ფსიქოსომატიკა და სიმპტომის ფორმირების სამი ფუნდამენტური თეორია.
1. ფროიდის „კონვერსიის“ თეორია.
ზიგმუნდ ფროიდმა შემოიტანა ტერმინი კონვერსია - ეს არის ფსიქიკური ენერგიის, მაგალითად შიშის, დანაშაულის შეგრძნების, აგრესიის გადასვლა ფიზიკურ სიმპტომში.
ეს ხდება, როდესაც ემოცია იმდენად მტკივნეულია, რომ ეგო ანუ ჩვენი ცნობიერი მას ბლოკავს და არ უშვებს ცნობიერებაში (რეპრესია). ეს მუხტი არსად ქრება. ის პოულობს სხეულის ყველაზე სუსტ წერტილს და ვლინდება ტკივილის ან ფუნქციის დარღვევის სახით.
2.ფრანც ალექსანდერის ვეგეტატიური ნევროზის თეორია.
ფრანც ალექსანდერმა ფროიდის თეორია განავითარა და თქვა, რომ ფსიქოსომატიკა არის ქრონიკული ემოციური დაძაბულობის ფიზიოლოგიური თანმხლები პირი, მაგალითად:
როცა ადამიანი გაბრაზებულია, სიმპათიური ნერვული სისტემა ავტომატურად ზრდის წნევას და ავიწროებს სისხლძარღვებს, ორგანიზმი ემზადება ჩხუბისთვის.
თუ ბრაზი ქრონიკულად ითრგუნება, სისხლძარღვები მუდმივად შევიწროებულ მდგომარეობაშია, რაც იწვევს ქსოვილების ორგანულ დაზიანებას - ესენციურ ჰიპერტენზიას.
3.პიტერ სიფნეოსის ალექსიტიმიის კონცეფცია.
ეს არის უმნიშვნელოვანესი აკადემიური ტერმინი ფსიქოსომატიკაში. ალექსიტიმია ნიშნავს "სიტყვების არქონას ემოციების გამოსახატავად".
კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოსომატური პაციენტების დიდ ნაწილს აქვს მაღალი ალექსიტიმია, ანუ დათრგუნული ვერბალური გამოხატვის უნარი. მათ არ შეუძლიათ თქვან „მწყინს", „მტკივა", „მეშინია", რადგან ფსიქიკას არ აქვს უნარი ემოცია სიტყვებად, სიმბოლოებად აქციოს. სხეული იძულებულია ეს ემოცია "გამოიტიროს" კანით, „ამოახველოს" ფილტვებით ან „მოინელოს" კუჭით.
ფსიქოსომატური დაავადების ჩამოყალიბების სრული ციკლი და მისი პროგრესირება (ვეგეტატიური ნევროზიდან შეუქცევად ორგანულ დაზიანებამდე) ასე გამოიყურება:
პირველი ეტაპი
ინტრაფსიქიკური კონფლიქტი (საწყისი წერტილი) - ყველაფერი იწყება შინაგანი ომით. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება მწვავე სიტუაცია, სადაც მისი ორი თანაბრად ძლიერი, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი სურვილი ეჯახება ერთმანეთს.
როგორ მუშაობს?
ცნობიერი გონება ამბობს ერთს (მაგალითად: - “მე უნდა მოვითმინო ეს დამამცირებელი ურთიერთობა, რადგან ასეა საჭირო”), ხოლო არაცნობიერი ყვირის მეორეს (- “მე აქ ვიგუდები, მეტი აღარ შემიძლია”).
როდესაც ადამიანი ვერ პოულობს ამ კომპრომისს, ფსიქიკა უდიდესი ჩიხის წინაშე დგება.
მეორე ეტაპი
ალექსიტიმია და რეპრესია (ემოციური ჩამკეტი)
რადგან კონფლიქტი ვერ გვარდება, ფსიქიკა რთავს თავდაცვის მექანიზმს - რეპრესიას, განდევნას. ადამიანი საკუთარ თავს უკრძალავს ბრაზის, წყენის, შიშის ან დანაშაულის გრძნობის გამოხატვას.
