მსახიობი გოგა პიპინაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს. მსახიობს ოჯახის ოთხფეხა წევრი, პატარა ძაღლი, სახელად ტიმი დაეკარგა.
პიპინაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ მზად არის, ნებისმიერ პირობას დათანხმდეს, ოღონდ ოთხფეხა მეგობარი ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნდეს:
„საშინელი შეგრძნებაა... რომ ღამდება, გული მეწურება... თუ გარეთ არის სადმე ქუჩაში, რამემ არ დაგლიჯოს ან დააფრთხოს... აღარ ვიცი, ლოგიკას ვკარგავ... რა ხდება... თუ ვინმემ თვალი მოჰკრა და სახლში წაიყვანა შვილის გულის გასახარად, მე ვუყიდი მის შვილს ასეთივე პატარას. თუ გაყიდვის აზრმა გაუელვა თავში, მე ვიყიდი ისევ.
ეს პატარა ჩემი ოჯახის წევრია და ეჭვი არ არის, ყველაფერს ვიზამ მის დასაბრუნებლად.
ნეტავ ცოცხალი იყოს და ვინმეს ჰყავდეს შეფარებული... მეგობრებო, დამეხმარეთ პატარა ტიმის პოვნაში. სამწუხაროდ, მინდა მჯეროდეს, თუ ვინმემ შეიფარა, ჯერ მას ხმა არ მიწვდენია... რა გული გაუძლებდა. დარწმუნებული ვარ, თუ ჩემი პატარა ცოცხალია, ისიც რა სტრესში იქნება“, - წერს გოგა პიპინაშვილი.
მსახიობის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები პოსტს აქტიურად აზიარებენ, რათა ინფორმაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და პატარა ტიმი ოჯახს მალე დაუბრუნდეს.



