Digest Logo

„ევროკავშირის წევრობა თეორიულად ყველამ იცის, რომ რაღაც კარგია, მაგრამ უფრო მეტი ილაპარაკეთ მასზე“ - გიორგი ცხადაძე

1648019020
გიორგი ცხადაძე

მომღერალი გიორგი ცხადაძე პოლიტიკოსებსა და კომპეტენტურ პირებს სთხოვს, ევროკავშირის სიკეთეებზე საჯაროდ უფრო მეტი ესაუბრონ ადამიანებს.

„ძალიან ვნერვიულობ და მეშინია, რომ შესაბამისად განათლებული არ ვარ.

ჩემით დავიწყე იმიტომ, რომ ხშირად მეც მიჭირს ლოგიკური დასკვნის გაკეთება კონკრეტული ფაქტიდან. ამის ერთადერთი და მთავარი პრობლემა განათლებაა, დანარჩენი ყველაფერი სუსტია მის ფონზე. მათ შორის რუსული ჰიბრიდული ომიც და მისი ნარატივები.

ძალიან უხეშია, მაგრამ მაინც პირობითად სოფელ მაჩხაანის მეორე სკოლის მოსწავლე დიმიტრი და ქართულ-ბრიტანული სკოლის მოსწავლე ვაჩე, რომლის მშობლებიც სემესტრში $5000 დოლარს იხდიან – ამ ორ ადამიანს შორის სხვაობაა მთელი სამყარო.

და თუ უნარებში 100 %-იან დაფინანსებაზე მოხვდა ამ სოფლიდან წამოსული ახალგაზრდა, ეს ერთეული შემთხვევაა. მისი თანაკლასელები, დიდი ალბათობით, იქვე სოფელში რჩებიან, ან დედაქალაქში ეძებენ სამსახურებს მშენებლობაზე.

რაც შეეხება ვაჩეს, მისი კლასის სტატისტიკა დიდი ალბათობით განსხვავებული იქნება. კლასელების უმეტესი ნაწილი წარმატებულ კომპანიებში მაღალ ანაზღაურებაზე დაიწყებენ მუშაობას. მერე შეიძლება პოლიტიკაშიც მოვიდნენ და აქ უკვე ისევ ის მთავარი პრობლემა ამოყოფს თავს, რაც ჩვენს პოლიტიკოსებსაც უდგათ – ამ ადამიანებს დიმიტრისნაირების ნაკლებად ან საერთოდ არ ესმით, რადგან ორი სხვადასხვა სამყაროა; იდენტობის შეგრძნებაც განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე „აქაურია”.

ევროკავშირის წევრობა თეორიულად ყველამ იცის, რომ რაღაც კარგია, მაგრამ შესაძლოა, უმეტესობისთვის ლამაზ ადგილებში მოგზაურობასთან ასოცირდებოდეს ხოლმე (რასაც შესაბამისი ფინანსები სჭირდება და მაგაზე ფიქრი წამშივე აბსტრაქტულ ოცნებად იქცევა), ან თუნდაც სამუშაოდ წასვლა და ცოტა მეტის გამომუშავება (ეს უმეტესობისთვის შესაძლოა არც იყოს დიდი ამბავი). სინამდვილეში ხომ ევროკავშირის წევრობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ დიმიტრისა და ვაჩეს შორის ამხელა სხვაობა ძალიან შემცირდება. დიმიტრის კლასელების უმეტესობას შეეძლება ისეთი განათლება მიიღოს (უფასოდაც კი), რომ მთელი ცხოვრება დამოუკიდებელი იყოს; ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება; იზრუნოს ოჯახზე და წლის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ მაინც ახალ-ახალი ადგილები ნახოს.

გეხვეწებით, ეს აგვიხსენით ხალხს, ამაზე გველაპარაკეთ, რეალურად დაგვანახვეთ ყველა დასავლური სიკეთე,  დეტალებში. მერე ხალხი თვითონვე გამოვა და მთავრობას, რომელიც პირველ რიგში სწორედ განათლების სისტემას კლავს (იმიტომ, რომ განათლებული ხალხია ნამდვილი ძალა და რთულად სამართავი), თვითონვე გააცილებს მთავრობას „ნეიტრალურ” ტყეში, სადაც მხოლოდ დათვები დათარეშობენ.

მე სწავლას გავაგრძელებ“, - წერს გიორგი ცხადაძე.