გარდაბანში სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი სასწრაფოს მანქანაში ამშობიარა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.
„გარდაბნის რაიონული სამსახურის სოფელ გამარჯვების ფილიალის მე-4 ბრიგადისთვის მორიგი გამოძახება განსხვავებულია.
ლოზუნგი - მშობიარობა.
გამოძახებაზე გასულ ბრიგადას პაციენტი გზაზე, მეუღლის ავტომობილში დახვდა. ახალგაზრდა ქალი სახლში იმყოფებოდა, როდესაც მუცლის არეში დისკომფორტი იგრძნო. ოჯახმა გადაწყვიტა, ორსული სასწრაფოდ კლინიკაში წაეყვანათ, თუმცა პაციენტს გზაში ტკივილები გაუძლიერდა და ამიტომ სასწრაფო დახმარების გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.
ბრიგადის წევრებმა წამებში შეაფასეს სიტუაცია - მშობიარობა დაწყებული იყო და კლინიკამდე მისვლას ვეღარ მოასწრებდნენ. სასწრაფო დახმარების ავტომობილში მყისიერად მოამზადეს საჭირო სამეანო აღჭურვილობა და გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიისთვის - ახალი სიცოცხლის მისაღებად მოემზადა.
რამდენიმე წუთში სამყაროს ჯანმრთელი ბიჭუნა მოევლინა. დედა და პატარა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა გაეწიათ. ახალგაზრდა დედისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო“,- ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.