დღეს, 19 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ხონაში აღსრულებული სასწაულის ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლებით, IV საუკუნეში მომხდარი ეს მოვლენა ბოროტებაზე სიკეთისა და რწმენის ძალის გამარჯვების სიმბოლოა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე აქვეყნებს:
მთავარანგელოზი მიქაელი - დღეს სწორედ მისი ხსენების დღეა!
მოდი, კარგად მიმოვიხილოთ მის შესახებ ცნობებს და გავიგოთ თუ ვისთან და რა სახის ძალმოსილებასთან გვაქვს საქმე:
დღევანდელ დღეს, უწინ ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (გახლავთ სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი. მის სიახლოვეს კი მაკურნებელი წყარო ამოდიოდა.
იმხანად ცხოვრობდა ერთი ყრუ-მუნჯი გოგონა, ხოლო მის მშობლებს მთავარანგელოზი გამოეცხადა და უთხრათ, რომ მათი ასული განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. ასეც მოხდა, გოგონა სრულიად განიკურნა და მის შემდეგაც მრავალი სენით შეპყრობილი მიდიოდა წყაროსთან და ბევრი ჯანმრთელდებოდა.
60 წლის განმავლობაში მსახურობდა მის ტაძარში მნათედ კეთილმსახური არქიპო. მადლმოსილი საქმით და ღვთივსათნო ცხოვრებით უამრავი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამ ამბის შემყურე გაშმაგებული წარმართები საბოლოოდ შეჯერდნენ ტაძრის დანგრევასა და არქიპოს მოკვლაზე.
ორი მთის მდინარე შეაერთეს და მათი კალაპოტი ტაძრისკენ მიმართეს. არქიპომ მხურვალედ შესთხოვა ღმერთს და მთავარანგელოზ მიქაელს შველა და მართლაც მისი ლოცვის საპასუხოდ ზეციურმა მხედარმთავარმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს შეუცვალა მიმართულება.
ამ ამბის შემყურე წარმართები დაიფანტნენ, ხოლო ტაძარს შემოკრებილი ქრისტიანები ადიდებდნენ უფალს.
მთავარანგელოზ მიქაელის სახელი ითარგმნება, როგორც „რომელიც ვითარცა ღმერთი“. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის წიგნში საოცრადაა აღწერილი - „ებრაელებმა მაცხოვარი უწყლოდ რომ აცვეს ჯვარს, მთავარანგელოზი მიქაელი ისე შეძრწუნდა, რომ მისი მწუხარებისგან ცა და ქვეყანა განკრთა.
ოდეს მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით, მთავარანგელოზმა მიქაელმა გადააგორა უფლის საფლავის ქვა და ახარა მენელსაცხებლე დედად.
მანვე შეაჩერა სატანა და წაართვა ყოველივე, რაც გააჩნდა! ღმერთმა მიმადლა მთავარანგელოზ მიქაელს დიდი ძალა და დართო ნება თვით ჯოჯოხეთის ტანჯვაში მყოფი სულების გადარჩენისა: უფალმა მიანიჭა მას ციურ ძალთა წინამძღოლობა და არის ხალხური, ასევე აპოკრიფული გადმოცემაც, რომ მას ღმერთმა მისცა უფლება ყოველი წლის 6 და ახალი სტილით 19 სექტემბერს ქერუბიმთა და სერაფიმთა ნავით, ანგელოსთა და წმინდანთა თანხლებით, მიუახლოვდეს განწირულთა სულებს. ამ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს იგი მუხლმოდრეკილი და პირქვედამხობილი ლოცულობს ტანჯული სულებისათვს მანამ, ვიდრე ღმერთი არ შეიწყალებს ადამიანებსა და ყოველივე სულიერს დედამიწაზე.
მთავარანგელოზ მიქაელს მოუხმობენ ნებისმიერი გასაჭირის დროს, თუ ეს ბრძოლა პირდაპირ ეშმაკის წინააღმდეგაა მიმართული.
ხატებზე გამოსახულია ჯავშნითა და ღვთიური მადლით. იგი ფეხებით თრგუნავს დემონს! მარცხენა ხელში ზეთისხილის რტო ან სამკუთხა ფარი უჭირავს, მარჯვენაში კი შუბი ან ცეცხლოვანი მახვილი.
ასე რომ მთავარანგელოზი მიქაელი ჭეშმარიტად ერთადერთი უფლის, იესო ქრისტეს ზეციური მხედარია და სხვა ალტერანტიულ აზრებს ნუ მოუსმენთ, რაც უარგუმენტო ლოგიკითაა გაჯერებული!
გილოცავთ და ყველას გიმფარველოთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: