Digest Logo

„გთხოვთ, არასდროს არ ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - სანდრო შელეგია ტკივილგამაყუჩებლებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

1765347192
 სანდრო შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტკივილგამაყუჩებლებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

იგი საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშნული პოსტი რამდენჯერმე, ყურადღებით წაიკითხონ:

„ყურადსაღები და მნიშვნელოვანი პოსტი ტკივილგამაყუჩებლებზე:

არ არის ზერელე ინფორმაცია, შესაბამისად ყურადღებით რამდენჯერმე წაიკითხეთ და ყველას გაუზიარეთ!

ამ პოსტში აქცენტს გავაკეთებ არაოპიოიდურ ანალგეტიკებზე.

ტკივილგამაყუჩებლები დავყოთ სამ ჯგუფად:

1. პარაცეტამოლი

2. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასპირინი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი/ვოლტარენი, კეტოპროფენი, კეტოროლაკი, ტორადოლი, ნიმესილი, დექსალგინი, ნაპროქსენი, არკოქსია, ცელებრექსი, მელოქსიკამი, პიროქსიკამი)

3. მეტამიზოლი (ანალგინი, ნოვალგინი, ბარალგინი, სპაზმალგონი)

პარაცეტამოლს (1) და მეტამიზოლს (3) აქვთ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტები, თუმცა არცერთს არ აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ორივე ეფექტურია თავის, კუნთების, მუცლის და შინაგანი ორგანოების ტკივილისას, თუმცა მეტამიზოლი ბევრად ძლიერია, ვიდრე პარაცეტამოლი.

მეტამიზოლს (3) აქვს დამატებითი სპაზმოლიზური მოქმედება შინაგან ორგანოებზე, რაც კარგია სპაზმების დროს (კოლიკები, კენჭების გავლა, მუცლის მოვლითი ტკივილი), მაგრამ ნაკლებად კარგი დაბალი წნევის შემთხვევაში!

არასტეროიდებს (2) აქვს სამგვარი თვისება: ტკივილგამაყუჩებელი  ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი.
მათი მიღება, ლოგიკურია, ყველაზე ჭკვიანურია ანთებითი ტკივილის დროს (კბილის, სახარების, რევმატოიდული დაავადებების დროს). ისინი ასევე ათხელებენ სისხლს და ზრდიან შესაბამისად სისხლდენის რისკს, განსაკუთრებით ასპირინი და ნაპროქსენი და განსაკუთრებულად განსაკუთრებით კომბინაციაში სხვა სისხლის გამათხელებლებთან (პლავიქსი, ქსარელტო, ჰეპარინები).

ზოგადად, არასტეროიდების მიღება ასოცირდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანებასთან, ხანდახან სისხლდენებთან და ექსტრემალურ სიტუაციებში პერფორაციასთან. წყლულის წარმოქმნის რისკი იზრდება 5-ჯერ.

შესაბამისად თუ ხდება მათი ხანგრძლივი მიღება, უნდა დაიცვათ კუჭი პრაზოლებით (ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი)!!!

ზემოთ ხსენებული რისკი იზრდება 10-15ჯერ, თუ არასტეროიდებს ვიღებთ კორტიკოსტეროიდებთან - კორტიზონის პრეპარატებთან კომბინაციაში, მაგ. დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი, მედროლი...

არასტეროიდებს აქვთ გამოხატული კარდიოტოქსიურობა!

მათი უკვე ერთკვირიანი მიღების შემდეგ ორმაგდება გულის ინფარქტის რისკი.

შესაბამისად ფრთხილად უნდა მოხდეს მათი მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს პაციენტის ისტორიაში ან აწმყოში (არ ეხება ასპირინს).

კარდიოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება პარაცეტამოლი და მეტამიზოლი.

ასევე ოპიოიდები, ანუ მორფინის ჯგუფი. თუმცა მორფინი საქართველოში სამწუხაროდ მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებში გამოიყენება, ისიც ამპულის ფორმაში და პოლიციის ჩართულობით.

არ შეიძლება არასტეროიდების მიღება ორსულობაში, კატეგორიულად იკრძალება ბოლო სამ თვეში-ტრიმესტრში.
ალტერნატივა არის პარაცეტამოლი და ასევე არაფარმაკოლოგიური მეთოდები.

ასპირინი არ შეიძლება 15 წლის ასაკამდე ბავშვებში. ალტერნატივა არის პარაცეტამოლი და/ან იბუპროფენი.

პარაცეტამოლის ტოქსიკური დოზაა დღე-ღამეში 4 გრამი და მეტი, ანუ 8 აბი 500 მგ შემცველობით!!!!
ანალგინის ინექცია ძალიან საშიშია სახლის პირობებში, ვენაშიც და კუნთშიც! გთხოვთ, არასდროს არ ჩაიდინოთ ეს შეცდომა!

კლინიკაშიც უნდა მოხდეს ანალგინის ვენაში შეყვანა მხოლოდ გაზავებული ფორმით, გადასხმით მინიმუმ 250 მლ ხსნარში, რომ არ მოხდეს შოკი!

იშვიათ შემთხვევებში ანალგინს ახასიათებს აგრანულოციტოზი, ანუ ლეიკოციტების საშიში დაქვეითება.

ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში არ ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი ნემსები კუნთში, მით უმეტეს სახლის პირობებში. ეს არა მხოლოდ უაზრობაა, არამედ ძალიან სარისკო.

ჰოდა, ეგებ საქართველოც გადმოვიყვანოთ ამ მხრივ 21-ე საუკუნეში. მოკლედ, როგორც ხედავთ, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება საკმაოდ დიდ რისკებთან არის ასოცირებული და ცალკე ხელოვნებაა.

ის ფაქტი, რომ ისინი ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ურეცეპტოდ გაიცემა, არ მეტყველებს არანაირად მათ უსაფრთხოებაზე“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ უნდათ, შვილიშვილი გავზარდო, ჩემთან ჩამოიყვანონ“ - რას ჰყვება ნინო ჩხეიძე

🎥 ვის მივმართოთ თუ დამსაქმებელი ჩვენს უფლებებს არღვევს - დამატებითი სამუშაო საათების დავალდებულება და მუშაობის კანონით განსაზღვრული დრო

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა