Digest Logo

„იესოს სახება და სახელი მსჭვალავს მთელ არსებობას...“ - გია მურღულია შობის დღესასწაულზე

1767704326
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც შობის მნიშვნელობაზე წერს და ამ დღეს წასაკითხ ლოცვას გვიზიარებს:

„ბეთლემი ამ სამყაროში ყველაზე თბილი და სიყვარულიანი ადგილია - იქ იესო დაიბადა.
თუმცა ღმერთმა თვითშეზღუდვა არ იცის - დღეს და ყოველთვის თითოეული ქრისტიანის გული ბეთლემია.
ჩემი ორი „საღამო ლექსი“ მინდა გავიხსენო დღეს:

შ ო ბ ი ს წ ი ნ

არ ეშინია ამ სანთელს ქარის,
ის არასოდეს არ წყვეტს ნათებას,
ბეთლემი ახლა ჩემს გულშიც არის
და იქ იესო დაიბადება.
მეც დამანაყრებს თევზით და პურით,
მთით დამიამებს სოფლის წვალებას
და სიყვარულით - მძლეველით შურის -
თაბორს მაჩვენებს ფერისცვალებას.
თუმცა გოლგოთის ცეცხლის მწვავს ხარკი,
სხეულზე თითო სამჭვალიც მტკივა,
ჩემი გულიდან ის ავაზაკი
მაინც სამოთხის კარამდე მივა.

ლ ო ც ვ ა

მზე ულოცა მეკვლემ ბერსა
ოცდახუთსა დეკემბერსა.
კნინდებოდა ბევრი ლოცვა,
ლოცულობდა ბერი როცა.
უღიმოდა ვარდი ეკლებს -
ქრისტეს სახე ჰქონდა მეკვლეს.
მთელი წუთისოფლის მნათი
ამშვენებდა კედელს ხატი.
შესცქეროდა ქრისტეს ქრისტე,
სული მიფრინავდა ცისკენ.
როდესაც იესო წუთისოფელს ესტუმრა, მარადიული დროში შემოვიდა და, რუსთველის არ იყოს, "უჟამო ჟამად" იქცა.
მაშინ ყველაზე ცხადად დაიბადა ის ადამიანის სულში.
ის დაბადება ყველა სხვას, ერთად აღებულს, დიდად და საბოლოოდ აღემატება.
მაშინ გაჩნდა ჩვენს არსებაში ძალაც, იმედიც, ბედნიერებაც, ღირსების შეგრძნებაც (მან ჩვენთვის გადადო თავი!), ცხოვრების სინათლეც და არსებობის სიხარულიც.

„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“ - ახლაც გალობენ ანგელოზები ცასა და ადამიანები მიწაზე.
და ეს არასდროს დასრულდება - მაშინაც კი, როდესაც სამყარო აღარ იქნება.

იესოს სახება და სახელი მსჭვალავს მთელ არსებობას.
შობას გილოცავთ, მეგობრებო!

დაე, ამ უბრწყინვალესი დღის სინათლე ანათებდეს სამყაროს, ჩვენს საქართველოს და თითოეული თქვენგანის ცხოვრებას“, - წერს გია მურღულია.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 ანასტასია ბენდუქიძე ახალი წლის აღნიშვნაზე: „ახალი წელი ჩემთვის მატყუარა ღონისძიებაა“

🎥 ნინა ხომერიკი 2026 წლის პროგნოზზე: აქ აღარ არის „მე ვიმსახურებ“, აქ იქნება „უნდა დაიმსახურო“

⭕ „მეკვლემ უნდა შემოიტანოს ლიმონი, მანდარინი, ბროწეული და ტკბილეული, ყველაფერი თითო“ - როგორ გავხდეთ სასურველი მეკვლე, მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია