საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
ღვაწლმოსილი არქიტექტორი ნელი გვასალია გარდაიცვალა:
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი არქიტექტორის, ნელი გვასალიას გარდაცვალების გამო.
ნელი გვასალია დაიბადა 1943 წლის 28 მარტს, თბილისში. 1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი და იმავე წლიდან დაიწყო პროფესიული საქმიანობა „თბილქალაქპროექტში“. 1975 წლიდან იგი „საქქალაქმშენსახპროექტში“ მუშაობდა, სადაც არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელისა და პროექტის მთავარი არქიტექტორის პოზიციებს იკავებდა.
მისი ავტორობით შეიქმნა არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობა: სასტუმროები და დასასვენებელი სახლები ქუთაისში, კინდღსა და ბაკურიანში, სასტუმრო რუსთავში, ჟურნალისტთა საცხოვრებელი სახლი თბილისში, რუსთავის დრამატული თეატრის შენობა და სხვა.
იგი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გახლდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრი და ექსპერტი.
სააგენტო უსამძიმრებს ამ დიდ დანაკარგს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად პროფესიულ საზოგადოებას“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ნუკი კოშკელიშვილი: „რამდენი რამ გაუხარდებოდა პატარა ნუკის, ჩემს ახლანდელ ცხოვრებაში რომ ჩაეჭყიტა“