
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე სოციალურ ქსელში მშობლებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაიგოთ, ხართ თუ არა ემოციურად მიუწვდომელი მშობელი:
„თვითრეფლექსია მშობლებისთვის:
ვართ თუ არა ემოციურად მიუწვდომელი მშობელი?
ხშირად ვფიქრობთ, რომ ემოციური მიუწვდომლობა მხოლოდ სხვებს ეხება. გვჯერა, რომ ჩვენი სიყვარული საკმარისია და ჩვენ შვილებს არაფერი აკლიათ, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენი ქცევები, რომლებიც შეიძლება უმნიშვნელო გვეგონოს, ბავშვზე დიდ გავლენას ახ დენს.
მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე შეკითხვა, რომელიც დაგვეხმარება, გავიგოთ, ხომ არ ვაშენებთ ემოციურ ბარიერებს ჩვენსა და ჩვენ შვილების შორის.
⁉️როგორ ვრეაგირებთ ბავშვის გრძნობებზე?
როდესაც თქვენი შვილი ტირის, ბრაზობს ან ეშინია, თქვენი პირველი რეაქცია არის თუ არა მისი გრძნობების მინიმიზაცია? მაგალითად, ეუბნებით თუ არა: „არაფერია სატირელი“, „ამაზე არ ღირს ნერვიულობა“?
⁉️ვცვლით თუ არა საუბრის თემას, როდესაც ბავშვი ემოციურად მძიმე ამბავს გვიზიარებს?
როდესაც ბავშვი წარმატებას მიაღწევს, ჩვენი შექება მიმართულია მის მიღწევებზე („რა კარგი ნიშანი მიიღე!“) თუ მის პიროვნებაზე („რა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს!“)?
⁉️როგორ გამოვხატავთ სიყვარულს?
ვგრძნობთ თუ არა დისკომფორტს ჩახუტებისას, კოცნისას ან სითბოს სხვა ფორმების გამოხატვისას?
⁉️მხოლოდ სიტყვებით ვამბობთ თუ არა „მიყვარხარ“? შეუძლია თუ არა ჩვენს შვილს ამის განცდა ჩვენი ქცევებითაც?
მიგვაჩნია თუ არა, რომ შვილის ყველა მატერიალური საჭიროების დაკმაყოფილება სიყვარულის გამოხატვის საკმარისი გზაა?
⁉️როგორ ვექცევით საკუთარ ემოციებს?
ვმალავთ თუ არა საკუთარ გრძნობებს შვილისგან? მაგალითად, თუ მოწყენილები ვართ, ვცდილობთ თუ არა ვაჩვენოთ, რომ „ყველაფერი კარგადაა“?
⁉️ვაძლევთ თუ არა საკუთარ თავს უფლებას, გამოვავლინოთ სისუსტე, თუ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ „ძლიერები“?
გვიჭირს თუ არა დახმარების თხოვნა ან ბოდიშის მოხდა, როცა შეცდომას ვუშვებთ?
‼️თუ ამ კითხვებიდან რომელიმეზე პასუხი დადებითია, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი მშობელი ვართ. არ არსებობს იდეალური მშობელი.
ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ შესაძლოა ბავშვობიდან მოგვყვება გაუცნობიერებლად ისეთი გამოცდილებები, რაც ჩვენ შვილებზეც და მათთან ურთიერთობაზე აისახება“, - წერს მარიამ შოვნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: