Digest Logo

„გიო 51 წლის გახდა მიწიერში, ზეციურში - უსასრულობაშია“ - 24 თებერვალი გიორგი სანაიას დაბადების დღეა

1771917468
გია აბაშიძე

დღეს, 24 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი - 2“-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას დაბადების დღეა, იგი 51 წლის გახდებოდა. 

მას სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ ისტორიას ურთავს თან: 

„გიო 51 წლის გახდა მიწიერში, ზეციურში - უსასრულობაშია. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა!
შევხვდებით ადრე თუ გვიან, ბევრი საქაქანო დაგროვდა...

1997 წლის ივლისი, თეთრი სახლის ეზო. მაშინ „რეზონანსელი“ გიო და პრეზიდენტის პრესსამსახურელი მე, ლეგენდარულ პრესოფიცერ მერი მაზერინისთან ერთად.

აშშ-ის რამდენიმე ადმინისტრაციაში იყო ნამუშევარი, ბევრს ეშინოდა მისი ჯუჯღუნი-ქოთქოთის, Secret Service-საც.

ცხონებული გიო ამოიჩემა, სულ ეფერებოდა და ელოლიავებოდა, რაც იქ ვიყავით.

„კლინტონი-შევარდნაძის შეხვედრაზე ვერ დაგასწრებ, სხვა ყველაფერი მთხოვეო“.

მრავალი სასაცილო ისტორია მოგვიყვა თეთრი სახლის თანამშრომელთა კულუარულ მუშაობაზე“, - წერს გია აბაშიძე. 

გიორგი სანაია იყო ქართველი ტელეჟურნალისტი, „კურიერის“ წამყვანი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი სახე. იგი ცნობილი იყო კრიტიკული სიუჟეტებითა და საგამოძიებო თემებზე მუშაობით.

2001 წლის 26 ივლისს სანაია თბილისში, საკუთარ ბინაში მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს. შემთხვევამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია - მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება ითხოვდნენ სწრაფ და სრულყოფილ გამოძიებას.

საქმეზე დააკავეს ავთანდილ ჭაჭუა. 2003 წელს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა სანაიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მკვლელობა არ იყო სრულად გახსნილი და რომ არსებობდა კითხვები შესაძლო დამკვეთებთან დაკავშირებით.

სანაიას მკვლელობა ქართული მედიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ რჩება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს, ემოციები პიკზეა“ - თაკო მელიქიშვილი 24 თებერვლის ენერგიებზე

⭕„ცხოვრება? - შეგიძლია სხვაგვარი აირჩიო, თუ განვითარებისა და მსახურების უკეთეს შესაძლებლობას მოგცემს.... და ღმერთი? ამის პასუხი არავის აქვს“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ნუ წამოიწყებთ სასამართლო დავებს, ქონებრივ და მემკვიდრეობით თემებზე განსაკუთრებით“ - 24 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი