საკუთარი სურვილებისა და ოცნებების იგნორირება სხვების სიამოვნების გამო – ეს არის საკუთარი თავის ღალატი, რომელიც ადრე თუ გვიან ფსიქოსომატურ პრობლემებსა და სიბერეში აუტანელ სინანულამდე მიდის.
რატომ არ უნდა ვცადოთ ყველასთვის მოწონება და როგორ გვახსენებს გარდაუვალი ფინალი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების აუცილებლობას? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სავსებით მისაღები და ნორმალურია, იცხოვრო შენი ცხოვრება ისე, რომ ეს სხვებს და, მით უმეტეს ყველას, არ ესმოდეთ ან არ მოსწონდეთ.
მარტივი წინადადებაა, თუმცა უამრავი ადამიანი ზუსტად ამას ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზების გამო.
შენ თუ შეეცდები, ყველას მოსწონდე და ამისთვის კიდეც გაირჯები, ზუსტად აქ ემშვიდობები შენს თავს, ღალატობ შენს პიროვნებას და, ამ გვერდის თემატიკაში რომ დავრჩეთ, აუცილებლად ავადდები რაღაც პერიოდის მერე რაღაც ფორმით.
საკუთარი თავის ღალატს, რაც რეალურად ბუნების წინააღმდეგ გალაშქრებას უტოლდება, საკუთარივე თავი არასდროს გვპატიობს.
ამის ყველაზე მწარე და დაუნდობელი მაგალითი მახრჩობელა სინანულია ასაკში, რომ არ გიცხოვრია შენი ცხოვრებით, შენი სურვილებით, გეგმებით, ოცნებებით.
ეს კი ალბათ ყველაზე აუტანელი, გაუსაძლისი შემეცნება უნდა იყოს, ასე წარმომიდგენია.
ჰოდა, ერთად გავიმეოროთ:
სავსებით მისაღები და ნორმალურია, იცხოვრო შენი ცხოვრება ისე, რომ ეს სხვებს არ ესმოდეთ თუ არ მოსწონდეთ.გავა ეს შენი სიცოცხლის წლები და მოკვდები ერთ დღეს.
3 დღე იქნებით შენ და შენი კუბო ყურადღების ცენტრში.
ქელეხის მეორე დილას, საუზმეზე, უმეტესობას უკვე რუტინა ჩაითრევს - სამსახური, ვალები, ტკივილები, დარდები…
ერთ კვირაში შენზე მხოლოდ ყველაზე ახლობლები ისაუბრებენ და მათზე არ მაქვს საუბარი.
საუბარი მაქვს იმ ვიღაცებზე, ვის გამოც შენ შენი ცხოვრება არ იცხოვრე და შენი სიკვდილის ერთი კვირის თავზე შენ აღარ თამაშობ როლს მათ ცხოვრებაში“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგად მუშაობს თვითპროგრამირების პრაქტიკები...“ - 19 სექტემბრის ენერგიები
⭕როცა სტილი და სექსუალურობა ერთიანდება: ალექსანდრა პაიჭაძის მორიგი ეფექტური გამოჩენა