როგორ მუშაობს: ყალიბდება ალექსიტიმია - მდგომარეობა, როცა ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციების სიტყვებით გადმოცემა. ნაცვლად იმისა, რომ ემოცია გარეთ ამოვიდეს ტირილით, ყვირილით, საუბრით, ის „სამუდამოდ იმარხება“ სხეულში. სიტყვების ნაცვლად, ახლა უკვე ორგანიზმი იწყებს ლაპარაკს.
მესამე ეტაპი:
ვეგეტატიური ჰიპერაქტივაცია (ორგანიზმის განგაში)
გამოუხატავი ემოცია არსად ქრება, ის სუფთა ფსიქიკური ენერგიაა, რომელიც სხეულში დარჩა. ტვინისთვის ეს მოუგვარებელი შინაგანი ომი აღიქმება, როგორც მუდმივი, რეალური საფრთხე.
როგორ მუშაობს: ტვინი რთავს გადარჩენის რეჟიმს („ებრძოლე ან გაიქეცი“) და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას უბრძანებს, მუდმივად გამოყოს სტრესის ჰორმონები (კორტიზოლი, ადრენალინი).
შედეგად, სხეულის გარკვეული ზონები, კუნთები თუ სისხლძარღვები გადადიან ქრონიკული დაძაბულობის, სპაზმისა და მზადყოფნის რეჟიმში.
მეოთხე ეტაპი:
ფუნქციური დარღვევა (უხილავი სიმპტომი)
სტრესის ჰორმონების და მუდმივი კუნთოვანი სპაზმის გამო კონკრეტული ორგანო (კუჭი, გული, კანი, ფილტვები) იწყებს არასწორად, აჩქარებულად ან შეფერხებულად მუშაობას.
როგორ მუშაობს: ადამიანი უკვე ფიზიკურად გრძნობს ტკივილს, გულძმარვას, ჰაერის უკმარისობას ან წნევის ცვალებადობას. თუმცა, თუ ის ამ დროს მივა ექიმთან და ჩაიტარებს კვლევებს (ექოსკოპია, რენტგენი, ანალიზები), აპარატურა აჩვენებს, რომ ორგანო ანატომიურად სრულიად საღია. ექიმები იტყვიან რომ ყველაფერი ნორმაშია და ეს უბრალოდ ნერვიულია.
მეხუთე ეტაპი:
ორგანული დაავადება (ფიზიკური დაზიანება)
ეს არის ფინალური ეტაპი. თუ შინაგანი კონფლიქტი წლების განმავლობაში არ წყდება და სხეული არ გამოდის მუდმივი განგაშის რეჟიმიდან, ორგანო, რომელიც მანამდე უბრალოდ არასწორად მუშაობდა, სიტყვასიტყვით ზიანდება ფიზიკურ დონეზე.
როგორ მუშაობს: ქრონიკული სპაზმი, ჟანგბადის ნაკლებობა ქსოვილებში ან მჟავიანობის მუდმივი მატება იწვევს უჯრედების კვდომას და ორგანოს სტრუქტურულ ცვლილებას. ფუნქციური დარღვევა გარდაიქმნება შეუქცევად ორგანულ დაავადებად (მაგალითად: კუჭის წყლული, ესენციური ჰიპერტენზია, ასთმა, ატოპიური დერმატიტი)
აი, ამ ეტაპზე დაავადება უკვე ხილულია ნებისმიერი სამედიცინო აპარატისთვის.
მთავარი დასკვნა:
მედიცინა ხშირად მკურნალობას იწყებს მე-5 ეტაპიდან (ებრძვის ფიზიკურ დაზიანებას), თუმცა რეალური, ფუნდამენტური განკურნება შეუძლებელია, თუ უკან არ მივყვებით ამ ჯაჭვს და არ აღმოვფხვრით სათავეს, პირველ და მეორე ეტაპებს.
განკურნება იწყება იქ, სადაც იწყება საკუთარი თავის პატიება და გაშვების მზაობა.
სწორედ ამ პროცესში გვეხმარება ფსიქოთერაპია.
ჯანმრთელობას და ჯანსაღ თვითგამორკვევას გისურვებთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საქართველოს სიამაყე ხარ...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება 29 ივლისს? - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე