანი და არარაობა გვეჩვენება“, - ამბობდა წმინდა სერაფიმე ვირიცელი (1949 წ.)
ასევე დაგაინტერესებთ: