ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და საქართველოსთან დაკავშირებულ პოსტს აქვეყნებს:
„საქართველო არის სივრცე ქართველთა სიცოცხლისა და განვითარებისათვის.
ეს ქვეყანა და სახელმწიფო ისტორიულად ჩვენ შევქმენით.
აქ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, აქ ვქმნიდით და ვქმნით ჩვენს ყოფას, ტრადიციებსა და კულტურას, აქ ვიმარჯვებდით და ვმარცხდებოდით, აქ გვიყვარდა და გვძულდა, აქ ვიცინოდით და ვტიროდით.
გზადაგზა ბევრი მიწა და ადამიანი დავკარგეთ.
სიბრძნეც მოგვდგამდა და სიშლეგეც, გონივრულადაც მოვქცეულვართ და საბედისწერო შეცდომებიც დაგვიშვია - როგორც ყველა ხალხს.
აქ ვასწავლით შვილებს, როგორ გადარჩნენ ამ უსწორმასწორო წუთისოფელში, როგორ იცხოვრონ თავისუფლად, ღირსეულად, სიყვარულით და მშვიდობიანად - უსაფრთხოდ.
ათასწლეულებმა გამოგვცადეს.
ფიქრითაც გვებრძოდნენ, ნებითაც და ხმლითაც. რითაც შეგვეძლო, თავი დავიცავით.
როცა შეგვეძლო, ჩვენც ვიხდენდით ძალმოსილებას.
ისტორიას თამაში არ უყვარს - ის რეალისტია და ვარდისფერი სათვალე დიდი ხნის წინ დაამსხვრია.
თუ გინდა იყო, უნდა გაუძლო.
რომ გაუძლო, უნდა იცოდე.
რომ იცოდე, უნდა ისწავლო.
უწინარეს ყოვლისა კი ის უნდა ისწავლო, რისთვის იცხოვრო.
მიზნის გააზრების გარეშე, მასზე ფიქრისა და მისთვის გარჯის გარეშე ისტორიის მიღმა რჩებიან.
სკოლამ ბავშვებს ეს უნდა ასწავლოს - ძალისხმევის გაერთიანება საერთო თუ პიროვნული გადარჩენისა და მომავლისთვის.
იგრძენი, რა სივრცეა საქართველო - უამისოდ ვერ შეიცნობ, ვინ არის ქართველი.
ქართველს თავისი სივრცე და დრო აქვს.
მისი სივრცე კულტურული სამყაროა, მისი დრო - კულტურული მარადისობა.
მხოლოდ ასეთ ხედვას აქვს ჩვენთვის აზრი.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქცევა ქართველთა სივრცე (სა - ქართველო) სხვებისთვისაც ბედნიერების ადგილად.
ასეთი სივრცის შექმნა ყველა ჩვენგანის ვალია.
ეს ვალი ჩვენმა აზროვნებამ, ჩვენმა ღირსებამ, ჩვენმა ხელოვნებამ, ჩვენმა კულტურამ, მთელმა ჩვენმა ისტორიამ დაბადა.
მას ჩვენი შვილთაშვილებიც გადაიხდიან... თუ ყურს დავუგდებთ იმას, რასაც ქართველთა სიბრძნე და პასუხისმგებლობა გვასწავლის.
ხსნა განათლებაშია.
განათლება კი - გულსა და გონებაში“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა - დეტალები
⭕როგორი ამინდი იქნება 27 ივლისს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით