Digest Logo

„ფაზლის აწყობის მერე დავინახე რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა...ახალ პროფესიას, დიჯეობას დავეუფლე“ - ნეკა დოროყაშვილი

1769019978
 ნეკა დოროყაშვილი

ახლახან „იუთუბ“ არხზე გამოჩნდა ნეკა დოროყაშვილის ახალი სიმღერის ვიდეორგოლი, რომელიც საკმაოდ ლამაზი და თვალში საცემია, ბევრი ნახვაც აქვს და როგორც თავად ნეკა ამბობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასიმღერო კარიერაში წარმატებებს მიაღწიოს.

იგი ახალ წამოწყებასა და პირადზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

– ახლახან სოციალურ ქსელში დაიდო შენი ვიდეორგოლი შენს სიმღერაზე, სადაც არაჩვეულებრივი კადრები ვიხილეთ. ვფიქრობ, გასული წელი ერთგვარი გამოცდების წელიწადი იყო. როგორ ფიქრობ, რამდენად შეძელი ამ გამოცდების ჩაბარება, რა გამოწვევების წინაშე იდექი და როგორია შენი სამომავლო გეგმები სასიმღერო კარიერის მხრივ?

– ფაქტობრივად, ყოველდღე მქონდა გაკვეთილი და მიწევდა მისი ჩაბარება. გასული წელი, ჩემთვის პირადად, ძალიან ტრანსფორმაციული აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ საკმაოდ ბობოქარი. გასული წელი, ყოველდღე, ფაქტობრივად, ფაზლს ვაწყობდი (იცინის). ასე რომ, 2025 წელი ჩემთვის ფაზლის აწყობის წელიწადი იყო და მგონი, გავედი ბოლოში (იცინის).

– და, რა სურათი მიიღე?

– მივიღე ერთი დიდი სურათი, ფაზლის აწყობის მერე დავინახე, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ბევრი რამ უსწავლებია, ტყუილად არაფერი ხდება, მანამდე თუ იყო მხოლოდ ნიადაგი, ახლა მოსავლის აღების პერიოდი მეწყება. ამიტომ, ვარ აქტიურად ჩართული ჩემს საქმიანობაში. გარდა სიმღერის წერისა და ვიდეორგოლის გადაღებისა, სულ რამდენიმე თვეა, ახალ პროფესიას, დიჯეობას დავეუფლე. ვემზადები ჩემი სოლო პერფორმანსისთვის, რომელიც იქნება ჩემი – როგორც ქალი ვოკალისტის და ასევე, ჩემი – როგორც დიჯეის ამპლუაში. ასე რომ, ის ფაზლი, სულ რომ ტვინში მქონდა და ნელ-ნელა ვაწყობდი, დავასრულე, შეიკრა და საბოლოოდ, თავისით დამილაგა ცხოვრებამ. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში იმდენჯერ მოხდა სასწაული, რომ ნამდვილად მჯერა სასწაულების. მჯერა ბედობისა და იმისიც – როგორც დაიწყებ წელს, მთელი წელი ისე წავა. მთავარია, შენ გჯეროდეს, რა გინდა და რატომ გინდა და არ არსებობს, თუ გულწრფელად გინდა, არ აგიხდეს. ნამდვილად მადლიერი თუ ხარ, არ ეჭიდავები ცხოვრებას და გულწრფელად ოცნებობ, არ არსებობს, ცხოვრებამ არ აგისრულოს. მე ასე მაქვს დაცდილი.

ამიხდა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მყოლოდა ცისფერთვალება, ჭკვიანი შვილი და კიდევ ამიხდა ოცნება, 10-15 წლის წინ რომ მქონდა – ვარ ისეთი, როგორი ტიპიც მინდოდა ვყოფილიყავი. ეს ოცნებაც ამიხდა. მეგონა, ვერასდროს შევძლებდი, მაგრამ საკუთარი თავის ის ვერსია შევქმენი, რაც ჩემთვის საუკეთესო იყო და ამისთვის, ბევრი დრო დამჭირდა. აუცილებელია, საკუთარ თავს ხშირად შევახსენოთ ჩვენი მიღწევები, ეს გვაძლევს მოტივაციას მომავალში, რადგან ყოველდღიური რუტინა რაღაცებს გვავიწყებს. ჩემს თავს სულ ვახსენებ, რა იყო ჩემი პირადი მიღწევა, როცა არავინ არ დამხმარებია, მაგრამ შევძელი. იმ პატარ-პატარა გამარჯვებების გახსენება დიდ მოტივაციას მაძლევს და ამას ხშირად ვიმეორებ. სარკეში რომ ვიყურები, ისეთ ნეკას არ ვხედავ, რომ ვიღაცისთვის იყოს კარგი. უბრალოდ, ვხედავ ნეკას, რომელსაც აქვს საკუთარი თავის იმედი. მართალია, ბევრი ოცნება ამიხდა და ბევრიც ასახდენია, მაგრამ ახლა მაქვს პერიოდი, როცა ჩემი ბავშვობის ოცნებებს ჩემს სიმღერებში ეტაპობრივად ვიხდენ. ასე რომ, ჩემი ბავშვობის აუხდენელი ოცნებები ჩემს სიმღერებში გადავიტანე და საჯარო გავხადე. ახლა ოცნებების ახდენის პერიოდი მაქვს, იმ პატარა ნეკას ვუხდენ ოცნებებს. ოცნება არის ის, რაც ოცნებად რჩება. მე კი გადავწყვიტე, ოცნება აღარ დავიტოვო, განვახორციელო და ყველა ავიხდინო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რადგან გარშემო ბევრი ბოროტი ადამიანია, ჩემს პირადს ვმალავ...“ - ნეკა დოროყაშვილი

⭕„ჩემი ნება რომ იყოს, ბებია-ბაბუის სტატუსს საერთოდ ჩამოვართმევდი...“ - რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის მშობლებზე?

🎥 „გაუთვალისწინებელი შემთხვევები ისტორიებს ქმნის...“ - რა კადრებს აქვეყნებს რომან დოლიძე