ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი გია მურღულია სოციალურ ქსელში ემოციურ და ფილოსოფიურ ტექსტს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი ნაწარმოებიდან ამონარიდს იხსენებს:
„ერთი ასეთი ძველი ამბავია:
მჭედელთან სიკვდილი მივიდა და სთხოვა, მისთვის ცელი გაელესა. ლესავს მჭედელი ცელს და თან ეუბნება:
- მართლა უცნაური არ არის? - იმ იარაღის სრულყოფაში გეხმარები, რომლითაც ამდენი სიცოცხლე წაიღე.
სიკვდილმა უთხრა:
- მე არავის ვკლავ. ამას თქვენ აკეთებთ, ადამიანები. მე ახალგაზრდა ლამაზი გოგონა ვიყავი. როდესაც ვინმე იმ ქვეყნისა გახდებოდა, საიქიოს ყვავილებითა და სიმღერით მივაცილებდი. ახლა ამდენი ბოროტების, ღვარძლისა და სიცოცხლის ნაძალადევი დასასრულის ხილვამ დამაბერა და დამამახინჯა. იძულებული ვარ შავით შევიმოსო და თავსაბურავი დავიხურო, რომ ჩემი საზარელი სახე არავინ დაინახოს.
მჭედელი ეკითხება:
- თუ შენ არავის კლავ, აბა, ეს ცელი რაღად გინდა?
უპასუხა სიკვდილმა:
- სამოთხისკენ სავალ გზაზე ბევრი ბალახი ამოვიდა.
ამ სევდიან ამბავს კაცმა შეიძლება კომენტარი დაურთოს, განმარტოს და, მეტ-ნაკლებად, ნათელი გახადოს, მაგრამ განა ისედაც გასაგები არ არის?
განა ყველაფერი ჩვეულებრივისგან განსხვავებულ შინაარსს არ იძენს, თუ ცელი ადამიანისთვის კი არა, ბალახისთვისაა, რომელიც სამოთხისკენ სავალ გზაზე კაცს აბრკოლებს?
განა სათქმელი უკიდეგანო ნაღველითა და მწუხარებით კი არა, ღვთაებრივი სინათლით არ იმოსება?
ამბობენ, ყველაფერი ფარდობითიაო.
ნუთუ სიკვდილიც ამ კანონზომიერების შვილია?
და თუ ასეა, რატომ არ შეიძლება მისი სიცოცხლე სილამაზეს ბადებდეს?
ვის ეგონა, სიკვდილის ცელი თუ გალამაზდებოდა?
არადა, თურმე გზას გისუფთავებს, შენს ზეციურ სახლში რომ დაბრუნდე.
ამბავს შეუძლია თავი გაიმშვენიეროს“,- წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედამიწაზე დიდი არეულობა და გაუგებრობა დაიწყება...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ებრაელებზე