ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია გამოეხმაურა.
„დასანანია ბატონი ნოდარ ნათაძის გარდაცვალება. მას არაერთი დამსახურება მიუძღვის ქვეყნის წინაშე, როგორც კულტურის მოღვაწეს და სახელმწიფო კაცს. მავანისგან განსხვავებით, ბ-ნ ნოდარს იმის შნო და ვაჟკაცობაც ჰქონდა, მის მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი კრიტიკულად და სინანულით შეეფასებინა. ჩემი პოზიციაა ეს და არამარტო - ცოტნეც ასე ხედავდა, როდესაც შეაფასა. ღმერთმა შეუნდოს და გაანათლოს.
2015 წელი, ნოდარ ნათაძე პრეზიდენტს უკან უბრუნებს ჯილდოს. ჩემი კომენტარი: პოლიტიკოსისთვის ყოველთვის კარგია თვითკმაყოფილების ნაცვლად საკუთარი განვლილი გზის კრიტიკული განხილვა. ნოდარ ნათაძე დადებითად აფასებს მხოლოდ 1990-1991 წლების პარლამენტის მუშაობას და მიღებულ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება 1992 წლის შემდგომ პარლამენტებს, იგი ამბობს: პარლამენტის მუშაობა გუნდურია, თუკი მე ორ გოლსაც გავიტან, მაგრამ გუნდი წააგებს, მეც წაგებული ვარო. მე დიდ ამბად მიმაჩნიაო, რომ მონაწილეობა მივიღე ოთხი საკანონმდებლო აქტის გაფორმებაშიო, და ესენია: 1. საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნად ცნობა 2. სამხრეთ ოსეთის უკანონოდ შექმნილი ავტონომიური ოლქის გაუქმება 3. რეფერენდუმის დანიშვნა დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე. 4. საქართველოს დამოუკიდებელობის დეკლარაციის მიღება 1991 წლის 9 აპრილს. მოკლედ რომ გითხრათ, ეთიკურობის მხრივ თუ შევხედავთ, საინტერესო პოზიციაა“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.
ასევე დაგაინტერესებთ👇