ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საინგილოში, კერძოდ ძველი ჰერეთის მე-18 მე-19 საუკუნეების სამაროვანზე {სასაფლაოზე} გავრცელებულ უნიკალურ და მისტიკურ ქართულ ტრადიციაზე - „ჭიმმობრუნებაზე“ ჰყვება.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ეს მხარე მასზე ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს, ამ უცნობი რიტუალის შესახებ კი სრულიად შემთხვევით, ორი წლის წინ, წარმოშობით კახელი ინგილო ტაქსის მძღოლისგან, სახელად ერეკლესგან შეიტყო.
„აქაურობას ხშირად ვიხსენებ და თქვენც გიყვებით - ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო მოვლილი მაქვს, მაგრამ სადაც კი ვყოფილვარ, ასეთი შთაბეჭდილება არაფერს მოუხდენია. ესაა საინგილო, მე-18 მე-19 საუკუნის სამაროვანი ძველი ჰერეთის, გასხვისებულ ქართულ მიწაზე, ესაა ნამდვილი მისტიკა.
ჰოდა, ამ ორი წლის წინ ტაქსით ვიმგზავრე, მძღოლი, ახალგაზრდა ბიჭი ინგილო აღმოჩნდა, კახიდან. ეს სამაროვანი ვუხსენე... ბევრი საინტერესო ამბავი მოყვა და ერთი კი განსაკუთრებით, რომ არ დამვიწყებოდა, ქაღალდის ნაგლეჯზე მივაწერე.
აქ ერთი ტრადიცია ჰქონიათ - „ჭიმმობრუნება“. ყოველ დიდ ხუთშაბათს საინგილოელი ქართველები სამაროვნებზე (ანუ საფლავებზე) გადიან და ყოველ საფლავთან ერთი ბარის პირი მიწას ამოიღებენ და ამოაბრუნებენ. ამით, უხსოვარი დროის ტრადიციის მიხედვით, საფლავებს სააღდგომოდ კარს ვუღებთო. თუკი მიწაამოუღები საფლავია, ესე იგი მომკითხავი აღარ ჰყავს და იმასაც სხვები დაჰკრავენ ბარსო.
ამ დღეს საფლავზე მხოლოდ კაცები გადიან და მიაქვთ პური, ღვინო და გირცი, ესაა ჭინჭრისა და ნიგვზის გულსართიანი, მარილწყალში მოხარშული ცომი, რომელიც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ამ დღეს იხარშებაო“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე.


