Digest Logo

„ერიდეთ უაზროდ ანტიბიოტიკების ყლაპვას, აკონტროლეთ შაქარი და მარტივი ნახშირწყლები, იმოძრავეთ“ - ლევან შელეგიას რჩევები

1775821370
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ნაწლავის და ტვინის ჯანმრთელობას შორის კავშირზე საუბრობს:

„დეპრესია, შფოთვა და ნაწლავის ბაქტერიები!

ვინც მომყვებით იცით, რამდენი ხანია ხაზს ვუსვამ კავშირს ნაწლავის და ტვინის ჯანმრთელობას შორის.
JAMA-ში გამოქვეყნებული კვლევის (მეტა-ანალიზი) მიხედვით, სტანდარტული ანტიდეპრესიული მკურნალობა უფრო ეფექტური ხდება, თუ პაციენტს დამატებით მივცემთ პრობიოტიკს სპეციალური ბაქტერიული შტამების შემცველობით.
განსაკუთრებით მცირდება შფოთვის, ფორიაქის სიმპტომები, რომელიც დეპრესიის განუყოფელი ნაწილია.
ეს შტამები ძალიან გარკვეულად ჩამოთვლილია ამ პოსტის კომენტარების სექციაში სურათზე ლათინური ასოებით.
პრობიოტიკი, რომელიც ამ კვლევაში გამოიყენეს, ყველა 14 შტამს შეიცავდა.

არსებობს უკვე მზა პრეპარატიც, რომლის დასახელებაც ასევე წერია სურათის ბოლოს Bio-Kult Advanced.
ზოგადად დეპრესიის მქონე პაციენტების 30% არ პასუხობს სტანდარტულ თერაპიას ანტიდეპრესანტებით. პაციენტთა დაახლოებით 60%-ში პირველი ანტიდეპრესანტი არ იძლევა საკმარისს ეფექტს.

ჰოდა, განსაკუთრებით ასეთი პოპულაციისთვის უნდა იყოს საინტერესო ანტიდეპრესანტისთვის პრობიოტიკული პრეპარატის დამატება.

ნაწლავი თავისი უკიდეგანო მიკრობიოლოგიური კოსმოსით მეტად ახდენს გავლენას ტვინზე, ვიდრე ტვინი ნაწლავზე.

არსებობს პირდაპირი "ავტობანები" ნაწლავიდან ტვინის მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეირო-ჰორმონის - სეროტონინის 95% ნაწლავში წარმოიქმნება.

ჰოდა რა გასაკვირია, რომ მენტალური, ნევროლოგიური, ფსიქიატრიული დაავადებების მკურნალობაში ნაწლავის გათვალისწინება ჭკვიანური და ეფექტური აღმოჩნდეს.

მიხედეთ ნაწლავს:

- ერიდეთ უაზროდ ანტიბიოტიკების ყლაპვას.

- თუ დასჭირდა სიტუაციას ანტიბიოტიკი, აღიდგინეთ ნაწლავის ფლორა არსებული პრობიოტიკებით, მწნილით, მაწვნით, იოგურტებით.

- მიირთვით რეგულარულად ბოსტნეული, ბურღულეული და სხვა ბოჭკოებით მდიდარი საკვები.

- აკონტროლეთ შაქარი და მარტივი ნახშირწყლები

- იმოძრავეთ.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეცადეთ, რომ წითელ კვერცხებზე ხატები და ქრისტიანული ატრიბუტები არ გამოსახოთ!“ - გიორგი ლობჯანიძე წითელ პარასკევზე

„ეცადეთ, ნეგატიური ემოციები მართოთ, ყურადღება გადაიტანეთ ჯანმრთელობაზე და სახლში სიმშვიდის შენარჩუნებაზე...“ - 10 აპრილის ასტროპროგნოზი

„როცა უღმერთო ადამიანი შენ წინ დადგება და შენ რომ დაგინახავს, კამათი საჭირო აღარ უნდა იყოს“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება